პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობოების პროექტს და მათ "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებს.
როგორც პრემიერმა ახალციხეში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა, დემოკრატიული ქვეყნებში აპრობირებულა, რომ "გასაღებს" ფლობს შსს და "ექსპერიმენტების უფლებას არავის მისცემს".
"ეს უკვე გახდა პოლიტიკური საკითხი, თუმცა არის საკითხები, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო საიდუმლოება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება ისეთი სენსიტიური საკითხებია, რომელზეც ყველას ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს. და მე პირადად, როგორც პრემიერ-მინისტრს, მავალდებულებს, რომ ეს საკითხი გადავწყვიტო გუნდთან, უმრავლესობასთან ერთად, ზედმიწევნით ყურადღებით.
ჩვენ არ გვაქვს ექსპერიმენტების ჩატარების უფლება, რადგან ეს საკითხი გახდა დიდი სპეკულაციის და მსჯელობის საგანი. ძალიან მარტივად არის სიტუაცია რეალურად. მსოფლიო, დემოკრატიული, ცივილიზებული სამყარო მოსმენების საკითხის რამდენიმე მოწყობას იცნობს - პირველი ეს არის, როცა ე.წ გასაღები არის მობილური ოპერატორების ხელში, მეორე - შსს-ს ხელში, მაგრამ აქვს გარე კონტროლი. რაც შეეხება საქართველოს რეალობას. რა თქმა უნდა, მობილურ ოპერატორებთან ვერ და არ დარჩება, მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ვინაიდან, მობილური ოპერატორები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას და მეორე, ამ კომპანიების უკან დგანან უცხო სახელმწიფოები. ეს არის დაუწერელი კანონი და ეს არის ჩვენი ვალდებულება - ჩვენ არ გვაქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო საიდუმლოება გადავცეთ უცხო ქვეყანას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. გვრჩება მეორე ვარიანტი, რაც აპრობირებულია ცივილიზებულ ქვეყნებში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელში უნდა იყოს გასაღები, მაგრამ მას უნდა დავუწესოთ ეფექტური კონტროლი. ეს არის ვარიანტი, რომელიც შემუშავებულია ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ და ეს არის ოპტიმალური გამოსავალი. მე მას მხარს ვუჭერ, როგორც კოალიციის ლიდერი და მოვწოდებ დეპუტატებს, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ამ საკითხს. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს მთავრობას, მთავრობას არ სჭირდება ამ გასაღების ფლობა, ეს სჭირდება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთოებას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას. ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის დროს მიდგომა იყო ასეთი, რომ ჩვენ არ ვნერგავთ ისეთ რეფორმებს, რომლებიც აპრობირებული არ არის ორ ან სამ თანამედროვე, ცივილიზებულ ევროპულ ქვეყანაში. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ე.წ ორი გასაღების პრინციპია - ერთია სასამართლოს ხელში, როგორც არასამთავრობოები გვთავაზობენ და მეორე - მობილური ოპერატორების ხელში. ეს არის კატასტროფა , ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ყველა პატრიოტი, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანი. ამას გეგმავენ "ნაციონალები", იყენებენ თავის არასამთავრობოებს. დღეს ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფოსთან ამგვარი მოპყრობა არავის გაუვა. ამავდროულად, ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალე და მოწოდებული ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. პრინციპულად მინდა განვაცხადო, ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს, გავაკეთებთ იმას, რაც აპრობირებულია ევროპულ სახელმწიფოებში. არ ვიცი, რატომ ვართ ჩვენ, საქართველო იმაზე მეტად დემოკრატიული, ვიდრე არის საფრანგეთი ან პოლონეთი, ჩეხეთი, ისრაელი ან ამერიკა - ამ პროექტის ავტორებმა, ნებისმიერმა ჭკუადმყოფელმა, დამისახელონ, აიღონ პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და მოსახლეობის წინაშე.
ეს ყველაფერი ყოვლად მიუღებელია. მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის უნდა იყოს, რომ სახელმწიფო გავაძლიეროთ და არ დავასუსტოთ. მანამ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვარ, არავის მივცემ უფლებას, ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე, ეს გამორიცხულია. ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მორგებულია ჩვენს რეალობაზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.