თავდაცვის მაღალჩინოსნების ადვოკატებს საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვების უფლების მიღება შეუძლიათ

თავდაცვის მაღალჩინოსნების ადვოკატებს საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვების უფლების მიღება შეუძლიათ

თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს, შესაძლებლობა აქვთ, საიდუმლო დოკუმენტებზე დაშვების უფლების მისაღებად კონტრდაზვერვის დეპარტამენტს საადვოკატო ბიუროს სახელით მიმართონ, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ "პალიტრა ტვ"-ს ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ადვოკატების არგუმენტი, რომ კონტრდაზვერვისთვის მიმართვა ფიზიკურ პირს (ადვოკატს) არ შეუძლია, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან საადვოკატო ბიუროები სამართლებრივად წარმოადგენენ იურიდიულ პირებს და ბიუროს სახელით შეუძლიათ მიმართვის გაკეთება.

"იურიდიული პირი იღებს დაშვებას დოკუმენტებზე. იურიდიული პირი შემდეგ წარადგენს შესაბამის სიას თავისი თანამშრომლების, რომლებზეც სურს დაშვება მიიღოს და ადვოკატებზე ხდება ამ დაშვების გაცემა. ასე ხდება პრაქტიკაში", - განმარტა შოთაძემ.

მთავარი პროკურორის მოადგილე გამოეხმაურა ასევე ადვოკატების განცხადებას, რომ დამცველებისთვის საიდუმლო მასალის გაცნობაზე პროკურატურის შეთავაზება კანონშეუსაბამოა, ხოლო კოდექსით მასალების გაცვლა ანუ გადაცემაა გათვალისწინებული.

"იმაზე მითითება, რომ რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ წერია, საქართველოს პროკურატურას შეუძლია აიღოს და სამხედრო უსაფრთხოების შესახებ დაცული ინფორმაცია გაასაჯაროოს, ეს უმეცრებაა. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სხვა კანონები ერთობლიობაში ქმნიან საკანონმდებლო ბაზას. რაც საპროცესო კოდექსში არ არის განმარტებული, ის რეგულირდება სხვა საკანონმდებლო აქტით. ამ შემთხვევაში, რადგან საპროცესო კოდექსში არ წერია, რა ბედი ეწევა საიდუმლო დოკუმენტებს, რომელიც დაცულია აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე, არის მეორე კანონი - სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ 21-ე მუხლში წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს, იურიდიულ პირს, საიდუმლო დაშვება შეიძლება მიეცეს ან საიდუმლოთი დაცული დოკუმენტი შეიძლება გადაეცეს, მხოლოდ შსს-ს კონტრდაზვერვის მიერ გაცემული ნებართვის შემთხვევაში", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.