საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის კახა ბექაურის აზრით, თუ საჭიროა დამატებითი გასაღების არსებობა, იგი არა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არამედ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა ჰქონდეს.
ამის შესახებ ბექაურმა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის იმ ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას უნდა ჰქონდეს.
"ჩვენ რამდენადაც გვესმის და როგორც იყო გავრცელებული ინფორმაცია, კანონში ცვლილებები ემსახურება პირადი და პერსონალური მონაცემების დაცვას. ჩვენი ფუნქცია, რომელიც განისაზღვრება საქართველოს სხვადასხვა კანონებით, არ არის პერსონალური და პირადი მონაცემების დაცვა. არც ერთი კანონი ამ ფუნქციას არ გვაკისრებს. ჩვენი საქმე არ არის განსჯა, ვის უნდა ჰქონდეს "გასაღები" და ვის – არა, მაგრამ თუ საუბარია ფუნქციებზე, უკვე არსებობს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ და, შესაბამისად, ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციას ავალებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ანუ, თუ მაინც და მაინც დამატებითი გასაღები უნდა არსებობდეს და ჰქონდეს სახელმწიფო სტრუქტურას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვისი ფუნქციაც არის, იმას უნდა ჰქონდეს გასაღები – ეს არის პერსონალური დაცვის ინსპექტორის ფუნქცია", - განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზად არ არის ამ ფუნქციის აღებისთვის. "აქ არის ტექნიკური ასპექტი დამატებით, რომელიც ძალიან რთული საკითხია. თქვენ იცით, რომ მობილურმა კომპანიებმა გააკეთეს განცხადება, რომ ძალიან რთულია ტექნიკურად იმის გაკეთება, რაც კანონის პირველი ჩანაწერით ევალებოდათ მათ, ანუ მონაცემების შენახვა ორი წლის ვადით, იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი ტექნიკური აღჭურვა და ფინანსები სჭირდება. შესაბამისად, ისინი თუ არ არიან მზად ტექნიკურად, ბუნებრივია, ვერც ერთ სხვა უწყებას, რომელიც მზად არ არის ამისთვის, მათ შორის, ვერც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ამ თვალსაზრისით მზაობა ვერ ექნება", - განაცხადა კახა ბექაურმა.
პარლამენტში რეგისტრირებულია ორი კანონპროექტი. ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. აქედან ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადადის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ხმალაძის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კი კანონმდებლებს "გასაღების" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობს.