სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის კახა კახიშვილის შეთავაზებას, #8-ე დაწესებულებაში ერთად ვიზიტთან დაკავშირებით , არ იღებს.
როგორც უჩა ნანუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, იგი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან ერთად სასჯელაღსრულების #8-ე დაწესებულებაში ვიზიტს.
"სახალხო დამცველის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ აღნიშნულ დაწესებულებაში, მათ შორის დღესაც. არ მიმაჩნია მიზანშეწონილად მინისტრთან ან მინისტრის მოადგილესთან ერთად შევიდე #8-ე დაწესებულებაში. თუკი ამის საჭიროება იქნება, თვითონ გადავწყვეტ ვიზიტს. ჩვენ სასჯელაღსრულების აღნიშნული დაწესებულებიდან ყოველდღიურად ვიღებთ ინფორმაციას", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მან უპასუხა კახა კახიშვილის მიერ გამოთქმულ საყვედურს, რომ სახალხო დამცველმა სამინისტროს პატიმართა შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა. ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატმა ინფორმაცია გაუგზავნა პროკურატურას. რაც შეეხება 12 ნოემბერს მომხდარი შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის 19 ნოემბერს გახმაურებას, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, იქიდან გამომდინარე მოხდა, რომ ომბუდსმენის წარმომადგენლები მე-8 დაწესებულებაში რამდენჯერმე მივიდნენ ოფიციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით თავად მსჯავრდებულებთან. შემდეგ კი როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, არასამუშაო დღეები დაემთხვა, ამის შემდეგ კი პირველივე სამუშაო დღეს, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა პროკურატურას გაუგზავნა მის ხელთ არსებული მასალები და პარალელურად მოახდინა ინფორმაციის გასაჯაროება.