საქართველოს მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საქართველოში ევროკავშირის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იანოშ ჰერმანს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ევროკავშირის წარმომადგენელი დაინტერესდა მთავარი პროკურორის ხედვებით და, ზოგადად, საქართველოს პროკურატურის განვითარების სტრატეგიით.
მხარეებმა ადამიანის უფლებებზე და სამართლიანობისა და კანონის უზენაესობაზე ისაუბრეს. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პროკურატურასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობაზე. ასევე შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირის ხელშეწყობით სამომავლოდ, პროკურატურის თანამშრომლების გადამზადების მიზნით ტრენინგები დაიგეგმება.
შეხვედრას ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე და პროექტის "ადამიანის უფლებები და ეფექტური მმართველობა" მენეჯერი ევა პასტრანა ესწრებოდნენ.