როგორც არ უნდა ვენდობოდეთ შსს-ს, მისი კონტროლი აუცილებელია

როგორც არ უნდა ვენდობოდეთ შსს-ს, მისი კონტროლი აუცილებელია

როგორც არ უნდა ვენდობოდეთ შს სამინისტროს, მისი კონტროლი აუცილებელია, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკი მხარს უჭერს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პროექტს და ირწმუნება, რომ შს სამინისტროს კონტროლს ფარული მოსმენების პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინსტიტუტი უზრუნველყოფს.

ვოლსკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. გასაღები არც მარეგულირებელი კომისიის, არც კერძო პროვაიდერი კომპანიებისა და არც სასამართლოს ხელში არ უნდა იყოს. დეპუტატის თქმით, მათ ამის სურვილი არ გააჩნიათ და არც ასეთი ვალდებულება შეიძლება დაეკისროთ.

"არსებული საკითხი ქაოსისგან და სრული განუკითხაობისგან ახალ ეტაპზე გადადის. გვექნება სისტემა, რომელიც არსებობს წამყვან ქვეყნებში, სადაც შს სამინისტროს აქვს სერიოზული პასუხისმგებლობა. ასევე სერიოზული პასუხისმგებლობა აქვს სასამართლოს და პროცესში ჩართული იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, რომელიც აღიჭურვება საჭირო ფინანსური და ტექნიკური რესურსით", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი იმასაც ამბობს, რომ არც ერთი ლოგიკით პრეზიდენტმა ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო პროექტს დამტკიცების შემთხვევაში ვეტო არ უნდა დაადოს.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია მომზადებული. კერძოდ, დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

რაც შეეხება დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს, ამ პროექტის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის.

ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს.