რიჩარდ ნორლანდი სოფელ კოდაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში იმყოფებოდა

რიჩარდ ნორლანდი სოფელ კოდაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში იმყოფებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დღეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში, "კოდის სათემო განათლების ცენტრს" ესტუმრა.

რიჩარდ ნორლანდი "კოდის სათემო განათლების ცენტრში" "არტ-კოდას" თექისა და მინანქრის, ასევე, სხვა სახელოსნოების ფუნქციონირებას გაეცნო და ადგილზე დასაქმებული დევნილების ნამუშევრებიც შეიძინა. მოგვიანებით კი კულტურის ცენტრში ამერიკული ჯგუფის "ტუმბლინგ ბონეს"-ის მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.

"ჩვენ ვიმყოფებით კოდაში და კიდევ ერთხელ ვახსენებთ ჩვენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი წლების წინ იყო, ისევ რჩებიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იძულებით გადაადგილებულები არიან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ცდილობს ხელი შეუწყოს იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომ მათ იცხოვრონ კომფორტულად, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ პრობლემების გადაჭრაზე, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე. ძალზედ შთამბეჭდავია ის ხარისხი პროგრამებისა და პროექტებისა, რომელიც ჩვენ ,,კოდის სათემო განათლების ცენტრში" ვიხილეთ, სადაც ხდება ადგილობრივებისთვის პროგრამების წარმართვა და მათ მიერ სხვადასხვა ტექნოლოგიების დაუფლება. აქვე შეიძლება ამ ნაწარმის შეძენაც. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საელჩოს მეშვეობით აქ მომუშავე გუნდს ხელი შევუწყოთ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.

"კოდის სათემო განათლების ცენტრი" 2010 წელს "DVV ინტერნატიონალ"-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა და დღემდე ეფექტურად ფუნქციონირებს. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით, ხორციელდება პროექტი "შენი სიცოცხლე, შენი ჯანმრთელობა, წარმართე იგი სწორად". აღნიშნული პროექტი "კოდის სათემო განათლების ცენტრის" ინიციატივაა და მას პარტნიორობას "მშვიდობის კორპუსი" უწევს.