ადვოკატმა პროკურატურას საქმის მასალების გადაცემა კიდევ ერთხელ მოსთხოვა

ადვოკატმა პროკურატურას საქმის მასალების გადაცემა კიდევ ერთხელ მოსთხოვა

თავდაცვის სამინისტროს დაკავებული თანამშრომლების ადვოკატმა ლევან სამუშიამ მთავარ პროკურატურას საქმის მასალების დაცვის მხარისთვის გადაცემა კიდევ ერთხელ მოსთხოვა.

მოთხოვნის წერილი სამუშიამ მთავარ პროკურატურაში დღეს შეიტანა.

"დღეს, კიდევ ერთხელ შევიტანე პროკურატურაში მოთხოვნა, მივუთითე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის მუხლები, რის საფუძველზეც ვითხოვთ მასალების გადმოცემას. იმედი გვაქვს, მასალებს გადმოგვცემენ, თუ არადა მუხლს მაინც მიგვითითებენ, რატომ არ გადმოგვცემენ. ასეთი მუხლი არ არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის საფუძველზეც უარი შეიძლება გვითხრან მასალების გადმოცემაზე", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.