"რასაც თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საქმეებზე ვხედავთ, ჯანსაღი პროცესი არ არის"

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა.

გიგაურის თქმით, საერთო ჯამში მას შთაბეჭდილება ექმნება, რომ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული საქმის  მასალები საიდუმლოა  და მიუხედავად ამისა, საქმის დეტალებზე ყველა საუბრობს.

„ერთადერთი, ვინც საქმის მასალებს არ იცნობს, ადვოკატები არიან, რაც სიტუაციას აბსურდულს ხდის. თუკი მთავრობის მიდგომაა, რომ ამ პროცესთან დაკავშირებით კითხვები არ დარჩეს, ალბათ, იმ მასალების განსაჯაროება მაინც უნდა მოხდეს, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე გავლენას არ მოახდენს. ეს ამდენი ხნის სალაპარაკო არ უნდა გამხდარიყო. ვხედავთ, რომ სამართალდაცავი უწყებები არ არიან მომართულნი, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცენ. ისმის ძალიან ბევრი პოლიტიკური განცხადება, რომელმაც სავარაუდოდ, შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც პროკურატურაზე, ასევე სასამართლოზე. საერთო ჯამში, რასაც ჩვენ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ საქმეებზე ვხედავთ, არ არის ჯანსაღი პროცესი. ვფიქრობთ, რაც დრო გადის უფრო მეტი კითხვის ნიშნები  ჩნდება“,- განაცხადა გიგაურმა.

მისივე აზრით, აღნიშნული სიტუაციიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება, რომ  საქმის მასალები გასაჯაროვდეს და სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, აღნიშნულ საკითხზე  ნაკლები პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს.

ამასთან, გიგაურმა აღნიშნა, რომ არც ის გამოირიცხება თავდაცვის სამინისტროში ვიღაც დამნაშავე იყოს და არც ის, რომ ამ საქმეში აქ პოლიტიკური მოტივაცია არსებობდეს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. კაბელების საქმის გაცნობის საშუალების არქონის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურამ სიცრუე უწოდა. როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ადვოკატებს სარგებლობაში გადაეცემათ ოთახები, საქმის მასალებით, სადაც მათ სრული თავისუფლება ექნებათ მასალებს გაეცნონ და შეუზღუდავ რეჟიმში იმუშავონ.