ზაქარია ქუცნაშვილი - რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომისმენს უკანონოდ – შსს, კერძო კომპანია თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები

ზაქარია ქუცნაშვილი - რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომისმენს უკანონოდ – შსს, კერძო კომპანია თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები

რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომისმენს უკანონოდ – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სტრუქტურა, კერძო კომპანია თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები , - ასე აფასებს ფარულ მოსმენებზე წვდომის "გასაღების" საკითხზე პარლამენტში წარდგენილ პროექტებს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელსაც ამ დროისთვის გადაწყვეტილი არა აქვს საკითხის კენჭისყრაზე გატანისას რომელ ვარიანტს დაუჭერს მხარს. 

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საკითხის განხილვისას აქცენტი არ კეთდება მთავარზე – ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმის ჩამოყალიბებაზე, რომლითაც უკანონო მოსმენის შესაძლებლობა უნდა გამოირიცხოს.

"ჩვენ დრო იმაზე კი არ უნდა ვხარჯოთ, თუ ვის ხელში იქნება ე.წ. გასაღები, არამედ მსჯელობის საგანი უნდა იყოს ის, რომ ვის ხელშიც არ უნდა იყოს "გასაღები", ფარულ მოსმენებზე ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომისმენს უკანონოდ – შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სტრუქტურა, კერძო კომპანია, თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და შემდეგ რომელი მათგანი გამოაქვეყნებს უკანონო მოსმენის შედეგად მოპოვებულ მასალას რომელიმე სოცილურ ქსელში?" - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ქუცნაშვილმა, რომლის შეფასებითაც, პარლამენტში წარდგენილი პროექტები ამ გამოწვევას ვერ პასუხობს. 

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ერთიან კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა. პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს და აქედან ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში გადადის. 

რიგით მეორე კანონპროექტს პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე დაარეგისტრირებს, რომელიც კანონმდებლებს "გასაღების" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობს. არ არის გამორიცხული პარლამენტს მესამე კანონპროექტად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადება წარედგინოს, რომლის მიხედვით, ამოქმედდება ორგასაღებიანი სისტემა და ერთი "გასაღები" - სასამართლოს, მეორე კი, მობილურ კომპანიებს ექნებათ.