შალვა შავგულიძის აზრით,

შალვა შავგულიძის აზრით, "თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვახტანგ ხმალაძის მომზადებულ პროექტს დაუჭერენ

დეპუტატი შალვა შავგულიძის ინფორმაციით, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" მხარს ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პროექტს დაუჭერს. 
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას შავგულიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ფარულ მოსმენებზე წვდომის გასაღები შს სამინისტროდან გავიდეს, რასაც მისი თქმით, ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი ითვალისწინებს. 

შალვა შავგულიძის შეფასებით, თუკი პრეზიდენტი თანმიმდევრულია საკუთარ გადაწყვეტილებასა და ხედვაში ფარულ მოსმენებზე წვდომის საკითხებთან დაკავშირებით, მან ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. 

შავგულიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მხარდაჭერილია მთავრობის მხრიდან და მასში ასახულია ის მიდგომა, რაც გააჩნია შს სამინისტროს. 

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია მომზადებული. კერძოდ, დეპუტატების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, შემოდის ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომლიდანაც ერთი გასაღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, მეორე კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება. 

რაც შეეხება დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს, ამ პროექტის თანახმად, ფარული მოსმენების "გასაღები" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელში გადადის. 
ე.წ. გასაღების საკითხზე პარლამენტში წარდგენილია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადება. არასამთავრობოთა შეთავაზება ასევე ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც, ერთი გასაღები აქვს სასამართლოს, მეორე - ელექტრონულ კომპანიებს