თეა წულუკიანი - ბრიუსელში, არც ერთ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე კითხვა არ დასმულა

თეა წულუკიანი - ბრიუსელში, არც ერთ შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს საქმეებზე კითხვა არ დასმულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ნებისმიერი მათ მიერ დასახელებული პირის ან პირების საქართველოში ვიზიტი შესთავაზა, რათა "გაქარწყლდეს ის აღქმები, რის შესახებაც შეიძლება ოპოზიცია საუბრობდეს". 

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა "რადიო თავისუფლების" პრაღის ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში, საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმეებთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების შეფასებებზე საუბრისას განაცხადა. 

"ევროკავშირში ჩვენი მართლაც წარმატებული ვიზიტის დროს ქალბატონმა მოგერინიმ შემაჯამებელი სიტყვის დროს თქვა - არანაირი აღქმა იმისა, რომ პროკურატურა ან რომელიმე სამართალდამცველი ორგანიზაცია გამოიყენება პოლიტიკური მიზნისთვის, არ უნდა არსებობდეს _ ეს მართლაც ასე თქვა, მაგრამ შეხვედრების დროს საუბარი იყო ყოველთვის აღქმაზე. ეს არ არის ახალი. ორი წელია, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან გვესმის ეს სიტყვა, რომ "აღქმა" არ უნდა არსებობდეს. პრემიერმა მათ შესთავაზა ნებისმიერი, მათ მიერ დასახელებული პირის ან პირების ვიზიტი საქართველოში, რომ სწორედ მათთან ერთად, მათი ვიზიტის ფარგლებში გაქარწყლდეს ის აღქმები, რის შესახებაც შეიძლება საუბრობდეს ოპოზიცია და ოპოზიცია შეგახსენებთ, დღეს არიან "თავისუფალი დემოკრატებიც". მე ვიყავი ვიზიტის მონაწილე და გეუბნებით პირველწყაროს ინფორმაციას, რომ მხოლოდ აღქმაზე იყო საუბარი. ეს აღქმა უნდა გაიფანტოს. აღქმები არ მოდის ციდან, მათ არსებობას თავისი მიზეზები აქვს. იმას, რომ მოსამართლე დღეს არის გარე ზეწოლისგან დამოუკიდებელი, ვერავინ უარყოფს. დღეს პროკურატურა რეალურად არის თანასწორი დაცვის მხარისა. პრობლემა, რომელიც განაპირობებს აღქმას, მდგომარეობს შემდეგში – დღეს პროკურატურას სჭირდება უფრო მეტი პროფესიონალიზმი, ადვოკატებს, ზოგიერთის გარდა, სჭირდებათ უფრო მეტი მომზადება და უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მოსამართლეებსაც სჭირდებათ სერიოზული გადამზადება. ამ კონკრეტულ თემაზე ძალიან სერიოზული შეთავაზება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში და ითხოვა დახმარება, რომ ევროკავშირი ჩვენ დაგვეხმაროს, უფრო გავზარდოთ პროფესიონალიზმი იმ სამი ადამიანისა, ვინც სისხლის სასმართლის მართლმსაჯულების შექმნაში მონაწილეობს", - განაცხადა წულუკიანმა. 

მისივე თქმით, თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟისა და "თავისუფალი დემოკრატების" კოალიციიდან გასვლის გამო, ეს აღქმა ბრიუსელში არ დამძიმებულა.

"ბრიუსელში ეს განცდა დამძიმებული არ არის. აღქმაზე როცა იყო საუბარი, საუბარი იყო ისევ "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების მიმართ მიმართულ სისხლის სამართლის საქმეებზე და თავდაცვის სამინისტროში აძღრული სისხლის სამართლის საქმეების გარშემო არც ერთ ამ შეხვედრაზე კითხვა არ დასმულა. საუბარი იყო ბატონი სააკაშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე და რაც ადრე იყო, ახლაც ის მესიჯები მივიღეთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.