ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

ემზარ კვიციანის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ

თბილისში, პარლამენტის შენობასთან ემზარ კვიციანის ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ემზარ კვიციანის უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ. მათი თქმით, ემზარ კვიციანი პოლიტპატიმარია და ის საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება.

"ემზარ კვიციანს შეუფარდეს 18 წელი. მერე ამინისტია შეეხო და მთლიანობაში დარჩა 12 წელი. ეს არის საგანგაშო ფაქტი, რადგან ემზარ კვიციანი არის საქართველოს მოყვარული, საქართველოს პატრიოტი ადამიანი და საქართველოს იცავდა ყოველთვის. ის ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის. ჩვენ მოვითხოვთ მის უპირობოდ განთავისუფლებას. ის უნდა განთავისუფლდეს, რადგან მას საქართველოს წინაშე დანაშაული არ აქვს. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების დაკვეთა, პროკურატურის და სასამართლოს მიმართ, რომ ჩემი ძმა იჯდეს ციხეში. სპეციალურად ჩაატარეს სასამართლო სამეგრელოში და მივიღეთ ის შედეგი, რაც დღევანდელმა ხელისუფლებამ დაგეგმა", - განაცხადა ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა.

ემზარ კვიციანის დის, ლალი კვიციანის განცხადებით კი, ყოფილი ხელისუფლების ინტერესებიც არის იმაში, რომ ემზარ კვიციანი ციხეში იჯდეს. მისი თქმით, პროკურატურა და სასამართლო სავსეა წინა ხელისუფლების დროს დანიშნული კადრებით და ისინი ასრულებენ ყოფილი ხელისუფლების დავალებებს.

"მოვითხოვთ, რომ ეს უწყებები გაიწმინდოს დამნაშავე პროკურორებისგან და მოსამართლეებისგან, ასევე ჩვენი მოთხოვნაა, რომ ემზარ კვიციანი გამოუშვან ციხიდან", - განაცხადა ლალი კვიციანმა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქციები ყოველდღიურ სახეს მიიღებს.