საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე ეჭვობს, რომ პროკურატურის მხრიდნ თავდაცვის სამინისტროს მისამართით გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზეზი, ირაკლი ალასანიას პოლიტიკური დევნა იყო.
როგორც მაია ფანჯიკიძემ "მაესტროს ცხრიანში" სტუმრობისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ გამართა კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი, თუმცა გაუგებარია რისი თქმა უნდოდა.
"თუკი ამდენი ხანია ამ საქმეს იძიებენ და მაინც არ არის ბოლომდე გამოძიებული და დასკვნა არ არის გამზადებული, რა ეჩქარებოდათ, რომ გამოდიან ამ განცხადებით. ჩვენ ბოლო დღეებში გავიგეთ, რომ დარღვევები ყოფილა ყველა სამინისტროში, რომელსაც აქვს დიდი ბიუჯეტი. ეს ყოფილა თურმე შსს, ყოფილა ჯანდაცვის სამინისტრო. მე ერთი რამ მაინტერესებს, რატომ არ ყოფილა არც ერთი საგანგებო ბრიფინგი, არც პროკურატურის, არც აუდიტის სამსახურის, არავის მხრიდან, ან შსს-ში აღმოჩენილი დარღვევების, ან ჯანდაცვის სამინისტროში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. ყველაფერი ეს ამძაფრებს ეჭვს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირაკლი ალასანიას პოლიტიკური დევნა იყო მთავარი მიზეზი. ამის მიზეზი შეიძლება ორი რამ იყოს, ერთი ის, რომ მას პირადად და პიროვნულად ებრძვიან და მეორე, ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, ევროატლანტიკური კურსის საფრთხეში დაყენების მცდელობა. ფაქტია, რომ სხვა უწყებების შესახებ კომენტარი არ მოგვისმენია", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ამბობენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ ყველაფერს გრიფი დაადო, თუმცა გაუგებარია, რატომ სჭირდება ამ გრიფის მოხსნას ამდენი დრო.
"დღეს გამახსენა სააკაშვილის დრო, იმ ოთახების ჩევნებამ, რომელიც გაუმზადებიათ კარგი სასტუმროსავით ადვოკატებისთვის, რათა გაეცნონ მასალებს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან ჩიხში და დრო უნდათ გააჭიანურონ. როგორც მე ვარ დარწმუნებული, რომ ამაში არაფერი დანაშაულის მსგავსი არ არის, ისე ეტყობა დგინდება, რომ არაფერი არ არის", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
ჟურნალისტებს გუშინ პროკურატურაში ის ოთახი დაათვალიერებინეს, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატებს საიდუმლო დოკუმენტების გასაცნობად სთავაზობენ.
როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, ოთახში შექმნილია ყველა პირობა, რათა ადვოკატები საქმის მასალებს გაეცნონ.
ადვოკატებისთვის გამოყოფილ ოთახში უკვე დევს ხუთტომიანი საქმის მასალები. კაციტაძის თქმით, დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს შესაძლებლობა ექნებათ, აღნიშნული მასალების გაცნობასთან ერთად, გააკეთონ ამონაწერები, თუმცა დაუშვებელია საიდუმლო დოკუმენტებისთვის ფოტოს გადაღება.