სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აღწერილია ყველაფერი, რამდენად აუცილებელია, შეუფერხებლად გადაეცეს მასალები ადვოკატს. სამართლებრივ შეფასებებში არ შევალ, - ასე გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პროკურატურის გუშინდელ განცხადებას, რომელიც ადვოკატებისთვის დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული მაღალი თანამდებობის პირების საქმის გაცნობას ეხებოდა.
ალასანია აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
რაც შეეხება ნდობის ჯგუფის რეკომენდაციას ე.წ კაბელების საქმეზე საიდუმლო გრიფის ნაწილობრივ მოხსნის შესახებ, ალასანია აცხადებს, რომ გრიფის მოხსნას თანამშრომლების დაკავების დღიდან ითხოვს.
"თანამშრომლების აბსოლუტურ უდანაშაულობაში დარწმუნებული ვარ. რაც სწრაფად მოხდება საქმის გადაცემა ადვოკატებზე, გამოძიების ღიად ჩატარება, საზოგადოებაც დარწმუნდება. ამის შემდეგ მოუწევს პასუხისგება პროკურატურის იმ თანამშრომლებს, ვინც ეს ჩაიფიქრა", - განაცხადა ირაკლია ალასანიამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ განცხადება გააკეთა. პროკურატურამ მიმართა დაკავებულთა ადვოკატებს, საქმის მასალებს პროკურატურაში გაეცნონ და ჟურნალისტებს შესაბამის ოთახიც აჩვენა.
ადვოკატები შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ. "ბუნებრივია, არ დავთანხმდებით და ბუნებრივია ვერ შევუქმნით პროკურატურას იმ ფუფუნებას, რომ ჩვენ არ დავიცვათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების ინტერესები. მათი მიზანია, ოქმზე მოვუწეროთ ხელი, რომ ვითომ ვიცნობთ საქმის მასალებს და ვითომ ვახორციელებთ დაცვას. ჩვენ გვსურს რეალური დაცვა განვახორციელოთ და პროკურატურას მოვუწოდებთ გადმოგვცეს საქმის მასალები", - განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.