დავით საგანელიძე - ძალიან ბევრ საქმეზე, ძალიან ბევრს პასუხები ექნება გასაცემი

დავით საგანელიძე - ძალიან ბევრ საქმეზე, ძალიან ბევრს პასუხები ექნება გასაცემი

ძალიან ბევრ საქმეზე, ძალიან ბევრს პასუხები ექნება გასაცემი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ ნდობის ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

მისი განმარტებით, მასალები, რომელიც ნდობის ჯგუფმა განიხილა, არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, არამედ მათზე "სერიოზული საკითხები უნდა იყოს წამოწეული".
"ჩვენ განვიხილეთ მასალები, რომლებიც უკავშირდება სხვადასხვა უწყების მიერ 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას. ბუნებრივია, ვიმსჯელეთ მასალებზე მხოლოდ ნაწილობრივ, ის, რაც ხდებოდა და რაც ვნახეთ, მხოლოდ სისხლის სამართლის საქმე კი არ არის, არამედ სერიოზული საკითხები უნდა იყოს მათზე წამოწეული. ძალიან ბევრს ძალიან ბევრ საქმეზე ექნება პასუხები გასაცემი", - განაცხადა დავით საგანელიძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, ნდობის ჯგუფის წევრებს კითხვები აქვთ იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ დაედო ამა თუ იმ მასალას გრიფი "საიდუმლო".
"არის თემები, რომელთა მიმართებაშიც არ მესმის, რატომ ადევს გრიფი "საიდუმლო". როგორც ჩანს, მოდაში იყო და ბევრს სჭირდებოდა, რომ ბევრ თემას საიდუმლო "გრიფი" ჰქონოდა, არა მარტო თავდაცვის სამინისტროს საქმესთან დაკავშირებულ მასალაზე, არამედ მომავალში კიდევ ბევრ საკითხთან მიმართებაში დაისმება მოთხოვნა, რომ მოხდეს გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და პროცესი იყოს გამჭვირვალე", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
ნდობის ჯგუფის შეხვედრა გუშინ დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა.