ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას

ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას

ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას, - ამის შესახებ გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკაში" საუბრისას განაცხადა.

ლაშა თორდია გამოეხმაურა უმცირესობის წარმომადგენლის, გივი თარგამაძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ლაშა თორდია მისი მეგობარი აღარ არის. გენერალური აუდიტორის თქმით, ძალიან წუხს ასეთი შეფასებისთვის.

"ძალიან ვწუხვარ ასეთი შეფასებისთვის. ნამდვილად არ ვეხვეწები არავის მეგობრობას. ძალიან ცუდია, როდესაც ინსტიტუციურ თემატიკასთან დაკავშირებული საკითხები დადის პიროვნულ დონეზე, თუმცა მინდა ყველას ვუთხრა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური ნამდვილად ვერ დავა ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ჩემს განწყობებზე და ჩემს კეთილგანწყობებზე ამ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ თუ "ქართული ოცნების" მიმართ, ვინაიდან სპეციფიური სამსახურია, რომელიც უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური", - აღნიშნა ლაშა თორდიამ.

მისივე თქმით, შესაძლებელია ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც არ მოსწონდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა, თუმცა, თორდიას განმარტებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაფუძნებულია კონკრეტულ არგუმენტებზე, უწყების საქმიანობა დაფუძნებულია ნეიტრალურ და დამოუკიდებლობის პრინციპებზე.

"შესაბამისად, აქ ლაშა თორდია თუ რომელიმე სხვა ადამიანი იქნება, შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ისეთ საკითხებს, რომელიც სახელმწიფო უწყებებში ფინანსურ დარღვევებს ეხება. მე როდესაც პარლამენტი მირჩევდა, კანონით ვალდებული ვარ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მე არ უნდა ვიყო პოლიტიკური პარტიის წევრი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ უნდა მოხვდეს არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის ზემოქმედების ქვეშ. ეს არის ამ სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრონციპი. ის, რაც გივიმ თქვა, მე ღმერთი რაში მომახმარს მომავალში ამ სამსახურს - ნამდვილად არაფერში მომახმარს, არც გამატანს არც სკამს, არც თანამდებობას, მაგრამ მე დავტოვებ სამსახურს, რომელიც მომავალშიც თავისუფალი იქნება ყველანაირი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ეს არის ჩემი მიზანი და ეს განხორციელდება", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა გივი თარგამაძემ დღეს განაცხადა, რომ გენერალურმა აუდიტორმა თანამდებობის შენარჩუნება ყოველგვარი პრინციპების დათმობის ხარჯზე არჩია. როგორც თარგამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ლაშა თორდია ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

"თუკი ჩემი ლაშა თორდიასთან შეხვედრა ნახეთ, დაინახავდით, რომ ის ჩემი მეგობარი აღარ არის. არსებობს რამდენიმე მაგალითი, რომ მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით. მაგალითად, აუდიტის სამსახურის დასკვნაში არ არის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის საქმიანობაზე ასახული ანგარიში, მაგრამ არის ჯანაშიას საქმე, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ჩუბინიძეზე ჩამიჩუმი არ ისმის და აუდიტის სამსახური თვალს ხუჭავს. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ასეთი სხვა კონკრეტული მაგალითებიც არის. ამ ადამიანმა, სამწუხაროდ, არჩია, ყოველგვარი პრინციპების დათმობის ხარჯზე თანამდებობა შეეენარჩუნებინა. რაში მოახმარს მას ღმერთი ამ თანამდებობას, ამას მომავალში ვნახავთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გივი თარგამაძემ.