ნდობის ჯგუფი პრემიერს მიმართავს, თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის მასალები ნაწილობრივ გასაჯაროვდეს

ნდობის ჯგუფი პრემიერს მიმართავს, თავდაცვის მაღალჩინოსნების საქმის მასალები ნაწილობრივ გასაჯაროვდეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფი პრემიერ-მინისტრს ე.წ. კაბელების საქმეში არსებული მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით მიმართავს .

შესაბამისი გადაწყვეტილება ნდობის ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ჟურნალისტებს ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, ისინი უკვე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

"დღის წესრიგით ნდობის ჯგუფმა განიხილა თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მოვუსმინეთ მომხსენებლებს, იყო ძალიან ბევრი კითხვა და თავისთავად მივიღეთ პასუხები. განხილვის შემდეგ ნდობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება და მივმართავთ პრემიერ-მინისტრს ამ ხელშეკრულებისა და შესაბამისი მასალების ნაწილობრივ განსაიდუმლოების მოთხოვნით", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე განმარტებით, მასალების ნაწილი ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდება და ამის გათვალისწინებით, ნდობის ჯგუფი მოითხოვს, დოკუმენტაციის მხოლოდ ნაწილობრივ განსაიდუმლოებას. ”დღეს ჩვენ მოწვეული გვყავდა  თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელი, რომელთანაც გავიარეთ კონსულტაცია თუ რა ნაწილის განსაიდუმლოება შეიძლებოდა მომხდარიყო”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ბრალდებით დააკავა.

დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია. გამოძიების თანახმად, გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს ,,სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.