"კომპანიის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, საკითხი თუ ვისთან უნდა იყოს ე.წ. გასაღები"

"ჯეოსელის" იურისტი ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის უარყოფით მხარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კომპანიისთვის კანონის ამოქმედების შემთხვევაში ბევრი რამ გაურკვეველი იქნება.

ლევან გიორგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, კომპანიამ იცოდეს თუ რა ვალდებულებები ექნება და რა ტექნიკური დავალების შესრულება მოუწევს მას ე.წ. გასაღების გადაცემის შემთხვევაში. მისივე თქმით ვალდებულება, რომელიც შესაძლოა, დაეკისროს მობილურ ოპერატორებს, საჭიროებს ფინანსურ რესურსებს, თუმცა მისი თქმით, გაურკვეველია, თუ ვინ უნდა დაფაროს ეს ხარჯები. 

“აქ არის რამდენიმე ნიუანსი. თვითონ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არის საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშნები ოპერატორების მხრიდან, კერძოდ, პირველი არის ტექნიკური დავალება, ანუ ამ კანონის ამოქმედების პირობებში რა იქნება კომპანიის ვალდებულებები და რა ტექნიკური დავალება უნდა იქნას შესრულებული. მეორე არის ამ ყველაფრის განხორციელებასთან დაკავშირებული ფინანსური ღონისძიებები, შესაბამისად, კანონი არ იძლევა პასუხს თუ ვის მიერ უნდა იქნას ეს ხარჯები გაწეული და რაც ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, საუბარი იმაზე, თუ რა არის არის ის ვადა, როდესაც ეს ყველაფერი იქნება შესრულებული. ამ ეტაპზე არის ეს კითხვის ნიშნები და რამდენად რეალურია ამ ყველაფრის განხორციელება, ამაზე მკაფიო პოზიციები არ არსებობს“,-განაცხადა გიორგაძემ

ამასთან, როგორც „ჯეოსელის“ იურისტი აცხადებს, თუ ვის ექნება გასაღები, ეს სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლის უფლება იყოს დაცული.

„რაც შეეხება იმას, თუ ვისთან უნდა იყოს გასაღები აქ არის შემდეგი მიდგომა, რომ ეს, ჩვენი აზრით, არ უნდა იყოს დამოკიდებული კომპანიის ნება-სურვილზე, ანუ, ვინ რას, როგორ ფიქრობს. მთავარი პრინციპია, რომ ეს სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს სად უნდა იყოს ეს გასაღები და ამავე დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ორი ძირითადი ასპექტი, როგორიც არის, რომ ერთის მხრივ დაცული იყოს აბონენტის უფლებები და ასევე უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფოს ინტერესები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგაძემ