,,ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის  მეურნეობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

,,ექსპო ჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა

19-21 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯია“ ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს  მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის გამოფენა იმართება.

,,ექსპო ჯორჯიას“  მე-11 პავილიონში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-14 საერთაშორისო  გამოფენა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ,  ნოდარ კერესელიძემ გახსნა. 

,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული გამოფენა ერთადერთია საქართველოში,  სადაც  დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ  სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს გაეცნონ, უშუალო კონტაქტი დაამყარონ მწარმოებლებთან და  სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაიზიარონ. აღნიშნულიდან გამომდინარე, უკვე მესამე წელია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების დახმარებით, გამოფენაზე დასწრების მიზნით,  დაინტერესებული ფერმერების (2000-ზე მეტი ფერმერი ყოველწლიურად)  რეგიონებიდან ჩამოყვანას  უკეთებს ორგანიზებას”,- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

წელს პირველად სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ყველა უწყება (სურსათის ეროვნული სააგენტო, ღვინის ეროვნული სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, შპს მექანიზატორი, შპს საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია) გამოფენაზე საკუთარ სტენდს წარადგენს და ყველა დაინტერესებულ პირს  საშუალება ექნება სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების შესახებ   დეტალური ინფორმაცია მიიღოს.

გამოფენაზე საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, გერმანია, ლიტვა, ლატვია, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ჩინეთი) 90  კომპანია  წარმოადგენს. 

დაინტერესებულ პირებს, გამოფენის ფარგლებში,  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სასათბურე და სამაცივრე მეურნეობების თანამედროვე ტექნოლოგიებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, შემფუთავ ტექნოლოგიებს, სარწყავ სისტემებს, კვების ტექნოლოგიებს. მონაწილე კომპანიები წარმოადგენენ მანქანა-დანადგარებს, ტარასა და  შესაფუთ მასალებს, ნერგებს, სასუქებს, პესტიციდებსა და ცხოველთა საკვებს, ასევე  საკონსულტაციო სერვისსა  და სატრანსპორტო მომსახურებას.