პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს

პარლამენტში ნდობის ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სხდომას გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თემურ მირიანაშვილი და შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე თენგო ნასარიძე ესწრებიან.

სხდომაზე განიხილავენ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფინანსური ანგარიშების შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს. გარდა ამისა, განხილვის საგანი იქნება თავდაცვის სამინისტროსა და "სილქნეტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, ნდობის ჯგუფის კიდევ ერთი სხდომა ჩატარდება დეკემბერში.

როგორც სესიაშვილმა განმარტა, მან სექტემბრის ბოლოს ყველა უწყებას მიმართა და საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებული მასალები გამოითხოვა. სესიაშვილის ცნობით, მასალები გაანალიზდება, დამუშავდება და განხილვისთვის ნდობის ჯგუფს, სავარაუდოდ, დეკემბერში წარედგინება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით კი, მასალები თავდაცვის უწყების მიერ 2011, 2012 და 2013 წლებში განხორციელებულ შესყიდვებს შეეხება.

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მის ხელთ არსებული მასალების გადაგზავნის თხოვნით გასულ კვირაში მიმართა.

ლაშა თორდიას განმარტებით, კითხვები არსებობს, როგორც ბაჩო ახალაიასა და დიმიტრი შაშკინის, ისე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ე.წ. კაბელების და სამხედროების კვების საქმეებს არ უკავშირდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ივლისიდან ამოწმებს.