მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი!

მიშა სააკაშვილი - მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავი!


რა არის საჭირო იმისთვის, რომ იყო სუპერვარსკვლავი ?

როგორია სუპერვარსკვლავობის კრიტერიუმები? 

როგორ ხდება ადამიანის სუპერვარსკვლავად აღიარება და რა პრივილეგიებს ანიჭებს სუპერვარსკვლავის სტატუსი ჩვეულებრივ მოკვდავს? 

პირველი და უმთავრესი - სუპერვარსკვლავი აუცილებლად(!) უნდა იყოს ქარიზმატული. ჩემი უდავოდ დაკვირვებული და ფრიად გამჭრიახი მკითხველი დამეთანხმება, რომ შესაძლოა, მიშას ბევრი რამ დაუწუნო, მაგრამ არა ქარიზმატულობა!

სუპერვარსკვლავი აუცილებლად უნდა იყოს არაორდინალური. მისი არაორდინალური ქმედებები გამუდმებით უნდა იყოს მასების სასაუბრო თემა. 

ცხადია, უნდა იყოს მუდამ ორიგინალური. მიშას მიმართ ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი ვერ უარყოფს, რომ ჩვენი ბედნიერი პრეზიდენტი ფრიად ორიგინალურია. მისი ორიგინალურობა იგრძნობა ყველგან. ისეთ შემთხვევებშიც კი, როგორიცაა ობიექტების გახსნა, სადაც "ბექებში" სუფთა და ქათქათა უნიფორმებში გამოწყობილი მუშები საქმიანად ფუსფუსებენ.

სუპერვარსკვლავს უნდა ჰქონდეს სხვებისგან გამორჩეული ე.წ. "საფირმო" მანერები და დამახასიათებელი ქცევები. ცხვირის მოწმენდა, სიარულის მანერა, გამორჩეული მეტყველება, სიცილიც კი... - ეს არის ფაქტები, რომელიც მიშას სუპერვარსკვლავობას მოწმობს. 

სუპერვარსკვლავი უნდა იყოს ფრიად ემოციური, არტისტული... უნდა ბრაზდებოდეს არტისტულად და უნდა უხაროდეს არტისტულად. მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, მისი ყოველი ქმედება, მიხრა-მოხრა ისეთი მაღალი დონის სანახაობა უნდა იყოს, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტ. 

მისი ყოველი საჯარო გამოსვლა უნდა იყოს ამაღელვებელი და რეზონანსული. ის ყოველი "სფიჩისას" (ვიცი ამ სიტყვის ქართული შესატყვისი, მაგრამ მოდურია ახლა ინგლისური სიტყვების ბრახა-ბრუხი) თუნდაც სამ ისეთ ფრაზას მაინც უნდა ამბობდეს, რომელთა წარმოთქმიდან მინიმუმ 3 წუთში ფორუმებზე თემები გაიხსნება.

სუპერვარსკვლავი უნდა დგამდეს შოუებს. სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, მიშას შეხვედრა ხალხთან - ეს ხომ ჭეშმარიტი შოუა! 

სუპერვარსკვლავს უდავოდ უნდა ჰყავდეს ფანები, რომლებიც ხმის ჩაწყვეტამდე უნდა გაჰყვიროდნენ მის სახელს. 

მას უნდა ეთაყვანებოდნენ, უნდა აკერპებდნენ. არსებობს არაერთი კადრი, რომელზეც მიშას თაყვანს სცემენ. ამას აკეთებენ მოურიდებლად, დღისით, მზისით, ტელეკამერების წინ. ასეთი ტიპის სანახაობები ბოლო პერიოდში სულ უფრო მატულობს. მიშა მარნეულში, მიშა კახეთში, მიშა ზუგდიდში... დიახ ჩემო მკითხველო, მესმის, რომ ამაზრზენია ამ ყველაფრის ხილვა. ხილვა იმისა, თუ როგორ ეთაყვანება ასობით გაჭირვებული ადამიანი კერპს და როგორ უკოცნის ხელებს. კი, ეს მართლაც ამაზრზენია, მაგრამ აბა რანაირი სუპერსტარი იქნებოდა მიშა, ასე რომ არ ხდებოდეს...

სუპერსტარი არ ხარ, თუ ადამიანებს შენი პლაკატები არ აქვთ გაკრული. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი საცხოვრებელ სახლებში გაკრული მიშას პლაკატები. რაღა დაგიმალოთ, აგერ უკვე მერვე წელია ბებიაჩემის მისაღებ ოთახს "ამშვენებს" მიშას, როგორც ბებიაჩემი ეძახის, "ჩვენი ბიჭის" დიდი პლაკატი... 

რანაირი სუპერსტარი ხარ, თუ შენზე არ ამოსდით მზე და მთვარე და თუ შენზე არ ლოცულობენ. ბევრ თქვენგანს ემახსოვრება ვიდეო, სახელწოდებით "მიშასთვის მლოცველები", რომელიც რამდენიმე თვის წინ ინტერნეტჰიტი გახდა.

სუპერსტარს უნდა უძღვნიდნენ ლექსებსა და სიმღერებს. 

სუპერვარსკვლავზე ყოველთვის უნდა ჭორაობდნენ. გამუდმებით უნდა ისმოდეს ამბები, თანაც იმდენი, რომ უნდა ჭირდეს მათგან ტყუილისა და მართალის გარჩევა. 

წარმოუდგენელია სუპერსტარობა სექსსკანდალების გარეშე. მიშამ ამაზეც იზრუნა და ამის მაგალითებიც არსებობს, თუმცა ბევრი მაგალითის მოყვანას, მიშასი და დოქტორ დოტის ისტორიაც კმარა. 

სუპერვარსკვლავზე გამუდმებით უნდა წერდეს პრესა;

სუპერვარსკვლავი ყოველდღიურად უნდა იყოს ტელეეკრანებზე; შესაბამისად, ის უნდა იყოს ტელეჟურნალისტების საყვარელი პერსონა. თავადაც მოგეხსენებათ, როგორ გიჟდებიან ჩვენი ტელევიზიები მიშაზე...

სუპერვარსკვლავს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაგიური გავლენა გარშემომყოფებზე. მას უნდა ჰყავდეს ქვეშევრდომები, ლაქიები, რადგან ლაქიების ყოლა სუპერსტარის ფიგურას მეტ სოლიდურობას სძენს. 

სუპერვარსკვლავის სიტყვა კანონი უნდა იყოს და ეს ხომ მიშას შემთხვევაში უდავოდ ასეა, როგორც გადატანითი, აგრეთვე პირდაპირი მნიშვნელობით.

სუპერვარსკვლავს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვარსკვლავური სამეგობრო. არა, ლელა წურწუმია, ბუბა და სოფო ნიჟარაძე არ კმარა. სუპერსტარობა უფრო გავლენიან ვარსკვლავებთან ურთიერთობას გულისხმობს. აი, ისეთის, როგორიცაა შერონ სტოუნი, თუ შარლი სტერონი... ეს ორი სულ ერთმანეთში მერევა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს...

სუპერსტარის ხსენებისას გვარის მითითება არ უნდა იყოს საჭირო. მისი სახელი ყველაფერს უნდა ამბობდეს. 

და ბოლო და უტყუარი ფაქტები, რომელიც ჩემი მართალი სიტყვების ჭეშმარიტებას ამტიცებს: სუპერვარსკვლავი უნდა ცხოვრობდეს მდიდრულ სასახლეში. დადიოდეს ძვირადღირებული ავტომობილით და ცხადია, აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვერტმფრენი.