"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"ივანიშვილის მხრიდან ვერ ვხედავ რამე სისტემურ შეცდომებს. ის, რომ საზოგადოება გაცილებით სწრაფად ითხოვს ცვლილებებს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ხასიათიდან არის გამომდინარე. მაგრამ წარმატება უნდა იყოს საარჩევნოდ, არჩევნებამდე კი კიდევ 10 თვეა დარჩენილი - აქედან გამომდინარე, იმაზე საუბრები, რატომ დღესვე რაღაც არ ხდება, მე ვფიქრობ, რომ გადაჭარბებულია. თავის დროზე ყველაფერი იქნება. ის, რომ ხელისუფლებამ ივანიშვილი გამო პრაქტიკულად გააუქმა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ყველა უფლებები და შექმნა ე.წ. ბიძინას კოდექსი და მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობს კანონმდებლობაზე, რომელიც ერთი ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, ეს უკვე წარმატებაა. ჯერჯერობით ხელისუფლება აკეთებს ივანიშვილის საქმეს - ანუ მთელი ხელისუფლება ჩართულია ივანიშვილის პიარსამსახურში", - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ არ უპირისპირდება სააკაშვილი ივანიშვილს ღიად / ხელისუფლებიდან სერიოზულ გადაწყვეტილებებს უნდა ველოდოთ.
"შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ამ ორი პარტიის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა პარტნიორებად დაასახელა, მაგრამ ვფიქრობ, ეს არ არის სწორი კრიტიკა - ამით მან გამოკვეთა თავისი ფუნდამენტური შეხედულებები თავის ორიენტაციასთან დაკავშირებით. ეს არის დემოკრატია, ინტეგრაცია საერთაშორისო სისტემებში და ა.შ. ჩვენ ამ ორი პარტიის მიმართ რომ პრეტენზიები გვაქვს, მე ვფიქრობ, ამას ითვალისწინებს ივანიშვილი და ხალხთან მისი ურთიერთობის დიაპაზონი გაცილებით ფართოა. დამეთანხმებით, რომ ეს ორი პარტია ნაკლებადაა დაზიანებული იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ბოლო წლებში მიმდინარეობდა - უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური პარტია არის მინუსებში გადასული. ეს ორი პარტია არც გაყიდულა, არც ხელისუფლებასთან ინტეგრაცია არ განუცდია. სხვები ან წარუმატებლობასთან არიან ასოცირებული ანდა ხელისუფლებასთან გარიგებაში არიან შესული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
"ქართულ პოლიტიკაში ქალიშვილობის შენარჩუნება ძალიან ჭირს. ამ ორ პარტიას ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს. ყველაფერი ფარდობითია ფასეულობათა დონეზე, ორივე პარტიას საერთაშორისო ორიენტაციის თვალსაზრისით პლუსები აქვს. მათ აქვთ მინუსებიც - საკმაოდ შეზღუდული დიაპაზონი, წარსულში გარკვეული ხარვეზები, მაგრამ სხვები საერთოდ არ არსებობენ! ივანიშვილს პოლიტიკური პარტნიორები სჭირდებოდა, სჭირდებოდა პოლიტიკური ინტელექტუალური რესურსი, რომელიც ამ პარტიებში არის. შეიძლება ეს არჩევანი არ იყო იდეალური, მაგრამ ეს არჩევანი იყო გარდაუვალი, რადგან სხვა არჩევანი, უბრალოდ, არარსებულია ქართულ სინამდვილეში", - განმარტავს ექსპერტი.
"მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ" კანონი იყო კულმინაცია. მანამდეც ბევრი ქმედებები იყო - მოქალაქეობის ჩამორთმევა, ბანკის დაყაჩაღება, საბანკო სისტემის დამანგრეველი კანონმდებლობის შემოტანა და ა.შ. რაც შეეხება ამ კანონს, ისე მიიღეს, რომ თავად ინიციატორებმაც კი არ იცოდნენ საბოლოოდ კანონის ტექსტი. მიღების შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა ტექსტი და მერე მაცნეში გამოქვეყნების შემდეგაც შეცვალეს, უკუქმედების ძალაც მისცეს. თუკი ამ კანონში სიტყვა "პარტიას" შევცვლით "ბიძინა ივანიშვილით", ზუსტად გახდება კანონის შინაარსი გასაგები. ხელისუფლებას არჩევნებამდე აქვს ერთადერთი ამოცანა - როგორ შეინარჩუნონ ხელისუფლება. არც საგარეო პოლიტიკა, არც საშინაო პოლიტიკა და არც ეკონომიკა - აღარაფერი აღარ აწუხებთ. 29 დეკემბერს მოხდა უპრეცედენტო ფაქტი იმიტომ, რომ ამერიკის საელჩომ გააკეთა განცხადება. ასეთი შემთხვევა არ მახსოვს არც საქართველოს სინამდვილეში და არც სხვა ქვეყნების მაგალითებიდან. თუ რამე საშინელება არ მოხდება - ამ პერიოდში დიპლომატიური აქტიურობა არ ხდება. ამ განცხადებით ფაქტობრივად სილა გააწნეს სააკაშვილის ხელისუფლებას, რომლის შემდეგაც დაიწყო ის აბსურდი, რაც ვნახეთ", - დასძენს გია ხუხაშვილი.
"ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამერიკის განწყობა სერიოზულად იცვლება სააკაშვილის მიმართ. სააკაშვილს კონტროლიდან გამოსვლის დიდი რესურსი არ აქვს. რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი მზად არის, რომ არ შეეპუოს. მე მესმის მისი, მას სხვა გზა არ აქვს - ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ყოველ შემთხვევაში მისი განწყობა ასეთია და შესაძლოა ამერიკასაც კი არ გაუწიოს ანგარიში. მაგრამ ეს არ არის სახარბიელო თამაში და თუ ამ ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლება გააგრძელებს, მაშინ მათი მომავალი კიდევ უფრო ბნელი იქნება, ვიდრე არსებულ რეალობაშია. იმიტომ, რომ დიქტატურას სჭირდება სერიოზული შიდა რესურსი, რაც ხელისუფლება არ აქვს. აქედან გამომდინარე ხელისუფლებას კარგი სვლა აღარ აქვს. მას აქვს ცუდი, ან ძალიან ცუდი სვლები. ამიტომ, სამწუხაროდ, მას არჩევანის გაკეთება უწევს ცუდსა და ძალიან ცუდს შორის", - აცხადებს რესპინდენტი და შეკითხვას - "სხვათა შორის სააკაშვილი ძალიან თავშეკავებულია ივანიშვილთან მიმართებაში, თქვა რომ მიესალმება მის გამოჩენას, რაც ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება" - პასუხობს:
"ეს განცხადება ძირითადად განკუთვნილი იყო უცხოური პრესისთვის. მე ვფიქრობ, ამ კითხვით უნდა მიმართოთ ფსიქოლოგებს. ალბათ, მათი პასუხი უფრო კომპეტენტური იქნება, იმიტომ, რომ ეს კითხვა უფრო შიშების სფეროდანაა"
714
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85