"ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"კონტროლის პალატაში შექმნილი ახალი სამსახური, რომელიც თითქოსდა მხოლოდ პარტიების ფინანსების გასაკონტროლებლად შეიქმნა, უკვე ბოლომდე გაიშიფრა. ფაქტია, რომ ის სპეციალურად ბიძინა ივანიშვილის გასაკონტროლებლად აამუშავეს - მართალია, ივანიშვილს ჯერ პარტია არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" აქვს დაფუძნებული. ჰოდა, გუშინ კონტროლის პალატაში პირდაპირ პროკურატურიდან ახალი სამსახურის შეფად მიყვანილმა ნათია მოგელაძემ საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" ფინანსური ანგარიშების წარდგენისკენ მოუწოდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით მოგელაძემ ფინანსური ანგარიში "ქართულ ოცნებასაც" მოსთხოვა / რას იგონებს კონტროლის პალატა სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისთვის.
"თავად "ქართულ ოცნებაში" ელოდებიან იმ წერილს, რომელიც, ნათია მოგელაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ მოძრაობაში უნდა მივიდეს და ამ საკითხზე დეტალურად შემდეგ ისაუბრებენ - "აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ მონიტორინგი მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შეეხებოდა. თუკი საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" კონტროლის პალატის ან რომელიმე სხვა უწყებისთვის პოლიტიკური პარტიაა, უპირველესად ეს საკითხი უნდა გაირკვეს. ჩვენი ფინანსები დაფარული არ არის, გამჭვირვალობის მომხრე ვართ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ყოველთვის ასე იყოს. არასოდეს გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც კანონს ეწინააღმდეგება", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში. მოგელაძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებიდან კი გაირკვა, რომ კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახური ფინანსურ ანგარიშს საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნებისგანაც" ითხოვს - სპეციალური ფორმა შესავსებად, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, "ქართულ ოცნებასაც" გაეგზავნება", - აღნიშნავს გამოცემა.
"კონტროლის პალატის მონიტორინგი არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებზე ვრცელდება, არამედ იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებზეც, რომელთაც გაცხადებული აქვთ პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან და დეკლარირებული აქვთ ყველა პოლიტიკური მიზანი. დღეის მდგომარეობით, არა ჩვენი შეფასებით, არამედ მათივე განცხადებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნება" მოიაზრება. "ქართულ ოცნებას" წერილი გაეგზავნება, სადაც გონივრულ ვადას განვუსაზღვრავთ, რათა მოგვაწოდონ ინფორმაცია, რომელიც მათ მიერ განხორციელებულ ფინანსურ საქმიანობას ეხება", - განაცხადა მოგელაძემ. კონტროლის პალატა განხორციელებული ფინანსური საქმიანობის ანგარიშს შარშანდელი პირველი ნოემბრიდან ამ წლის პირველი იანვრის ჩათვლით მოითხოვს. რაც შეეხება ანგარიშების წარდგენის ვადებს - პოლიტიკურ პარტიებს ვადა პირველ თებერვლამდე აქვთ", - დასძენს გამოცემა.
716
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85