"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"იმ თანხების შესახებ, რაც, მაგალითად, ბათუმის და სხვა ქალაქების კონცერტისთვის დაიხარჯა, ასე ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. თბილისის შესახებ კი მეტ-ნაკლებად ინფორმაცია გვაქვს. რიცხვი, რომელსაც ვიტყვი, შეიძლება არ იყოს სრულყოფილი. ამიტომ ამის გათვალისწინებით, თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რომ ძალიან პატარა არ გამოდგეს რეალობასთან მიმართებაში. შემიძლია გითხრათ, რომ რომ მაგალითად, 3 მილიონამდე დაჯდა განათება თბილისში, რომელშიც არ შედის ელექტროენერგიის ხარჯი... მილიონამდე დაჯდა საკონცერტო ნაწილის ორგანიზება, 300 ათასი ლარი დაჯდა ე.წ საახალწლო საშობაო სოფელი, რომელიც პარლამენტთან დგას და სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს, რკინის ჯებირები კი, რომელიც კონცერტის დროს გამოიყენეს, 200 ათასამდე ლარი დაჯდა, ასეთი დეტალები ვიცით", - აცხადებს თბილისის საკრებულოს დეპუტატი თინა ხიდაშელი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა უჯდება საქართველოს ბიუჯეტს საახალწლო ღონისძიებები? / თინა ხიდაშელი: "მხოლოდ განათებაში 3 მილიონია გადახდილი და აქ არ შედის ელექტროენერგიის ფული".
"აღმაშენებლის გამზირზე კონცერტის ორგანიზების ტექნიკური მხარისთვის გამოყოფილი თანხა ვიცით, თუმცა არ ვიცით, რა დაჯდა ჰონორარების ნაწილი და იმ კომპანიისთვის გადახდილი თანხა, რომელმაც უზრუნველყო კონცერტის გამართვა - ამიტომ, რომ გითხრათ ეს ყველაფერი 6 მილიონი ლარი დაჯდა-მეთქი, არ იქნება მართალი - სინამდვილეში შეიძლება 6-ჯერ 6 დაჯდა. საახალწლო ღონისძიებებისთვის სადაც ტენდერი გამოცხადდა, ეს ვიცით, სადაც არ გამოცხადდა არ ვიცით - ანუ სადაც პირდაპირი წესით მოხდა რომელიმე კომპანიისთვის რამეს დავალება... მაგალითად, თბილისური კონცერტის ტრანსლაცია 182 ათასი ლარი დაჯდა და გაიმარჯვა "ჰორიზონტ ტივი სტუდიომ", მისი მმართველი არის დავით გერსამია - ეს სახელი და გვარი კი ყველამ კარგად იცის - როგორც წესი, ყველა კონცერტის ორგანიზებას ხელისუფლება სწორედ ამ კომპანიას უკვეთავს, როგორც პროდუქციის, ასევე მიწოდების ნაწილში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.
"... ძალიან ბევრი რამ მოხდა 2011 წელს. 26 მაისი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პოლიტიკური მოვლენა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ოღონდ პოზიტიური იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით. 2011 წელი იყო როგორც ყველაზე ტრაგიკული პოლიტიკური ნიშნული 21-ე საუკუნის საქართველიოსთვის, ასევე ძალიან ოპტიმისტური და იმედიანი. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი იძულებული გახდება და ივანიშვილს დაუბრუნებს მოქალაქეობას... რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ამ წუთის მდგომარეობით ნამდვილად ვერ ვხედავ ვერავითარ წინაპირობას იმისა, რომ ის რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, იმიტომ, რომ ეს არანაირად არ შედის მის ინტერესებში, თუმცა შეიძლება რაღაც მომანტში გადაწყვიტოს, რომ ეს მისთვის უფრო მომგებიანი იქნება", - დასძენს თინა ხიდაშელი და შეკითხვას - "თავად არჩევნებთან დაკავშირებით რა მოლოდინი გაქვთ, რამდენად სამართლიანად ჩატარდება ის?" - პასუხობს:
"არჩევნების სამართლიანად ჩატარების არანაირი სურვილი რომ არ აქვს სააკაშვილს ეს ფაქტია და ჩვენ რაღაც განსაკუთრებული კითხვის ნიშნები არ გვაქვს. თუმცა არჩევნების სამართლიანად ჩატარება მხოლოდ სააკაშვილის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს დამოკიდებული იქნება ამ ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, იყვნენ ქვეყანაში რამეს შეცვლის თანამონაწილენი. ამიტომ, იმის მიხედვით, როგორ მოიქცევა ამომრჩეველი არჩევნების დღეს, რამდენად აქტიური და მზადყოფნაში იქნება - აი, ამაზე არის დამოკიდებული არჩევნების სამართლიანობა".
827
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85