აგერ უკვე მერამდენე წელია, ჟურნალი "რეიტინგი" ტრადიციას არ ღალატობს და ყველას და ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევს. რა ხდებოდა საინტერესო, სკანდალური და მნიშვნელოვანი მთელი წლის განმავლობაში? 2011 წელი მართლაც გამორჩეული იყო... ნომინაციების ბეჭდვა წინა ნომერში დავიწყეთ და ახლა ვასრულებთ.
წლის ლუდმილა ზიკინა - სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე ზიკინაზე ბევრად მომხიბვლელი რომ არის, მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - სამთავრობო მომღერლობა. ზიკინა ბრეჟნევს უვარდა ძალიან, სოფო ნიჟარაძის ნიჭიერებით კი მიხეილ სააკაშვილია აღფრთოვანებული. სასიამოვნო გარეგნობის გოგონა ხომ ყველა იმ კონცერტზე გამოდის, რომელსაც სახელმწიფო აწყობს. ამაზე ბევრს ჭორაობენ და სოფო თავისი სამთავრობო სიმღერებით უდავოდ წლის ერთ-ერთი აქტუალური პერსონაა. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის - სოფო ნიჟარაძე იქაა!.. ვისთან ერთად უნდა შეასრულოს სიმღერა კრის დე ბურგმა? - რა თქმა უნდა, ნიჟარაძესთან ერთად. სტივი უანდერი უნდა ჩამოსულიყო და მგონი, გაიგო, სოფოსთან მეც შემასრულებინებენ სიმღერასო და ამიტომ თქვა უარი. ეს ხუმრობით, სოფომ ანდრეა ბოჩელისთან ერთადაც შეასრულა ორი დუეტი მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში გვყავს ძალიან ძლიერი საოპერო შემსრულებლები. რატომ არის სოფო ნიჟარაძე მთავრობის ფავორიტი? ეს შეკითხვა მუდმივად ღიად რჩება.
წლის პლაგიატი - "დარჩი ჩემთან"
საქართველოში ძალიან ბევრი პლაგიატი გვინახავს და ბევრიც მოგვისმენია, მაგრამ ზაზა ურუშაძის "დარჩი ჩემთან" ამ მხრივ "ჩემპიონია". მეოცე საუკუნის 70-იანი წლების ირანული ფილმი "გრძელი ღამე", რომელიც მომღერალი ქალისა და მასზე ბევრად უმცროსი ბიჭის სასიყვარულო ამბავს ასახავს, ისეთი დიდი მსგავსებებით გადმოიტანეს ქართულ ეკრანებზე, რომ ცოტა უხერხულიც კი არის. მართალია, მთავარი როლის შემსრულებელი ლელა წურწუმია საკმაოდ კარგად თამაშობს და სხვა მსახიობებიც მშვენივრად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას, ალბათ "გრძელი ღამე" რომ ნახოთ, მიხვდებით, რომ ფილმის ყველა კადრი ზუსტად არის გადმოტანილი.
წლის აბსურდი - ფოტოგრაფების საქმე
ამაზე აბსურდული საქმე ალბათ კიდევ ბევრი იქნება ქართულ მართლმსაჯულებაში, ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი კაცის მკვლელობისთვის გაასამართლეს ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი და ერთი წლის მერე გამოუშვეს - შეგვეშალაო, მაგრამ ფოტოგრაფების საქმე ამ წლის ყველაზე უფრო გამაოგნებელი რამ კი გახლდათ.
ან დაჭერა რა იყო, ან გამოშვება, ვერავინ გაიგო. ფოტოგრაფებზე ამბობდნენ, თითქოს მათ აუზის ცნობილი ინციდენტი გადაიღეს ფირზე და მერე საერთაშორისო სააგენტოებისთვის გადაგზავნას აპირებდნენ, თუმცა ხელისუფლება ხომ არ იტყოდა, ამ ტინგიცა მიზეზის გამო დავიჭირეთ ფოტოგრაფებიო, ამიტომ იქვე მოიგონეს საბაბი და მათ ბრალი ჯაშუშობაში დასდეს. "აღიარებების" შემდეგ კი გამოუშვეს. ვისაც "1984" გაქვთ წაკითხული, ალბათ იცით, რომ ადამიანს რასაც გინდა, იმას აღიარებინებ, "შესაბამის" ხალხს თუ ჩაუგდებ ხელში.
წლის სახელოვნებო სკანდალი - რობერტ სტურუას გათავისუფლება
ცნობილი რეჟისორი რობერტ სტურუა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან ქსენოფობიური განცხადებების გამო გაათავისუფლა. სტურუას თანამდებობიდან გაშვების ამბავს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი თეატრალურ საზოგადოებაში. მსახიობებმა უდიდესი პროტესტის გრძნობა გამოხატეს. ახალი სეზონი რუსთაველის თეატრში სტურუას სპექტაკლით "ნადირობის სეზონი" გაიხსნა, რეჟისორს შესთავაზეს თეატრში სპექტაკლები კვლავაც დაედგა, თუმცა სტურუამ უარი განაცხადა. მას მუდმივი სამუშაო "ეტ-სეტერას" თეატრში შესთავაზეს.
წლის მოულოდნელობა - ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2011 წლის ოქტომბრამდე ხელისუფლების საქმეების მთავარ დამფინანსებლად მიიჩნეოდა, პოლიტიკაში მოვიდა. მისმა განცხადებამ ქართულ პოლიტიკურსა და ჟურნალისტურ წრეებში დიდი ალიაქოთი გამოიწვია. მისი ვაჟიშვილის, რეპერ ბერას სიმღერებმა კი ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას მეტი სიმწვავე შესძინა. იმას, რასაც მამა ამბობს, შვილი აბოლოებს. ბერამ მინისტრ გოგა ხაჩიძესთანაც მოასწრო პოლემიკა. გარემოს დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მის რეპს "აგრესიული და ჩლიფინა" უწოდა, სამაგიეროდ კი კომპლიმენტად ბერასგან შემდეგი სიტყვები მიიღო - "გოგა, გთხოვ, წვიმად გადაიქეცი". ივანიშვილი დღემდე რჩება ნიუსმეიქერებისთვის ერთ-ერთ საინტერესო პერსონაჟად. რით დასრულდება მილიარდერის პოლიტიკაში მოსვლა, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
ჯი-გი-2011
ჯი-ხურები და გი-გი, გი-გი და ჯი-ხურები, 2009 წლიდან ეს სიტყვათშეთანხმება გვესმის და უკვე ძალიან დაგვღალეს, მაგრამ მცოდნე ადამიანები ამბობენ, რომ თბილისის მერიის განზრახვას, მაინცდამაინც ჯიხურებით გაალამაზოს ქალაქის ქუჩები, თავისუფალი მედიის თავისუფალი გავრცელება შეეწირება. ხელისუფლება მაინც ამტკიცებს, რომ კვერცხისა და ძეხვის გაყიდვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრესის, რა თქმა უნდა, ასე იტყვიან - არ ურჩევნიათ, ფეხს ფეხზე გადაიდებენ, მაგრამ ხალხმა რა ქნას მერე? კვერცხები წაიკითხოს?!..
წლის გივი - გივი სიხარულიძე
2011 წელს "ფეისბუქში" გამოჩნდა ახალი გვერდი - "გივი ჩაკ ნორის სიხარულიძე". ჩაკ ნორისი, მოგეხსენებათ, მსახიობი გახლავთ, რომელსაც იმის გამო დასცინიან, რომ ყველა ფილმში და ყველა ეპიზოდში ერთი და იგივე მიმიკა აქვს, გარდა ამისა, ყველა მისი გმირი ყოვლისშემძლეა, საწყალი ნორისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიტალი ხაზარაძესავით აბუჩად ჰყავთ აგდებული და მასზე ათასგვარი გამონათქვამია ცნობილი. ქართველმა ხუმარებმა ქართველ ჩაკ ნორისად გივი სიხარულიძე აირჩიეს, თუმცა ბატონ გივის ამ ტიტულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ აქვს. პირიქით, მიიჩნევს, რომ უცხოელ მსახიობთან შედარება სულაც არ არის ცუდი. გივი სიხარულიძე სულაც არ ჰგავს ცნობილ გივის "ცისფერი მთებიდან", მან ქართულ რეალობაში გივიობის საკუთარი სტანდარტი დაამკვიდრა, ვამბობთ გივის, გვახსენდება გივი სიხარულიძე!.. ამიტომაც დაიმსახურა ამ ნომინაციაში გამარჯვება.
1456
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85