საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი კაპიტნის, კახა კალაძისთვის 2011 განსაკუთრებული წელი იყო. 11 დეკემბერს, "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე "რუს ფეხბურთელ შევჩენკოსთან" ერთად მისულმა კალაძემ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა, ნაკრებიდან, რომლის რიგებშიც კაპიტნის რანგში 50 მატჩი ჩაუტარებია. ბევრმა ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურ ნაბიჯად ჩაუთვალა, ზოგიერთებმა მადლობაც კი ვერ გაიმეტეს, ინტერნეტგამოცემა "მსოფლიო სპორტის" მომხმარებლებმა კი საქართველოს 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ კახა კალაძე დაასახელეს:
- 2011 წლის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა მე დამასახელეს. მიმაჩნია, რომ ამ ჟესტით ქართველმა ქომაგებმა, სანაკრებო კარიერის დასასრულს მხარი დამიჭირეს, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ უღრმეს მადლობას მოვახსენებ.
- რას გრძნობს ნაკრების კაპიტანი, რომელიც ეროვნულ გუნდში 15-წლიან კარიერას თავისი სურვილით ამთავრებს?
- ძალიან მძიმეა, როდესაც 15 წლის განმავლობაში საყვარელ ნაკრებთან ერთად ხარ და მერე მიდიხარ... გული ძალიან მტკივა, ვიცი, რომ რაც დრო გავა, უფრო დამწყდება გული, როდესაც ჯვაროსნები მოედანზე გავლენ, მე კი მათ რიგებში არ ვიქნები.
- დიდხანს იფიქრეთ ამ გადაწყვეტილებაზე?
- ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება ერთ და ორ დღეში არ მიმიღია. ჩემს თავს ამ საკითხზე ხშირად ვეკამათებოდი. 11 ნოემბერს გამართული საქართველო-მოლდოვას თამაშის წინ ვფიქრობდი, გულშემატკივრებისთვის სტადიონზევე მემცნო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, მაგრამ იმ მატჩზე არ გამომიძახეს. გამოდიოდა, რომ, სულ ცოტა, 3 თვეს უნდა დავლოდებოდი რომელიმე თამაშს, მაგრამ ამ შემთხვევაში მწვრთნელებს ნაკლები დრო რჩებოდათ როტაციისა და იმის მოსაფიქრებლად, ვის უნდა ეთამაშა ჩემს ადგილზე, ამიტომ ისევ ნაკრების ინტერესების გათვალისწინებით, 11 დეკემბერს გავახმიანე ჩემი გადაწყვეტილება.
- წასვლის მთავარი მიზეზი დემეტრაძის დაპატიმრების გამო პროტესტი იყო?
- ნაკრებიდან ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ნამდვილად იყო დემეს უსამართლო დაკავება და შემდეგ საოცარი განაჩენის გამოტანა.
- მაგრამ ამ ნაბიჯს მოჰყვა კი ის შედეგი, რაც გინდოდათ? თქვენი ოპონენტები ამბობენ, თუ პროტესტის ნიშნად მიდიოდა, მანამდე რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება, უკვე ისედაც ასაკში იყო, აღარ გამოიძახებდნენო და ა.შ.
- ილუზია არც შემიქმნია, რომ ამ ნაბიჯით რაღაც რადიკალურად შეიცვლებოდა, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოვხატე ჩემი აზრი. ჩემი ე.წ. ოპონენტები მაგას იმიტომ ამბობენ, რომ არ სურდათ ნაკრებში ჩემი გამოძახება, ამიტომ სასურველს რეალობად აღიქვამდნენ. მათდა საბედნიეროდ, ნაკრებს ჰყავს სამწვრთნელო შტაბი, რომელიც წყვეტს, ვინ უნდა გამოიძახოს.
- რამდენიმე დღის წინ შოთა არველაძემ განაცხადა, თავის დროზე ფეხბურთელებმა ხელი მოვაწერეთ დემეს გათავისუფლების თხოვნასო. როცა ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მტკიცებულებების გარეშე დააპატიმრეს, ფეხბურთის ფედერაციას ხმა არ უნდა ამოეღო?
- შოთამ მართალი თქვა, თავის დროზე რამდენიმე სპორტსმენმა და ცნობილმა ადამიანმა მართლა მოვაწერეთ ხელი განცხადებას, სადაც ვითხოვდით დემეს საქმის გამოძიებას და თუ გაათავისუფლებდნენ, თავდებში რამდენიმე ადამიანი ვუდგებოდით. ახლანდელი ფედერაციის რამდენიმე ხელმძღვანელ პირს კი არც სურვილი აქვს და არც უნარი შესწევს, სიტყვა მაინც თქვას დემეს შესახებ.
- თქვენი და ქეცბაიას ურთიერთობაზე რას იტყვით, თემური წინასწარ არ გააფრთხილეთ?
- ფეხბურთის ისტორია სავსეა წასვლის ასეთი მაგალითებით. ნაკრების მწვრთნელს რაც შეეხება, ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ჩემსა და "ქეცბას" ურთიერთობაზე ძალიან ნუ იღელვებენ!
- ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა არ იციან, იქნება თუ არა ნაკრებიდან თქვენი გასაცილებელი შეხვედრა... ხელისუფლების შეცვლამდე თქვენს გამოსათხოვარ მატჩს არც უნდა ველოდოთ?
- ძალიან კარგი კითხვაა, თუმცა არც მე და არც გულშემატკივრების დიდ ნაწილს არა გვაქვს ილუზია, რომ ფედერაცია თუნდაც გამოსათხოვარ მატჩზე დაძრავდა სიტყვას. თანაც, თავადაც არასწორად მიმაჩნია გამოსათხოვარი მატჩის გამართვა, ვიდრე ნაკრების ფორვარდი დემეტრაძე აბსურდული ბრალდებით ზის ციხეში. მით უმეტეს, საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დამისრულებია. ისე კი, გულშემატკივრებს, რომლებიც მზად არიან, მომიწყონ გამოსათხოვარი მატჩი, უდიდეს მადლობას მოვახსენებ და ვპირდები, რომ აუცილებლად მექნება ნაკრებიდან გაცილების მატჩი.
- "არსენალ დეველოპმენტთან" დაკავშირებით თუ არის რამე სიახლე, საურავი ისევ ყოველდღიურად იზრდება?
- მე "არსენალის" პროექტიდან გავედი და იქ დარჩნენ სხვა ინვესტორები, რომლებსაც წარმატებებს ვუსურვებ.
- "რუს" ფეხბურთელ შევჩენკოზეც უნდა გკითხოთ. წლების განმავლობაში თანაგუნდელები რომ იყავით და დღემდე ახლო მეგობრები ხართ, ცნობილია, მაგრამ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ანდრეი როგორ და რისთვის აღმოჩნდა?
- ზოგიერთისთვის "რუსი" ანდრეი შევჩენკო ჩემი უახლოესი მეგობარია. როდესაც შეიტყო, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ვაფუძნებდით, სურვილი გამოთქვა, რომ იმ წუთებში ჩემ გვერდით ყოფილიყო. მინდა, ამ მეგობრული ჟესტისათვის ანდრეის კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა. რაც შეეხება კრიტიკას, ჩემთვის ობიექტური და დასაბუთებული კრიტიკა მისაღებია, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად მაკრიტიკებენ "ჩასაფრებულები", რომელთა უმეტესობაც ნაკრების თამაშზე მხოლოდ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ დადის - ეს ძალიან ცუდია... ისე, კარგია, რომ ნამდვილი სახე ყველამ გამოაჩინა...
- ცოტა ხნის წინ ვაჟიშვილი მონათლეთ. ნათლიებად ვინ აირჩიეთ?
- ლევანიკო შინაურებისა და ახლობლების გარემოცვაში მოვნათლეთ, ნათლიები კი მამა რომანოზი, ბერა ივანიშვილი, აგრეთვე, ანუკისა და ჩემი მეგობრები არიან.. გაზაფხულზე კი მეორე შვილს ველოდებით.
- ახალ წელს, ძირითადად, საქართველოში ხვდებით ხოლმე. იტალიაში ყოფნისას როგორ აღნიშნავთ და რით განსხვავდება მათი და ქართული ახალი წელი?
- საქართველოში დიდი ზარ-ზეიმით უფრო ახალ წელს აღვნიშნავთ, იტალიელები კი 25 დეკემბერს, კათოლიკურ შობას... მხიარულება და დროსტარება ორივე ერს კარგად გამოგვდის.