სალომე ასათიანი, "თავისუფლება"
ამდენი მგონი არასოდეს მიწვალია სათქმელისთვის ფორმის მოსაძებნად. ამ ბლოგის დაწერას უკვე დაახლოებით ორი კვირაა ვცდილობ - მას შემდეგ, რაც ინტერნეტით ეს ვიდეო ვნახე(იხ. ვიდეო სტატიის ბოლოს):
მაგრამ არაფერი გამომდის. ყველა წინადადება, რასაც ვწერ, არასწორი მეჩვენება - ან ხელოვნურად რაციონალური, ან პირიქით, გადაჭარბებულად და გამაღიზიანებლად სენტიმენტალურ-ემოციური.
“ვიღაცა გაგიჟდა და თავი დაიწვა, ეს შიმშილით სიკვდილს ნიშნავს? “ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა?”
აფხაზეთიდან დევნილი ქალის, 2010 წლის შემოდგომაზე დაღუპული ნანა ფიფიას შესახებ ნათქვამი ეს ფრაზები იმდენად შემზარავია, რომ მათ გარშემო საუბარიც და მათი კრიტიკაც კი უსიამოვნო და უხერხულ განცდას ქმნის. თანაც როცა ასეთ პოზიციას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ავლენს - 52 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია “ევროპული საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან გაბიანი. ასეთ ტლანქ სისასტიკეს რაციონალური არგუმენტებით ვერ შეედავები - ეს პოზიცია ამას უბრალოდ არ იმსახურებს, არ აქვს საამისო ლეგიტიმურობა. მასთან ემოციებით და აღელვებით დაპირისპირება კი სხვა საფრთხეებს შეიცავს - შეიძლება ვერ მოზომო, რეაქცია შეურაცხყოფაში გადაგეზარდოს და თან, შენდა უნებურად, ისე გამოჩნდე, თითქოს საკუთარი მორალური უპირატესობის დემონსტრირებას ახდენდე, როგორც კეთილი ჰუმანისტი, რომელსაც “გაჭირვებულებზე” შესტკივა გული და “ბოროტი” ხალხისგან ცდილობს მათ დაცვას.
არადა ართქმა და იგნორირებაც არ გამოდის. პირიქით. ამ ამბის ირგვლივ ძალიან ბევრს უნდა ვლაპარაკობდეთ. იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე უკვე ითქვა და დაიწერა. ამ კონკრეტული ფრაზის შესახებ არა - ის, როგორც უკვე ვთქვი, განხილვას არ ექვემდებარება. თან ქეთევან გაბიანმა ბოდიში მოიხადა და მისი გაუთავებელი კრიტიკა უსამართლოც იქნება. (აქვე ამ ბლოგის მკითხველებსაც დაბეჯითებით გთხოვთ ამისაგან თავი შეიკავოთ. ერთ ადამიანზე გამუდმებული და კოლექტიური თავდასხმა არა მგონია მართებული იყოს.)
განსახილველი პრობლემა, ჩემი აზრით, ბევრად უფრო ღრმაა და იმ ზოგად პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ კონტექსტს უკავშირდება, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ ფრაზის წარმოთქმა საჯარო დისკუსიის დროს. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ერთ ინდივიდს უბრალოდ რაღაც აღმაშფოთებელი “წამოსცდა”. ალბათ მხოლოდ უიმედო ცინიკოსი თუ იტყვის, რომ ქალბატონ გაბიანს მისივე ლოგიკა უნდა დავუბრუნოთ და ვთქვათ, რომ უბრალოდ “სადღაც ვიღაცა გაგიჟდა” და ასეთი სისასტიკე გამოამჟღავნა ეკონომიკური სასოწარკვეთის გამო დაღუპული ადამიანის მიმართ. პირიქით - ჩემი აზრით, ეს განცხადებები რაღაც უფრო ზოგადის სიმპტომია. იმ დისკურსის, მსოფლმხედველობის და პოლიტიკის გაზვიადებული და გროტესკული გამოვლინება, რომელსაც ჩვენს რეალობაში უკვე მყარად აქვს ფეხი მოკიდებული.
ეს ის რეალობაა, რომელშიც დევნილებს შესაბამისი სამინისტრო შემწეობის სახით თვეში 22-დან 28 ლარამდე თანხას გამოუყოფს - და თან მთავრობა პატრიოტული სულისკვეთებით, განვითარების ტემპებით და მსოფლიოში ყველაზე მაგარი აკვაპარკებით თუ ხიდებით იწონებს თავს. ის რეალობა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი თვეში 70 ლარს იღებს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ, სამწევრიან ოჯახს კი, თუ გაუმართლა და სოციალური დახმარების პროგრამაში მოხვდა, ჯამში ერიცხება 78 ლარი - მაშინ, როცა ყველაზე ასკეტური გათვლებით, საარსებო მინიმუმი თვეში ერთი პირისთვის დაახლოებით 150 ლარს შეადგენს. და ის რეალობა, სადაც, ასეთი სოციალური უსამართლობის ფონზე, ტელეარხებით გაუთავებლად გადაცემულ ვიდეოკლიპებში თეთრ, გაპრიალებულ როიალთან ტანგოს ვცეკვავთ და ახალი კოშკების სიმაღლეებიდან დავცქერით ბრჭყვიალა შადრევნებს და მდიდრულ სასტუმროებს.
ყველაზე დამთრგუნველი კი ის არის, რომ ეს რეალობა “ჩვეულებრივად” იქცა. შესაძლოა “ბუნებრივადაც” კი. ამ კონტრასტებზე ლაპარაკი ბანალურია, ეს ისედაც ყველამ იცის. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში, რომელშიც პენსიონერებს ყოველთვიურად უწევთ ღირსების დამაკნინებელი არჩევანის გაკეთება - მწირი პენსია საკვებზე დახარჯონ თუ წამლებზე, თან ისე, რომ საჭირო რაოდენობით ვერც ერთს შეიძენენ და ვერც მეორეს - პრეზიდენტს შეუძლია ერთ მშვენიერ დღეს მოქალაქეებს ზარ-ზეიმით აუწყოს, რომ ხელოვნურად აარსებს “ახალ დიდ ქალაქ ლაზიკას”. ეს ექსტრავაგანტული წამოწყება კი მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს ჭეშმარიტად კომკავშირული სულისკვეთებით გააერთიანებს. იმდენად, რომ შეკითხვასაც არავინ დასვამს მაგალითად იმაზე, რა მასშტაბის თანხები შეიძლება დასჭირდეს ამ გრანდიოზულ წამოწყებას, ეკონომიკური კრიზისის პირობებში საიდან უნდა მოიძებნონ დაპირებული “საინვესტიციო ჯგუფები ევროპასა და აზიაში” და მაინც რა მოცულობის სახსრების გაღება იგეგმება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ პროექტის სისრულეში მოსაყვანად.
ასეთი კონტრასტების და სოციალური უსამართლობის “გაბუნებრივებას”, ამ თემებზე დისკუსიისთვის სიმწვავის მოკლებას ალბათ რამდენიმე მიზეზი აქვს. ცხადია, ამაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ხელისუფლებას და მმართველ პოლიტიკურ კლასს - მათ რწმენას, თანაც, სავარაუდოდ, გულწრფელ რწმენას, რომ მთავრობის მხრიდან მოქალაქეების სოციალურ დაცვაზე განსაკუთრებული ზრუნვა “საბჭოთა გადმონაშთია”, რომელიც ხელს უშლის “მოდერნიზაციას” და “განვითარებას”. გასაგებია, რომ აქ მმართველი ძალის იმ მცირერიცხოვან ბირთვზე მაქვს ლაპარაკი, რომელიც თუნდაც იდეოლოგიური ფორმულებით, მაგრამ მაინც აზროვნებს - და არა იმ უსახურ ასეულებზე, რომელთა ფუნქციებიც ლიდერების უპირობო მორჩილებით და კენჭისყრისას ღილაკებზე ხელის დაჭერით შემოიფარგლება.
თუმცა, რომ არა მედია, ეს მსოფლმხედველობა ასეთი “ჩვეულებრივი” და “ბანალური” ვერ გახდებოდა. სოციალური რეალობის შესახებ დისკურსის შექმნაში მედიას უზარმაზარი როლი აქვს - მას შეუძლია საზოგადოების ყურადღება უმწვავეს პრობლემებს მიაპყროს და ხელისუფლება აიძულოს ამ პრობლემებს გამოეხმაუროს. ჩვენთან კი რა ხდება. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, მედია ან სიყვითლეში იძირება, ან თეთრ როიალთან ცეკვავს - თუ თეთრ ვარდებზე მღერის - “ტანგოს” და თან გაპრანჭული საქართველოს ბუტაფორიული იერსახეებით გვბომბავს, ან კი, მაგალითად, გვიმტკიცებს, რომ „თავისუფალ ეკონომიკურ გარემოში... ნებისმიერი დამქირავებელი სარგებლობს ზუსტად ანალოგიური უფლებით, როგორიც გააჩნია დაქირავებულს. დამქირავებელი საკუთარ კაპიტალს (ფულს) ცვლის გარკვეულ მომსახურებაში, რომელსაც მას უწევს დაქირავებული. ხოლო სამუშაოს მაძიებელს აქვს უფლება, დათანხმდეს ასეთ გაცვლაზე ან - არა. რა დამატებითი, განსაკუთრებული შრომითი უფლებები შეიძლება და უნდა გააჩნდეს დაქირავებულს, გაუგებარია.“ ამ ფორმულით გამოდის, რომ, ვთქვათ, გლობალური მასშტაბის და მულტიმილიონიანი ბრუნვის მქონე კორპორაცია და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები, სამუშაოს მაძიებელი ადამიანი თვისებრივად ერთნაირ პოზიციებზე დგანან. მუშა, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მშენებლობაზე ან შრომითი უსაფრთხოების დამრღვევ მაღაროში მუშაობს და იღუპება, ამას თავისი არჩევანით აკეთებს. მას ხომ ჰქონდა უფლება არ დათანხმებულიყო ასეთ სამუშაო პირობებს? რატომ დათანხმდა? რაც მოხდა, მისი ბრალია. გაუგებარია, რატომ უნდა მოვთხოვოთ დამქირავებელს შრომითი პირობების გაუმჯობესება და დაქირავებულთა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.
ეს ყველაფერი რომელიღაც განყენებულ, სქემატურ ტექსტში - ვთქვათ, ლიბერტარიანიზმის ადაპტირებულ გზამკვლევში - რომ ეწეროს, კიდევ გასაგები იქნებოდა. მაგრამ ჩვენი რეალობა, უმუშევარი და სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა “დაქირავებულების არჩევანზე” ასეთ ცივ, მშრალ და სწორხაზოვან მსჯელობას გროტესკულ ელფერს ანიჭებს. შესაძლოა არა ისე თავზარდამცემად გროტესკულს, როგორიცაა შეკითხვა “ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა?”, მაგრამ საქმე მაინც ერთსა და იმავე მსოფლმხედველობასთან, ერთსა და იმავე ენასთან თუ დისკურსთან გვაქვს.
თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, ჩემი აზრით, მაინც საზოგადოებაშია. იმაში, რომ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის ფორმის შესახებ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ, პროგრესულ და საჭირო კანონს ქუჩებში ემოციამოჭარბებული და აღშფოთებული ათასები გამოყავს - ნანა ფიფიას ტრაგედიამ კი მშვიდად ჩაიარა. კი, გავბრაზდით, შევწუხდით, შეგვეცოდა - მაგრამ განსაკუთრებული არაფერი. ისიც კი არ მოგვითხოვია, გამოეძიათ გავრცელებული ხმები, რომ ფიფია თავის დაწვამდე სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვებმა მიიყვანა - მთავრობის მიერ ახალ ადგილას ჩასახლების შემდეგ თუნდაც „ბალახი ძოვეო“.
ბუაზიზი საავადმყოფოში. მარცხნიდან მეორე: პრეზიდენტი ბენ ალი
იცით, როგორ დაიწყო ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე “არაბული გაზაფხული?” ერთი წლის წინ - 2010 წლის 17 დეკემბერს - 26 წლის ტუნისელმა ხილის გამყიდველმა, მუჰამედ ალ ბუაზიზიმ, უკიდურესი სიღარიბის გამო ერთ-ერთი სამთავრობო დაწესებულების წინ დაიწვა თავი. მას პოლიციამ მუშაობის საშუალება არ მისცა - ხილის დახლი ჩამოართვა და უთხრა, საჭირო ლიცენზია არ გაქვსო. ყვებოდნენ, რომ ბუაზიზის პოლიციელმა გაარტყა კიდეც. სხვა ვერსიებით, მას ამ ამბის გასაჩივრების მცდელობისას დასცინეს და დაამცირეს. ასეა თუ ისე, ბენზინის შოვნა ბუაზიზიმაც მოახერხა - და საკუთარი თავის დაწვასთან ერთად, მთელ ქვეყანას, და შემდეგ უკვე რეგიონს მოსდო ცეცხლი. მისმა სასოწარკვეთილმა ნაბიჯმა ტუნისში ბიძგი მისცა ამბოხებას, რომელიც შემდეგ ეგვიპტეს, ლიბიას, სირიას, იემენს და სხვა ქვეყნებს მოედო.
თავის დაწვის შემდეგ ბუაზიზიმ 18 დღე იცოცხლა. საავადმყოფოში ის მაშინდელმა პრეზიდენტმაც კი მოინახულა - ზინე ელ აბიდინ ბენ-ალიმ, რომელიც სულ მალე სახალხო ამბოხების შედეგად დაამხეს. დღეს უკვე ფაქტია - მუჰამედ ალ ბუაზიზის საპროტესტო აქტმა ისტორია შეცვალა. მას, როგორც “არაბული გაზაფხულის” სიმბოლოს, სიკვდილის შემდეგ ევროპის პარლამენტმა სახაროვის სახელობის პრემიაც კი მიანიჭა.
ამ პარალელის მიუხედავად, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ საქართველოში "არაბული გაზაფხულის" ქვეყნების მსგავსი ზოგადი ვითარებაა. ცხადია, იქ განსხვავებული, ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკური გარემოა და რევოლუციებს და ამბოხებებს სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი - ფაქტორებმა, რომლებიც, საბედნიეროდ, საქართველოში არ გვხვდება. უბრალოდ, კონტრასტია თვალშისაცემი - გაჭირვებისგან სასოწარკვეთილი ადამიანის დრამატულმა ნაბიჯმა ტუნისში არა მხოლოდ თანაგრძნობა აღძრა, არამედ პროფკავშირების წარმომადგენლები, სტუდენტები, აქტივისტები, იურისტები, უმუშევრები დარაზმა უსამართლობის გასაპროტესტებლად. ჩვენს გარემოში, ჩვენს კულტურულ კონტექსტში კი, როგორც დავინახეთ, ასეთივე უკიდურესი აქტის ჩამდენი, ტრაგიკული ადამიანის შესახებ შესაძლებელი ყოფილა ხმამაღლა გაიჟღეროს ფრაზამ - “ბენზინი ხომ იშოვა, თავი რომ დაეწვა?” (აღარაფერს ვამბობ იმაზე, ეს გარემოება რამდენად განგვასხვავებს დასავლეთის კულტურული კონტექსტისგან. ასეთი ფორმისა და შინაარსის განცხადებით გამოსვლა მართლა ძალიან ძნელი წარმოსადგენია ევროპულ და ზოგადად, დასავლურ სივრცეში - რაც უნდა პლურალისტურ, მრავალფეროვან და დინამიურ საზოგადოებებთან გვქონდეს საქმე).
ამიტომაც მგონია, რომ პირველ რიგში სწორედ ეს ზოგადი გარემო თუ კონტექსტი უნდა შეიცვალოს. ის, რომ ჩვენს გვერდით ძალიან ბევრი ადამიანი ცუდად ცხოვრობს - სასოწარკვეთაშიც კი - არ უნდა ითვლებოდეს განვითარების პროცესში მყოფი ქვეყნისთვის ბუნებრივ, ნორმალურ და თავისთავად ცხად გარემოებად. გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა, გლობალური პარამეტრებით, მდიდარი არ არის - მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც გამუდმებით და სერიოზულად უნდა ვლაპარაკობდეთ საზოგადოებაში რესურსების განაწილებაზე, სოციალურ სამართალზე, საბიუჯეტო თანხების მართებულად და სამართლიანად ხარჯვაზე. ხელისუფლებას, განვითარებისა და მოდერნიზაციის შესახებ მისი ენერგიული და ექსცენტრიული ნარატივების ფონზე, მუდმივად უნდა შევახსენებდეთ, რომ „ბაზრის უხილავი ხელის“ ფორმულა უსამართლობას ვერ გადაჭრის, „მშპ-ის ზრდა“ კი ავტომატურად არ ნიშნავს ღარიბი ხალხის ყოფის შემსუბუქებას. სხვა თუ არაფერი, მას, როგორც მინიმუმ, იმის უზრუნველყოფა უნდა შეეძლოს, რომ ყველაზე უმწეო და დაუცველი ადამიანები ფიზიკური გადარჩენისთვის აუცილებლად მიჩნეულ თანხას მაინც იღებდნენ.
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ თანაგრძნობის უნარი და ჰუმანიზმი უნდა გამოიჩინოს „გაჭირვებულების“ მიმართ. სენტიმენტებს არავინ ითხოვს. პრობლემა რაციონალურადაც იოლი აღსაქმელია - იქ, სადაც ეკონომიკური უსამართლობა, რესურსების მწვავე უკმარისობა, სასოწარკვეთა და ნიჰილიზმი ფართოდაა მოდებული, შეუძლებელია საუბარი პოლიტიკურ წინსვლაზე, საზოგადოების განვითარებაზე, დემოკრატიულ ჩართულობაზე და სამოქალაქო აქტივობაზე. ასეთ ვითარებაში ბუნებრივი და ლოგიკურიც არის, რომ, საზოგადოების ერთ ნაწილს თუ დავუჯერებთ, ჩვენში კვლავაც ძლიერია „მესიის და მხსნელის“ მოლოდინი - რაც, როგორც ვიცით, გამორიცხავს დემოკრატიისთვის აუცილებელ პირობებს, კრიტიკულ აზროვნებას და ძალაუფლების მიმართ სკეფსისს.
ამასობაში მართლა ძალიან გამიგრძელდა როგორც ბლოგის წერის პროცესი, ისე საკუთრივ ტექსტიც. ამის გამო მისი გამოქვეყნება უკვე სადღესასწაულო პერიოდში მიწევს - არადა ეს მძიმე თემა არ შეესაბამება წინასაახალწლო განწყობას. თუ გეხამუშათ, შეგიძლიათ მისი წაკითხვა და, მითუმეტეს, აზრის გამოთქმა დღესასწაულების შემდგომი პერიოდისთვის გადადოთ.
ოღონდ ერთი კია. ახალი წლის ღამეს, როცა ბროლის ჭაღების, ბზინვარე დეკორაციების, მდიდრული ფასადების ფონზე მსუბუქი საოპერო არიებით, ყინულზე მოსრიალე წყვილებით და ხულიო იგლესიასის მასკულინური ვნებებით მორიგი „გრანდიოზული“ კონცერტი გაიმართება - ვიღაც კი ჩაიბუზღუნებს, პომპეზურობის ამ ილუზიის შესაქმნელად მილიონების ხარჯვა უადგილოა იქ, სადაც უამრავ ადამიანს უკიდურესად უჭირსო - ნუ ეტყვით, რომ მისი პოზიცია სენტიმენტალური და არასწორია. და, მითუმეტეს, ნუ მიუთითებთ, რომ ასეთი კონტრასტები და სოციალური უსამართლობა რაიმე კუთხით „ჩვეულებრივი“, „ნორმალური“ ან „ბანალური“ შეიძლება იყოს.
987
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85