"თავისუფალი საქართველო" გამოთქვამს მზადყოფნას, თავად დაიწყოს ანქვაბთან ტრანზიტის გახსნაზე მოლაპარაკებები


"მოსკოვიდან ახლახან დაბრუნებული"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა რუსეთის ბაზრის გახსნას 2012 წლის თებერვლიდან ვარაუდობს. 2011 წლის 23 დეკემბერს გაიმართა მორიგი შეხვედრა რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდა რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის ფონდის ხელმძღვანელი პროფესორი ვლადიმერ ხომერიკი. მოგეხსენებათ, კუკავას პარტია 2011 წლის მარტიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო სანქციების მოხსნის თაობაზე. ხოლო 2011 წლის ოქტომბერში "როსპოტრებნადზორთან" მოლაპარაკებებში ჩაერთო აგრეთვე საქართველოს ექსპორტიორთა ასოციაცია. ახლახან კუკავამ საქართველოს მოსახლეობას მოსკოვური ვიზიტის დეტალები გააცნო", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კახა კუკავა: "ქართული პროდუქცია რუსეთში უნდა დაბრუნდეს".

"რუსულმა დელეგაციამ ქართულ დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა, რომ პრაქტიკულად დასრულდა მოლაპარაკებები ასოციაციის წევრი ექვსი კომპანიის საექსპორტო საბუთების შემოწმებასთან დაკავშირებით, ხოლო 2012 წლის იანვარში დაგეგმილია უკვე სერტიფიცირების საბოლოო ეტაპი - პროდუქციის სინჯების ლაბორატორიული შემოწმება, - განაცხადა კუკავამ. იგი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში ექსპორტიორთა ასოციაციის ეგიდით, რომელიც წარმოადგენს ქართულ ინტერესებს საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კერძო სამართლის პრინციპების საფუძველზე. "მიგვაჩნია, რომ რუსეთის ბაზარზე ჩვენი პროდუქციის დაბრუნება არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და მთლიანად ქართული სოფლის, როგორც დემოგრაფიული ერთეულის გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მოვუწოდებთ კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ქართული ექსპორტის გაზრდის უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობას", - აცხადებს კუკავა, რომელიც ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, ხელს ნუ შეუშლის "ოპოზიციის ამ სასიკეთო წამოწყებას", - აღნიშნავს გამოცემა.

"კუკავა აფხაზეთის საკითხსაც შეეხო - მისი თქმით, "თავისუფალი საქართველო" მიესალმება რკინიგზის გახსნის ალექსანდრ ანქვაბისეულ ინიციატივას - "მიგვაჩნია, რომ აღნიშნული დადებითად აისახება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების საკითხზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ანქვაბის განცხადებაზე და დაიწყოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ამ ინიციატივის განსახორციელებლად. ხელისუფლებისგან იგნორირების შემთხვევაში "თავისუფალი საქართველო" გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, თავად დაიწყოს ბატონ ანქვაბთან ტრანზიტის გახსნის ინიციატივაზე მოლაპარაკებების პროცესი, როგორც ეს მოხდა რუსული ემბარგოს მოხსნის საკითხზე", - განაცხადა კუკავამ. იგი მხოლოდ ამ საკითხებით არ შემოფარგლულა და ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კოდექსის შესახებ ერთიან პოზიციაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა", - დასძენს გამოცემა.

"კუკავას თქმით, ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯი, რაც შეიძლება დღეს დაუპირისპირდეს სააკაშვილის გამოწვევას, მთელი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთიანი პოზიციაა მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ ამ კოდექსის პირობებში საქართველოში თავისუფალი არჩევნები ვერ გაიმართება. კუკავას პარტია მოუწოდებს ოპოზიციას, იანვარი და თებერვალი საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებისთვის გამოიყენონ, ხოლო ხელისუფლების უარის შემთხვევაში გაზაფხულიდან ამ რეჟიმს ერთადერთი მისთვის გასაგები იარაღი - თბილისის ქუჩებში საპროტესტო აქციები დაუპირისპირონ. პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთობლივი განცხადების პროექტი უახლოეს დღეებში გამოქვეეყნდება და გაიმართება საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ ძალასთან საბოლოო რედაქციის შესამუშავებლად", - წერს სტატიის ავტორი.