დედამიწა არ არის გადაჭედილი, ის უბრალოდ ცუდად იმართება

დედამიწა არ არის გადაჭედილი, ის უბრალოდ ცუდად იმართება


2011 წელს უცხოეთში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ჩამონათვალს მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესი "არაბული გაზაფხულით" დავიწყებთ. 

ტირანიის წინააღმდეგ მიმართულმა მოძრაობამ ჯერ კიდევ გასულ, 2010 წლის მიწურულს აიღო სტარტი, მთელ 2011 წელს გადასწვდა და ისეთი პირი უჩანს, 2012 წელსაც ერთ-ერთ "მთავარ თემად" დარჩება მსოფლიო პოლიტიკურ პალიტრაში.

არაბულ სამყაროში ჩასახული საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც იდეური შინაარსიდან გამომდინარე, მოგვიანებით "არაბული გაზაფხული" უწოდეს, მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური ძვრების უშუალი გამოძახილი იყო. 

გაზეთმა "თაიმსმა" 2012 "წლის ადამიანის" ტიტული ზოგადად აღებულ მეამბოხის პერსონას მიაკუთვნა, თუმცა, როგორც ყველა რევოლუციურ მოძრაობას, მასაც ჰყავს თავისი კონკრეტული გმირი: ტუნისში ცხოვრობდა ერთი ღარიბი ხილით მოვაჭრე, 27 წლის მუჰამედ ალ ბუაზიზი. გასული წლის დეკემბერს მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ის მშობლიური ქალაქის ქუჩებში ულიცენზიოდ ვაჭრობის გამო 7 დოლარით დააჯარიმა, წაართვა სასწორი, ხოლო დახლზე დაწყობილი ხილი და ბოსტნეული გადაუყარა, ასევე, "ჭკუის სასწავლებლად" გაასილაქა კიდეც. ბუაზიზიმ სამართლის საძებნელად მერიას მიმართა, მაგრამ იქ არავინ მოუსმინა. მაშინ სასოწარკვეთილმა მერიის წინ მოედანზე ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა (ამ მოედანს დღეს მისი სახელი ჰქვია). მისი თვითმკვლელობის აქტი ის ნაპერწკალი აღმოჩნდა, რომლისგან გაჩენილი ცეცხლი 2011 წელს ხანძარივით მოედო აფრიკისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს და რევოლუციები, სისხლი და ტირანთა დამხობა მოუტანა. 

დაიწყო იმით, რომ ტუნისის ხელისუფლება დაემხო(გამოსვლებით დაშინებულმა პრეზიდენტმა მოინახულა საავადმყოფოში მყოფი მომაკვდავი ბუაზიზი და მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო, მაგრამ ამან ვეღარ უშველა და 23 წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა), გადადგა იემენის პრეზიდენტი აბდალა სალეხიც (რევილუციის იემენელი აქტივისტი ტავაკულ კარმანი წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატიც გახდა), ამას მოჰყვა ალჟირი, სირია, ერაყი, იორდანია, მაროკო, ეგვიპტე, ლიბია.…

განსაკუთრებით დრამატულად მოვლენები ეგვიპტესა და ლიბიაში განვითარდა. კაიროს ცენტრში მოწყობილ მრავალმილიონიან მანიფესტაციებს რამდენიმე ასეული მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, რამაც დაასრულა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისა და მისი კლანის 30-წლიანი მმართველობა. ყველაზე მძიმე "გაზაფხული" წელს მაინც ლიბიელ ხალხს და მის "ძმურ ბელადს", პოლკოვნიკ მუამარ კადაფის დაუდგა. კადაფის 42-წლიანი ტირანიის დასრულების მოთხოვნით გამართული საპროტესტო გამოსვლები სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომელმაც მრავალი ათასი ადამიანი შეიწირა. კონფლიქტში ნატო-ს ავიაციის ჩართვამ აჯანყებულებს გამარჯვება მოუტანა. თუმცა, რაც კადაფისა და მის ოჯახს გამარჯვებულებმა მოაწიეს, ძნელია დაერქვას სამართლიანობის ზეიმი. ეს ახალი მოძალადის მიერ ძველზე განხორციელებულ სასტიკ და ამაზრზენ ანგარიშსწორებას უფრო ჰგავდა, რასაც ცივილიზებულ სამყაროში მიღებულ ნორმებთან არაფერი აქვს საერთო (გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ამასთან დაკავშირებით განმარტებები და გამოძიების დაწყება მოთხოვა ლიბიის რევოლუციურ ხელისუფლებას).

წელს ბუნებამ კვლავ შემოუტია იაპონიას. 11 მარტს ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა კატასტროფამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მარადიული ჭეშმარიტება, რომ ადამიანთა შორის ყველაზე "ჭკვიანი" ტექნოლოგიების გამომგონებელი იაპონელებიც კი უძლურნი არიან ბუნების ძალთა წინაშე. წყნარი ოკეანიდან მოვარდნილმა ცუნამიმ, რომელიც ოკეანის სიღრმეში მომხდარ 9-ბალიან მიწისძვრას მოჰყვა, როგორც მუყაოს კუბებისაგან აწყობილი სათამაშო ქალაქი, ისე აღგავა მიწის პირიდან სანაპირო ზოლში გაშენებული საცხოვრებელი კვარტლები, ტალღებში აბურთავა უზარმაზარი საზღვაო ხომალდები და ავტომობილები. რაც მთავარია, შეძლო უმაღლესი სეისმომდგრადობით აღჭურვილი ატომური რეაქტორის დაზიანება, საიდანაც ყოველივე ცოცხალისათვის დამღუპველმა რადიაციამ გაჟონა. დამანგრეველმა 10 მეტრიანმა ტალღამ ამერიკის კონტინენტამდეც მიაღწია ალიასკიდან ჩილემდე. სულ სტიქიურ კატაკლიზმს 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო იაპონიამ 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი განიცადა.

ახალ 2012 წელს კაცობრიობა #1 ტერორისტის გარეშე ხვდება. 1 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ სპეციალურ სატელევიზიო გამოსვლაში ამერიკელ ერს და მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ 2001 წლის ტერაქტის ორგანიზატორი, ტერორისტული ორგანიზაციის "ალ ქაიდას" ლიდერი უსამა ბენ ლადენი ლიკვიდირებულია. ტერორისტი, რომელსაც ამერიკის სპეცაგენტები წლების განმავლობაში ავღანეთის მიუვალ მთებში მოწყობილ კატაკომბებში ეძებდნენ, პაკისტანში, ისლამაბადის ახლოს მდებარე ელიტურ სამხედრო დასახლებაში აღმოაჩინეს. ბენ ლადენი აქ მაღალი გალავნით გარემოცულ სამსართულიან სიმაგრეში ცხოვრობდა. სპეცსამსახურებმა მის კვალს უსამას ერთ-ერთი კურიერის წყალობით მიაკვლიეს. ამერიკის საზღვაო ქვეითებს 40 წუთი დასჭირდათ ტერორისტის გასანადგურებლად. მასთან ერთად მოკლული იქნენ ბენ ლადენის შვილი და ძმა, ასევე ერთი ქალი, სავარაუდოდ, მისი ცოლი. დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბენ ლადენის ნეშთი სამხედრო ხომალდით არაბეთის ზღვაში გაიტანეს და წყალში ჩაუშვეს, თუმცა ამით თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი ჭირი, ტერორიზმი მაინც ვერ დაასამარეს. 

"ჩემი ბავშვობის სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა", 
– ასეთი კომენტარი გაუკეთა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონ სტილტენბერგმა 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე მომხდარ ტრაგედიას. ოსლოს ცენტრში მოწყობილი აფეთქების შემდეგ 32 წლის ანდრეს ბრეივიკი კუნძულზე მოწყობილ საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში ჩავიდა და კარაბინითა და პისტოლეტით შეიარაღებულმა მოზარდებზე ნადირობა გამართა. შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, 97 კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის აღმოჩნდა ჩვენი თანამემამულეც _ თამთა ლიპარტელიანი. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის, პოლიციამ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და წარმატებულ ძალოვან სტრუქტურად ითვლება, მკვლელს ვერაფრით შეუშალა ხელი. რაც შეეხება მოტივაციას, ბრეივიკმა განაცხადა, რომ თავისი ქმედებით ევროპის ისლამიზაციისაგან გადარჩენა სურდა და ამისათვის 45 ათასი ადამიანის განადგურება ჰქონდა ჩაფიქრებული. 22 ივნისის ტერააქტები მხოლოდ დასაწყისი იყო. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ბრეივიკს პარანოიდალური შიზოფრენიის დიაგნიზი დაუსვა.

წელს კაცობრიობას ერთი გენიალური ადამიანიც გამოაკლდა, რომლის შექმნილმა "იარაღებმაც" განსაზღვრა თანამედროვე საქმიანი (და არა მხოლოდ საქმიანი) ადამიანის სახე. `ადამიანები შეძლებენ უდიდესი საქმეების აღსრულებას, თუ მათ შესაფერისი იარაღებით მოვამარეგებთ~ _ ეს სიტყვები კომპანია "ეპპლეს" ერთ-ერთ დამაარსებელს სტივ ჯობსს ეკუთვნის, რომელიც 5 ოქტომბერს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯობსმა, თავის ბავშვობის მეგობართან ერთად, `ეპპლე~ 1976 წელს დააარსა და სულ მალე საზოგადოებას წარმოუდგინა პროექტი `მაკინტოში~ _ თანამედროვე პერსონალური კომპიუტერის უშუალო "წინაპარი". დღეისათვის კორპორაცია "ეპპლე" კაპიტალბრუნვით მესამეა მსოფლიოში, ხოლო ჯობსის ინიციატივით შემუშავებული გენიალური ნოვაციების, მათ შორის `აიპოდების,~ `აიფონებისა~ და `აიპადების~ გარეშე, თანამედროვე ადამიანს არამცთუ უდიდესი, თვით უმნიშვნელი საქმეების კეთებაც წარმოუდგენლად ესახება. 

17 სექტემბერი ამერიკის შეერთებულ შტატებში "მრისხანების დღედ" გამოცხადდა. ნიუ-იორკის ათასობით მცხოვრები ქვეყნის ფინანსური ცენტრის "უოლ სთრითისაკენ" დაიძრა. იქ საფონდო ბირჟის შენობის სიახლოვეს მანიფესტანტებმა კარვები გაშალეს და საზოგადოებას ხანგრძლივი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ აუწყეს. ამერიკის რიგითი მოქალაქეები აპროტესტებდნენ მსხვილ კორპორაციათა ფინანსურ პოლიტიკას, რომელიც მათი აზრით, ქვეყნის მოსახლეობის 99%-ის გაღატაკებას ხარჯზე 1%-ის გამდიდრებას იწვევს.

საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც "დაიკავე უოლ სთრითი" დაერქვა, მალე ამერიკის სხვა ქალაქებსაც მოედო და ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. ერთი თვის თავზე კორპორაციათა "სიხარბის" წინააღმდეგ ამერიკისა და ევროპის 82 ქვეყნის 1400 ქალაქში მოეწყო საპროტესტო გამოსვლები. მანიფესტანტებმა გადაკეტეს ქალაქების მთავარი მაგისტრალები და მოახდინეს სავაჭრო ნავსადგურების ბლოკირება. ლონდონელებმა აქციას "დაიკავე ლონდონი" დაარქვეს და ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში სასამართლოს შენობა დაიკავეს. დაიწყეს ე.წ. შავი სიების შედგენა, სადაც ქვეყნის უმსხვილეს ტრანსკორპორაციათა მფლობელი "გასუქებული კატების" სახელები ჩამოწერეს, რომელთაც სულ მალე "ხალხის სამსჯავროზე" უპირებენ წარდგენას. ბარსელონაში ნიუ-იორკელთა სოლიდარობის ნიშნად ხალხმა ქალაქის საფონდო ბირჟის ბლოკირება მოახდინა. რომში მანიფესტანტებმა თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების შენობებს წაუკიდეს ცეცხლი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იძულებული გახდა ეღიარებინა პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული მოქალაქეების ბრალდებათა სამართლიანობა. 

ჩვენგან ჩრდილოეთითაც "დაიძრა ყინული" და ამ უდიდეს საქმეს ზემოთ ნახსენები სტივ ჯობსისა და მიერ შექმნილი "იარაღების" გარეშე არ ჩაუვლია. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე რუსეთს არ უნახავს ისეთი მასშტაბური საპრიტესტო გამოსვლები, როგორიც წლეულს, დეკემბრის თვეში მოხდა ქვეყნის უდიდეს ქალაქებში.. მოსკოვის ცენტრალურ მოედნებზე ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების მიმართ პროტესტის გამოსახატავად გამოსული მოქალაქეების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ე.წ. მშიერი ბუნტი, არც რევოლუციისაკენ მოუწოდებდნენ ორატორები ხალხს. მომიტინგეთა აბსოლუტური უმრავლესობა საზოგადოების უზრუნველყოფილ ფენას მიეკუთვნებოდა და მათი უმთავრესი მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების ჩატარება იყო. გამოსვლების ორგანიზება ინტერნეტქსელების საშუალებით მოხდა, სადაც განთავსებული იყო მოწოდებები და აიპადებით გადაღებული საარჩევნო უბნებში მომხდარი დარღვევების ამსახველი ვიდეო მასალა.

ასეთი ვიდეოების რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა. სწორედ ამიტომ ამ ახალი ტიპის მომიტინგეებს `აიდეკაბრისტები~ შეარქვეს. საპროტესტო გამოსვლებს უკვე მოჰყვა გარკვეული შედეგი, თუმცა, როგორც `აიდეკაბრისტები~ აცხადებენ, გადამწყვეტი რაუნდი მარტში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაიმართება(გამოსვლების აქტიური მონაწილე, ქართული წარმოშობის რუსი მწერალი ბორის აკუნინი ჟურნალმა "ვედომოსტიმ" "წლის პატიოსან სახედ" აღიარა). 

კიმ ჩენ ირი და ვაცლავ ჰაველი _ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ ორი პილიტიკოსის სახელი გვერდიგვერდ შეიძლება მოვიხსენიოთ, არის ის, რომ ორივე მათგანი დეკემბრის თვეში გარდაიცვალა. პირველი _ 17 დეკემბერს, მეორე _ მომდევნო დღეს. მეტი საერთო, როგორც პიროვნებებსა და პოლიტიკოსებს, მათ არაფერი აქვთ. 
ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის გენერალურ მდივანს, "უზენაეს ლიდერს", "ჩვენს მამას", "გენერალისიმუსს" მთელი კორეა დასტიროდა. მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ და ჩაკეტილ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანები, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ქვითინებდნენ და შუბლს მიწას ახლიდნენ საკუთარი კერპის უზარმაზარი ქანდაკებებისა და სურათების წინაშე. ამის შემხედვარე კაცობრიობის დარჩენილ ნაწილს კი (გარდა ძალზე მცირე გამონაკლისისა) ეცინებოდა, ანაც გულწრფელად ეცოდებდა ეს "დროსა და სივრციდან" სრულიად ამოვარდნილი ხალხი. 

ვაცლავ ჰაველს ჯერ კიდევ სიცოცხლეში უწოდეს "დიდი ევროპელი". ჩეხი მწერლის, დრამატურგის, პოეტის, ესეისტის, სამართალდამცველის, დისიდენტისა და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ხსოვნისადმი პატივის მიგებით არა მხოლოდ ჩეხებმა, არამედ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ჰუმანურ იდეებზე დაფუძნებულ ახალ ევროპას, პოლიტიკაში მორალური პრინციპების შეტანასა და დამკვიდრებას მოუხარა ქედი. ჰაველი თვალსაჩინო მაგალითი გახლდათ იმისა, რომ უმაღლესმა ძალაუფლებამაც შეიძლება არ გარყვნას ადამიანი და უკიდურეს შეჭირვებასაც და პატივგებასაც ისე "გაუმკლავდეს", რომ მორალური სახე შეინარჩუნოს.

სამწუხაროდ, მსოფლიოს 2011 წლის უმთავრესი მოვლენების ჩამონათვალი ტრაგიკულ ამბებთა ქრონოლოგიას დაემსგავსა. არადა, ამ წელს კარგიც ბევრი იყო. მათ შორის ერთი, ამ საახალწლოდ, ბოლოსთვის "შემოვინახეთ": გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთა განსახლების ფონდმა გამოაცხადა, რომ მსოფლიოს მოსახლეობამ 7 მილიარდს მიაღწია. საპატიო "მემილიარდის" ვინაობა, გასაგები მიზეზების გამო, სიმბოლურად შეირჩა. გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონის, ინდოეთის მკვიდრი, რომელიც სამყაროს 31 ოქტომბერს მოევლინებოდა. სწორედ ამ დღეს სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაიბადა გოგონა, სახელად ნარგის იადავი. ამ დღიდან მოყოლებილი მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუძლია იამაყოს, რომ კაცობრიობის "საიუბილეო" _ მეშვიდმილიარდე წევრია.

ინგლისურმა გაზეთმა "გარდიანმა" მკითხველთა გამოგზავნილი პატარასადმი მიმართული "მისალმებებიც" გამოაქვეყნა, მათ შორის ერთი ასეთია: "კეთილი იყოს, პატარავ შენი მობრძანება სამყაროში და გვაპატიე ასეთი არეულობისთვის. ბოდიშს გიხდი "ბიბისის" მაგივრად, სადაც შენს დაბადებაზე გაკეთებული გადაცემის დროს თქვეს, რომ დედამიწა ისედაც გადაჭედილია. როგორი უსიამოვნო და არასწორი დახვედრაა. დედამიწა არ არის გადაჭედილი _ ის უბრალოდ ცუდად იმართება. გააკეთე რამე იმისთვის, რომ დაეხმარო მას, მაშინაც კი, თუ ბევრის გაკეთება არ შეგიძლია, ასევე, დატკბი ცხოვრებით" . . .