ბელა ზაქაიძე, "ინტერპრესნიუსი"
სამართლის სფეროში აღინიშნა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ტენდენციები. 2011 წლის უარყოფით ფაქტებად საზოგადოების ნაწილი 26 მაისს, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, აქციების დაშლას, ფოტორეპორტიორების საქმეს , ე.წ. პოლიტიკური ნიშნით დაკავებებს, პატიმართა და პრობაციონერთა რიცხვის ზრდას, ციხეებში სიკვდილიანობის მატებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებს მიიჩნევს.
წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება 2011 წელს დანაშაულის კლების ტენდენციის შენარჩუნება, ოფიციალური კვლევების მიხედვით, მოქალაქეები უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, პოლიციის მიმართ მოსახლეობის მაღალი ნდობა ნარჩუნდება, სასამართლოს, შსს-ს და იუსტიციის სამინისტროს სერვისების გაუმჯობესება. წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებით.
26 მაისი - ყველაზე მასშტაბური დაკავებების დღე
2011 წლის ყველაზე მასშტაბური დაკავება 26 მაისს განხორციელდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე "სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილე 105 პირი დააკავეს. მათ უმრავლესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხულიგნობასა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულში დაედო ბრალი.
შსს-ს ინფორმაციით, მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი; ასევე, გადრაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი, რომლებიც იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც მიტინგის ორგანიზატორთა ესკორტი მაღალი სიჩქარით ტოვებდა აქციის მონაწილეების გასასვლელად გაკეთებულ კორიდორს.
არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი, 26 მაისის აქციის დაშლისას, სიცოცხლის უფლების ხელყოფის 5 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პოლიციელის და 4 აქციის მონაწილის.
ირაკლი ოქრუაშვილის არშემდგარი შემოსვლა საქართველოში
მაისი ყველაზე დაძაბული თვე იყო. ამ პერიოდში შსს-მ გაავრცელა მასალა, რომლის მიხედვითაც, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში არეულობის მოსაწყობად ცხინვალიდან რუს ჯარისკაცებთან ერთად უნდა შემოსულიყო. ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფი დააკავა, რომლის რამოდენიმე წევრი დაკავშირებული იყო "ქართულ პარტიასთან". დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილსაც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპერატიული აუდიო და ვიდეომასალა გაავრცელა იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავებული ჯგუფის წევრებს მაისის თვის ბოლოსთვის უნდა განეხორციელებინათ. მათ უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში დაედოთ ბრალი.
ფოტორეპორტიორების საქმე
2011 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ დაკავებას, ფოტორეპორტიორების საქმეს საზოგადოების ნაწილი 26 მაისის მოვლენებს უკავშირებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, ირაკლი გედენიძემ 26 მაისისს გადაღებული ფოტოები, სადაც 26 მაისის სისხლიანი კადრებია ასახული, მსოფლიოს წამყვან მედიასაშუალებებს მიაწოდა. ირაკლი გედენიძესთან ერთად, ჯაშუშობის ბრალდებით7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა დააკავა მისი მეუღლე ნათია გედენიძე, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და "ალიას" ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე.
დაკავებულ პირებს ბრალი ედებოდათ "ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებაში".
აღნიშნულმა ფაქტმა მედიის მწვავე საპროტესტო აქციები გამოიწვია, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საპროცესო შეთანხმებით ფოტორეპორტიორები პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
საზოგადოების ნაწილს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვები დღემდე დარჩა. მათ მიაჩნიათ, რომ შსს-ს მხრიდან ფოტორეპორტიორების ბრალის დამადასტურებელი დამაჯერებელი და მყარი არგუმენტები წარდგენილი არ არის.
ვეტერანთა აქცია-2011 წლის პირველი გახმაურებული დაკავება
2011 წელი საპროტესტო აქციის დაშლით დაიწყო. სამართალდამცველებმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე ვეტერანთა აქცია დაშალეს და 11 მონაწილე დააკავეს.
ხმაურიანი დაკავებები მოხდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსთან, ასევე უზენაეს სასამართლოსთან ”წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე. ორივე აქციაპოლიციელებმა დაშალეს და ათობით პირი სამართალდამაცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
შოთა უტიაშვილი 2011 წლის მთავარ მიღწევად შსს-ს სერვისების გაუმჯობესებას ასახელებს
შოთა უტიაშვილი: რთული წელი არ ყოფილა. დანაშაულის კლება გრძელდებოდა. არც საგარეო საფრთხეები იყო მაინცდამაინც დიდი. ასე რომ, ჩვენთვის ცალსახად წარმატებული წელი იყო. ყველაზე დიდი წარმატება იყო ჩვენი სერვისების გაუმჯობესება, მათ შორის - უსაფრთხოების ღვედების შემოღება, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სიკვდილიანობა. მნიშვნელოვანია ელექტრონული სერვისები, აღარ არის აუცილებელი მართვის მოწმობის ტარება, საზღვრის გადაკვეთის დროს შესაძლებელია ელექტრონულად შემოსვლა და აღარ არის საჭირო ოპერატორთან ურთიერთობა. მოსახლეობა დაცულად გრძნობს თავს ბოლო 3-4 წელია. იმდენად მაღალია უსაფრთხოების და დაცულობის მაჩვენებელი, რომ მეტი აღარ გაიზრდება. ასევეა პოლიციისადმი ნდობის მაჩვენებელი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, 85 პროცენტის ფარგლებშია. მეტი გაზრდა ფიზიკურად შეუძლებელია. ტრაგიკულია ის ფაქტი, რომ 26 მაისის აქციის დაშლისას ადამიანები დაიღუპნენ, მათ შორის - პოლიციის თანამშრომელიც.
2012 წლის პრიორიტეტი ისევ სერვისების გაუმჯობესება იქნება, რათა ყველა ადამიანს - საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს სტუმრებს პოლიციასთან ურთიერთობა შეეძლოთ მაქსიმალურად კომფორტულად. ველოდებით, რომ ეს იქნება პირველი წელი, როცა მნიშვნელოვნად დაიკლებს პატიმრების რიცხვი.
კანონდამრღვევი პოლიციელების დასჯა
2011 წელს შსს-ს ხელმძღვანელობამ აქციების დაშლის დროს უფლებამოსილების გადამეტებისათვის პოლიციელები დასაჯა. 26 მაისთან დაკავშირებით 16 პოლიციელი, ერთი პოლიციელი კი ვეტერანების აქციის დაშლის გამო ძალის გადამეტებისათვის დაისაჯა. შსს-ს ხელმძღვანელობა პოლიციელებს სჯიდა უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტებისთვისაც, მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზეც რამდენიმე სამართალდამცავი დაისაჯა.
ტერორისტული აქტების მცდელობა
2011 წელს საქართველოში დაგეგმილი ტერორისტული აქტები სამართალდამცველების მუშაობის შედეგად ვერ განხორციელდა. შსს-ს ინფორმაციით, ტერორისტული აქტების კვალი რუსეთიდან მოდიოდა.
2 ივნისს სამართალდამცველებმა სამეგრელოს რეგიონში დააკავეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გალის რაიონში მცხოვრები აბესალომ ჩხეტია და თამილა ბენია. დაკავებულ პირებს თან ჰქონდათ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო.
დაკავებული პირების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ ტერორისტული აქტის განხორციელება დაუკვეთა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა იგორ ვლასოვმა და სერგეი კუზმინმა.
6 ივნისს მცხეთის რაიონში დააკავეს ბადრი გოგიაშვილი. დაკავებულ პირს თან ჰქონდა ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პოლიციამ ამოიღო და გააუვნებელყო წყლის ჭავლის სპეციალური დანადგარით.
დაკავებული პირის ჩვენებით ირკვევა, რომ მას ახალგორში დისლოცირებული რუსეთის სასაზღვრო ჯარების უფროსის მოადგილის, ალექსეი სოკოლოვის, ახალგორის სამმართველოს მილიციის უფროსის, ვლადიმერ ფუხაევის და ახალგორის სამმართველოს მილიციის თანამშრომლის, ვოვა კიბილოვის მიერ მიცემული ჰქონდა დავალება, მოეძებნა თბილისში ისეთი შენობა, რომელზეც განთავსებული იქნებოდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების დროშა. ბადრი გოგიაშვილის მიერ დაფიქსირებული შენობებიდან ზემოთ აღნიშნულმა პირებმა შეარჩიეს თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი და ბადრი გოგიაშვილს მოსთხოვეს ამ ოფისთან მისთვის ახალგორში გადაცემული ბომბის აფეთქება. დაკავებულის ჩვენებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტის განხორციელებისთვის მას გადაუხდიდნენ 2 000 აშშ დოლარს.
2011 წლის 31 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის და კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდში დააკავეს გალში მცხოვრები მანუჩარ ძაძუა და მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა. მანუჩარ ძაძუას დაკავებისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით.
ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი ნივთიერება მათ ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა.
დაკავებულების თქმით, მათ დავალებული ჰქონდათ, აეფეთქებინათ ბომბი ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია საადვოკატურო ბიურო და ”ლეიბორისტული პარტიის” ოფისთან. ამავე ბრალდებით დაკავებულია სოფელ ორსანტიაში მცხოვრები კალისტრატე მალანია, რომელმაც ხელი შეუწყო და დაეხმარა მანუჩარ ძაძუას, ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ბრალდებულების მიერ ფოტოსურათზე ამოცნობილი იქნა რუსი ოფიცერი,რომლის დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა მისი ნამდვილი ვინაობა, იგი არის რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს, ჩელიაბინსკის ოლქში, კორეკინოსში დაბადებული ალექსეი სერგეის ძე უშაკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს მესაზღვრეთა ნაბაკევის განყოფილებაში ოპერ-რწმუნებულის თანამდებობაზე. სამხედრო ნაწილი 2141.
. . .
შსს-მ გამოაქვეყნა საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International)-ის კვლევის "გლობალური კორუფციის ბარომეტრი 2010" შედეგები.კვლევის მიხედვით, საქართველო იმყოფება მსოფლიოში მეხუთე ადგილზე პოლიციაში კორუფციის დაბალი დონის მიხედვით, ფინეთის, დანიის, ნორვეგიის და შვეიცარიის შემდეგ; უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს მოუწია ცხრა სახელმწიფო დაწესებულებიდან ერთ-ერთისთვის ქრთამის მიცემა. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო შედის ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ჯგუფში ავსტრალიასთან, კანადასთან, დანიასთან, ფინეთთან, გერმანიასთან, ისლანდიასთან, ისრაელთან, ჰოლანდიასთან, ნორვეგიასთან, ესპანეთთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად; გამოკითხულთა 78% თვლის, რომ უკანაკნელი სამი წლის განმავლობაში კორუფცია შემცირდა, ხოლო 9%-ს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს.
"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) მიერ 2010 წლის სექტემბერი-ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით: უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გამოკითხულთა მხოლოდ 0.4%-ს მოუწია მომსახურების სანაცლოდ ქრთამის გადახდა, ხოლო 98%-ს ქრთამის მიცემის შემთხვევა არ ჰქონია;
პოლიციას ენდობა 84%, ხოლო არ ენდობა 10%; "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ 2010 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 70%-მა აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, უკანაკნელი ორი წლის განმავლობაში სიტუაცია გამოსწორდა, ხოლო 8% თვლის, რომ გაუარესდა.
. . .
შსს-მ ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელიც 2011 წლის ცხრა თვის მონაცემებს ასახავს. ამ მონაცემების მიხედვით, 2011 წელს იმაზე ნაკლები რეგისტრირებული დანაშაულია, ვიდრე ეს 2010 წელს იყო. 2011 წლის 9 თვეში 24 455 დანაშაულის ფაქტი დარეგისტრირდა, 2010 წელს კი - 26 674.
დანაშაულის კლების პარალელურად, მცირედით შემცირებულია მისი გახსნის მაჩვენებელი. თუკი 2010 წელს რეგისტრირებული დანაშაულის 49 პროცენტი გაიხსნა, 2011 წელს გახსნის მაჩვენებელმა 40 პროცენტი შეადგინა.
2011 წლის წარუმატებელი გადაწყვეტილება
იუსტიციის სამინისტროს და, ზოგადად, ქვეყნის წარუმატებელ ფაქტად უნდა აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 2011 წლის 26 აპრილს გამოქვეყნდა. სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი 2007 წლის ზაფხულში შევიდა. ადვოკატები გირგვლიანის საქმეზე ითხოვენ ევროკონვენციის მუხლების - სიცოცხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვის და დაცვის უფლების დარღვევად ცნობას და მორალურ კომპენსაციას.
სანდრო გირგვლიანი შსს-ს თანამშრომლებმა 2006 წლის იანვარში გაიტაცეს, აწამეს, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა. ამ საქმეზე გამოძიებამ ოთხი პირი დააკავა - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გია ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, ავთანდილ აფციაური და მიხეილ ბიბილურიძე. მათ 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე, ბრალდებულებს სასჯელი გაუნახევრდათ, ხოლო 2009 წელს პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გირგვლიანების ადვოკატებმა და იუსტიციის სამინისტრომ სხვადასხვაგვარად განმარტეს.
დავით ჯანდიერი: სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის მეორე მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლების პატივისცემას ითვალისწინებს. ევროსასამართლომ მიუთითა, რომ გამოძიება, რომელიც წარიმართა საქართველოს შიდა ინსტანციაში - შსს-ში, პროკურატურასა და სასამართლოში, არ შეესაბამებოდა ევროკონვენციის მეორე მუხლის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლომ დარღვეულად ცნო ევროკონვენციის 38-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, ითანამშრომლოს სასამართლოსთან ფაქტების დადგენაში. საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული მტკიცებულებები წარდგენილი იყო დაგვიანებით, ხოლო გარკვეული მტკიცებულებები - გაყალბებული სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით პრეტენზიები სრულად ასახავდა იმ პრეტენზიებს, რომელიც სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლებოდა ყოფილიყო და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე ცალკე არ იმსჯელა. გადაწყვეტილება უდავოდ დიდი წარმატებაა. ამასთან, ევროსასამრთლომ საქართველოს სახელმწიფოს მოსარჩელე გურამ გირგვლიანის სასარგებლოდ 50 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარების საფუძველი უნდა გამხდარიყო.
თინა ბურჯალიანი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე: საქართველოს სახელმწიფო სანდრო გირგვლიანის საქმეზე ხელახალი გამოძიების ჩატარებას არ აპირებს. ევროსასამართლოს სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ხელახალი გამოძიება ჩაატაროს. ერთადერთი კონკრეტული გადაწყვეტილება, რომლის შესრულებაც საქართველოს დაავალდებულა, ეს არის ფულადი კომპენსაციის გადახდა, რასაც საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს. ფულადი კომპენსაცია საქართველოს დაეკისრა გამოძიებაში დაშვებული ხარვეზების გამო, რაც, მისი თქმით, ამჟამად გასწორებულია საკანონმდებლო კუთხით.
ევროსასამართლოს ინფორმაციას მივაწვდით საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ევროსასამართლომ გამოძიებაში ხარვეზების არსებობის შესახებ დაადგინა და სწორედ აქედან გამომდინარე შესაძლებლად მიიჩნია სიცოცხლის უფლება ყოფილიყო დარღვეული. სიცოცხლის უფლება შედგება ორი კომპონენტისგან. პირველი კომპონენტი, როდესაც უშუალოდ პასუხისმგებელი მკვლელობის ფაქტზე არის სახელმწიფო და ხელისუფლების მაღალჩინოსნები, - ამაზე ევროსასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო სიკვდილის ფაქტში არ მონაწილეობდა და შესაბამისად პაუსიხმგებელი ვერ იქნება სიცოცხლის უფლების დარღვევის მუხლში. ევროსასამართლომ მეორე ასპექტი დაადგინა, რომელიც ეხება გამოძიებაში დაშვებულ ხარვეზებს და სწორედ აქედან გამომდინარე, ევროსასამართლომ შესაძლებლად მიიჩნია, რომ გამოძიებაში დაშვებული ხარვეზების გამო შესაძლებელია, რომ დარღვეულიყო სიცოცხლის უფლება. რაც შეეხება ევროსასამართლოსთან თანამშრომლობის საკითხს, არც ერთი მტკიცებულება არ იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ევროსასამართლოს არ წარუდგინა. გირგვლიანის საქმე იყო დაარქივებული და, შესაბამისად, რამდენიმე მტკიცებულების გადაგზავნა გაჭიანურდა, თუმცა მტკიცებულებების წარდგენა ევროსასამართლოსთვის მოხდა. სიცოცხლის უფლების დარღვევის კონტექსტში, თუ კი საგანგაშოდ იქნებოდა მდგომარეობა, ევროსასამართლო აუცილებლად მიუთითებდა საქმის ხელახალ გამოძიების ჩატარებას და ამისი პრეცედენტი არაერთხელ მომხდარა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში ევროსასამართლომ სახელმწიფოს გამოძიების ხელახლა ჩატარებაზე არ მიუთითა და ერთადერთი რაზეც ევროსასამართლომ ქვეყანას მიუთითა, ეს არის კომპენსაციის გადახდა და მხოლოდ ამის გაკეთებას აპირებს საქართველოს ხელისუფლება.
ევროსასამართლოში საჩივრების რაოდენობით საქართველო მოწინავე ადგილზეა
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების რაოდენობით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. საქართველო საჩივრების რაოდენობით რუსეთის, თურქეთის, რუმინეთის, პოლონეთის, უკრაინის და მოლდოვას შემდეგ მეშვიდე ადგილზეა.
ოფიციალური ინფორმაციის მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, 2011 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს წინააღმდეგ 4050 საქმე იყო. მათგან 1500, რომელთა უმეტესობა საქართველო-რუსეთის ომს ეხებოდა, სასამართლომ დაუშვებლად სცნო. ამჟამად კი, ევროსასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ, დაახლოებით, 2500 საქმეა.
იუსტიციის სამინისტროს პრესტიჟზე დადებითად არ უმოქმედია ებრაელი ბიზნესმენების, რონი ფუქსის და ზეევ ფრენკელის საქმესაც. საზოგადოებაში იყო ეჭვები, რომ ბიზნესმენები ხელისუფლებამ პირადი ინტერესის გამო დააკავა, რათა მათთვის არ გადაეხადათ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალი, რომლის ოდენობაც მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. საბოლოოდ, მორიგება მოხდა, რის საფუძველზეც რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი გაათავისუფლეს, ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა.
იუსტიციის სამინისტროს წარმატებები
2011 წლის საუკეთესო ბრენდად იუსტიციის სახლი დასახელდა, სადაც მოქალაქეებს მომსახურების მიღება გამარტივებულად შეუძლიათ. ID ბარათი კი იუსტიციის სამინისტროს წლის ყველაზე ნოვატორულ პროექტად დასახელდა. ID ბარათის გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო.მისი საშუალებით შესაძლებელია რეგისტრაციის ადგილის დისტანციურად შეცვლა, ობიექტის დაცვაზე აყვანა-მოხსნა; მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად, ერთ მისამართზე რეგისტრირებულ პირთა რაოდენობის შესახებ ცნობის აღება ელექტრონულად, იუსტიციის სახლის ვებგვერდიდან შეუძლიათ, იუსტიციის სამინისტროში ID ბარათმა უკვე ჩაანაცვლა სამსახურებრივი მოწმობისა და საშვის ფუნქცია, 10 დეკემბრიდან კი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთა ელექტრონული პირადობის მოწმობით გახდა შესაძლებელი. ID ბარათის აღება საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი.
2011 წელს საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული პროექტებიდან ყველაზე წარმატებულ პროექტად "საქართველო გუგლში" დასახელდა.
Google-ს რუკაზე საქართველოს ნაცვლად "თეთრი ლაქა" უკვე აღარ არის. ყველაზე პოპულარულ საძიებო სისტემაში მონაცემები საქართველოს შესახებ განთავსდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს საშუალება აქვს ქვეყნის შესახებ დეტალური ინფორმაცია Google Maps–ზე მოიძიოს.
პროკურატურა
უწყება ყველაზე მნიშვნელოვნად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებულ აქტივობებს მიიჩნევს. მთვარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ წლის პროექტად "არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა" დაასახელა.
დავით საყვარელიძე: ქვეყანაში დანაშაულის კლების ტენდენციამ, უსაფრთხოების კვლევის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი - ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად, საშუალება მოგვცა, უფრო გაბედული ნაბიჯები გადაგვედგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის ლიბერალიზაციისაკენ. მათგან ყველაზე წარმატებული - არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სრულიად ახალია და საქართველოს მხოლოდ ექვს ქალაქს მოიცავს, მისი დახმარებით სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას უკვე 81 მოზარდი განერიდა, ეს კი ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. 100-მდე არასრულწოვანი განვარიდეთ სასჯელს, ნასამართლეობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებას და მათ მიყენებული ზიანი გამოასწორეს. მეორე მთავრი მიღწევა იყო ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში პროკურორების წარმატებული მონაწილეობა. პროკურორებმა დაკისრებულ მოვალეობებს და ამოცანებს თავი წარმატებით გაართვეს.
რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი შედეგებია 2011 წელს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დამთავრდება ან დაიწყება პროცესი, პროცესი გაგრძელდება და უფრო მეტად დავხვეწთ მუშაობის სტილს და მეთოდებს.
არასრულწოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა 2011 წლის ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ექვს ქალაქში, თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, სამტრედიასა და ბათუმში. პროგრამა პილოტური იყო, 2012 წლის განმავლობაში პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.
სასჯელაღსრულება, პრობაცია
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს 2011 წლის ანგარისში წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზეა საუბარი. ანგარიშის მიხედვით, განხორციელდა ლიბერალური საკანონმდებლო ცვლილებები.
დაინერგა ხანგრძლივი პაემანი; შეიქმნა პირობითი მსჯავრის გაუქმების მუდმივმოქმედი კომისია; დაინერგა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა; თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება; პრობაციონერების მიმართ დაინერგა ინდივიდუალური მიდგომა; პრობაციის ეროვნული სააგენტო ჩაერთო განრიდების პროგრამაში; იურიდიული სამსახურის მანდატი გავრცელდა იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე, რომელსაც მოჰყვება დაპატიმრება.
სამინისტროს ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია ინფრასტრუქტურულ განვითარებაზეც.
ანგარიშში საუბარი არ არის პატიმართა რაოდენობაზე, არც სიკვდილიანობის მატებაზე. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, 2011 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში სულ 24. 261 პატიმარია. იმაზე მეტი ვიდრე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული ლიმიტით არის განსაზღვრული. 2011 წლის 6 თვეში გარდაცვლილია 77 პატიმარი, ბოლო წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი.
რაც შეეხება პრობაციონერების რაოდენობას, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, პრობაციონერთა საერთო რაოდენობა 2011 წელს 7 000-მდე პირობითი მსჯავრდებულით გაიზარდა.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქვეყანაში 38 321 პირობითი მსჯავრდებულია რეგისტრირებული, რაც გაზრდილია 2010 წლის ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით. 2010 წლის ნოემბერში 31 639 პირობითი მსჯავრდებული ფიქსირდებოდა.
ამასთან, საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა პრაქტიკაში ნაკლებად გამოიყენება. სასარგებლო შრომის გამოყენების სასჯელის შეფარდება შემცირებულია. ოფიციალური სტატისტიკით, 2011 წლის ნოემბრის მდგომარეობით, იმაზე ნაკლები საზოგადოებრივად სასარგებლო შრომის სასჯელია გამოყენებული (160) ვიდრე ეს 2010 წლის ნოემბრის მდგომარეობით (185) იყო.
სასამართლო
ქართულმა სასამართლომ 2011 წელი ორი გახმაურებული გადაწყვეტილებით დაასრულა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე შოთა გეწაძემ გააუქმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინა ხვედელიძისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს ხვედელიძის სასარგებლოდ 100-ლარიანი სასამართლოს ბაჟის გადახდაც დააკისრა.
მოსამართლემ ხვედელიძისგან განსხვავებით, უკანონოდ არ ცნო სააკაშვილის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში.
წლის ბოლოს, 26 დეკემბერს გამოცხადდა 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელზე გადაწყვეტილებაც. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლემ თეა თადაშვილმა სრულად დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც დოკუმენტებით და მტკიცებულებებით იყო დასაბუთებული. კერძოდ, ჟურნალისტებს, რომლებიც ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდნენ, მოთხოვნა სრულად დაუკმაყოფილდათ და მოსამართლემ შსს-ს დააკისრა ჯანმრთელობის ზიანის ხარჯის ანაზღაურება (თანხმები საკამოდ მიზერულია) რაც შეეხება მატერიალურ ზიანს, რომელიც ჟურნალისტებმა ტექნიკის დაკარგვის და დაზიანების შედეგად მიიღეს, იმ შემთხვევებში, რომელიც მტკიცებულებებით დადასტურებული იყო, მოსამართლემ დააკმაყოფილა. რამდენიმე ჟურნალისტის და მედიაკომპანიის მიმართ შსს-ს ტექნიკის მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. ეს გადაწყვეტილებები საზოგადოების ნაწილის მხრიდან სამართლიან და გაბედულ გადაწყვეტილებებად, მეორე ნაწილის მიერ კი პოლიტიკურ და არასამართლიან გადაწყვეტილებებად შეფასდა.
. . .
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილმა 2011 წელი სასამართლო სისტემისათვის გამჭვირვალობის და საჯაროობის წლად გამოაცხადა.
27 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დიდი საფუძველი შექმნეს სასამართლოს საჯაროობისთვის, გამჭვირვალობისთვის და ხელმისაწვდომობისთვის. ამ მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
სასამართლოს გამჭვირვალობასთან და საჯაროობასთან დაკავშირებით გადადგმულ პირველ ნაბიჯად კოტე კუბლაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება დაასახელა.
კოტე კუბლაშვილი: ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა ორი სასამართლო პროცესი. ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს, როგორც სასამართლოს რეფორმის, ასევე ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, ვინაიდან მართლმსაჯულების განხორციელებაში ერთვება თავად საზოგადოება და მხოლოდ საზოგადოება წყვეტს საკითხს ბრალდებულის დამნაშავეობის ან უდანაშაულობის შესახებ.
საკონსტიტუციო სასამართლო
2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის, ასევე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა" კოდექსის რიგი ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.
საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ტუღუში: გადაწყვეტილება საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ეხებოდა საზოგადოებისთვის ძალიან აქტუალურ საკითხს. ესაა შეკრება, მანიფესტაცია და გამოხატვის თავისუფლება. საზოგადოებრივი ინტერესი საკმაოდ მაღალი იყო ამ საკითხთან დაკავშირებით.
გარკვეული შენობების ჩამონათვალი იყო დადგენილი, ძირითადად, ეს იყო ადმინისტრაციული შენობები, სადაც 20 მეტრის რადიუსში შეკრებებისა და მანიფესტაციების ჩატარება არ შეიძლებოდა. რამდენიმე წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლოს ნამსჯელი და ნათქვამი ჰქონდა, რომ ასეთი შეზღუდვა შეიძლება იყოს კონსტიტუციური. საკონსტიტუციო სასამართლომ 2011 წლის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრეცედენტის გადახედვა მოახდინა და თქვა, რომ ცალკეულ შემთხვევებში 20 მეტრი ან სხვა მანძილი გარკვეულ შენობებთან შეიძლება საჭირო და აუცილებელიც კი იყოს, ოღონდ - არა ყველა შემთხვევაში. ზოგ შემთხვევაში შეიძლება შენობა ისეთ ადგილას იყოს განლაგებული, რომ 20 მეტრმა შეკრება და მანიფესტაცია შეუძლებელიც კი გახადოს. ზოგ შემთხვევაში თვითონ შეკრების და მანიფესტაციის ხასიათიდან ან მასში მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე არ იყოს ამის საჭიროება. მაგ. თუ სამი ადამიანია და შენობიდან 10 მეტრის რადიუსში დგას, ეს დაწესებულების გამართული მუშაობის უზრუნველყოფას ხელს არ შეუშლის.
როდესაც არის იმის საშიშროება, რომ ადმინისტრაციული დაწესებულების გამართულ მუშაობას შეუქმნას საფრთხე, კანონმდებელი უფლებამოსილია დააწესოს გარკვეული შეზღუდვები ოღონდ უნდა იყოს გონივრული, თანაზომიერი და არა ბლანკეტური, როგორც იყო კანონით გათვალისწინებული რომ ეს აუცილებლად 20 მეტრია.
იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხებოდა ქუჩის გადაკეტვას და ბლოკირებას შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლომ აქაც ძალიან საინტერესო სტანდარტები დადო. ითქვა, რომ როდესაც საავტომობილი გზის დაკავება ხდება მანიფესტანტების მიერ მათი უფლებები, გამოხატვა გარკვეულ კოლიზიაში მოდის სხვათა უფლებებთან. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ასევე აქვთ უფლება საავტომობილი გზაზე თავისუფლად გადაადგილდნენ, რომლებიც არ არიან მანიფესტანტები და ამ პროცესის გამო იძულებითი მონაწილეები ხდებიან. კანონმდებელი ვალდებულია, ეს ბალანსი დაიცვას. ისე რომ, ერთ მხარეს არ შეეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და სრულად მოახდინოს ამ უფლების რეალიზაცია, მაგრამ მეორე მხარე ვიღაცის გამოხატვის თავისუფლების "ტყვე" არ გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ მანიფესტანტებს მაშინ აქვთ უფლება, გზის სავალი ნაწილი დაიკაონ, თუკი ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე თავიანთი რაოდენობიდან გამომდინარე ვეღარ ახერხებენ საკუთარი უფლების განხორციელებას და აუცილებელი ხდება მათი გადასვლა გზის სავალ ნაწილზე, თუკი ასეთი კოლიზია წარმოიშვა სასამართლომ აღნიშნა, რომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს გამოხატვის თავისუფლებას. სხვაგვარად ეს უფლება ვერ განხორციელდება.
საინტერესო იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის გამონათქვამებთან დაკავშირებით. აკრძალული იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლასთან დაკავშირებით გამონათქვამები. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ ეს აკრძალული ქმედება უნდა იყოს, მაგრამ ყურადღებაა მისაქცევი რა კონტექტსტშია გაჟღერებული. შეძლება ერთი მხრივ ძალადობის ენას შეიცავდეს, მაგრამ მეორეს მხრივ უვნებელი იყოს, პოლიტიკურ-სამეცნიერო დისკურსის ნაწილიც შეიძლება იყოს. ეს ორი რაღაც უნდა განვასხვაოთ. თუ უვნებელია, ის არ უნდა იყოს აკრძალული და დასჯადი.
არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის კრიტიკული შეფასებები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია) მიაჩნია, რომ გასული წლის განმავლობაში კვლავაც მწვავედ იდგა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საკითხი. პრობლემური იყო სისხლის სამართლის კატეგორიისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე აღსანიშნავია აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენება, ხშირად წინასწარი პატიმრობა გამოიყენება სრულიად დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე, პრობლემურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვის შემთხვევები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში. როგორც წესი, არ არის უზრუნველყოფილი დაცვის უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, სასამართლო ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე და არ იხილავს ან არ იზიარებს სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს;
თამარ ჩუგოშვილი-საია-ს თავმჯდომარე: წლის განმავლობაში ჩვენ კვლავაც გავხდით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარი მიდგომის მომსწრე. რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის პოლიტიკა მეტისმეტად მკაცრია და საკმაოდ მსუბუქი დანაშაულებისთვის არაპროპორციულად მკაცრი პასუხისმგებლობა დგება. ამის პარალელურად კი, ზედმეტად მსუბუქი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ან საერთოდ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, სხვადასხვა საჯარო მოხელეებს, თანამდებობის პირებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთა ქმედებებში, რიგ შემთხვევებში, ნათლად იკვეთება დანაშაულის ნიშნები (მაგალითად 26 მაისს აქციის დაშლას მოჰყვა რამდენიმე სამართალდამცველის დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც ჩვენი შეფასებით არ იყო ჩადენილი კანონდარღვევების პროპორციული, ასევე არ გასაჯაროვდა ამ პასუხისმგებლობის დაკისრების დეტალები);
ქართული საზოგადოება 2011 წლის განმავლობაში შეკრების და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციაში სამართალდამცავთა უკანონო ჩარევის მომსწრე რამდენჯერმე გახდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მშვიდობიანი შეკრება/მანიფესტაცია პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან უკანონოდ დაიშალა, მათ შორის გამოყენებულ იქნა უხეში ფიზიკური ძალა, რომლის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა (მაგალითად, 2011 წლის 3 იანვრის ინციდენტი, როდესაც პოლიციამ დაშალა ომის ვეტერანების მშვიდობიანი აქცია). განსაკუთრებით პრობლემური იყო სამართალდამცველთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც არის 26 მაისის აქციის დაშლა, რომლის დროსაც პოლიციამ გამოიყენა აშკარად გადამეტებული ძალა, რის შედეგადაც აქციის ასეულობით მონაწილე დაშავდა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ასეთი კანონდარღვევის ფაქტებს არ მოყვება სათანადო რეაგირება და დამრღვევ პირებს არ ეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა, რაც იწვევს დაუსჯელობის სინდრომის გამძაფრებას. შეკრების და მანიფესტაციის დაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა ასევე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას. უკანასკნელი წლის განმავლობაში წამების და არაადამიანური ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე იმატა საია-ს ბენეფიციართა რაოდენობამ. განსაკუთრებულად პრობლემურია ჯანმრთელობის დაცვის საკითხები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთი დანაშაულის შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოჰყვება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან ანუ დამნაშავეთა დასჯა.
საკუთრების უფლების რეალიზაციის კუთხით განსხვავებული სახის პრობლემები ფიქსირდება სხვადასხვა რეგიონებში. რიგ შემთხვევებში, მასიურად ჰქონდა ადგილი საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ხოლო მოგვიანებით ამ რეგისტრაციის უკანონოდ გაუქმებას; ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა ხდებოდა არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ; ასევე იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ხდებოდა საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმა.
საქართველოს შრომის კოდექსი თითქმის არავითარ გარანტიას არ ითვალისწინებს დასაქმებულთა ინტერესების და უფლებების დასაცავად. შესაბამისად, ხშირად ვაწყდებით შრომის უფლების დარღვევას. ასევე, პროფკავშირების ინფორმაციით წლის განმავლობაში იზღუდებოდა პროფესიულ კავშირებში გაერთიანების თავისუფლება;
წლის განმავლობაში რამდენიმე სერიად განხორციელდა დევნილთა კანონის დარღვევით ან/და დაუსაბუთებლად გამოსახლება, შეწყდა კომპენსაციების გაცემისა და სტატუსის მინიჭების პროცესი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა მრავალი ადამიანი დატოვა ადეკვატური საცხოვრებლის, ანაზღაურებისა და დაცვის გარეშე.
სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის შეფასებით, 2011 წელი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ადვილი წელიწადი არ ყოფილა. ნაწილი მიმართულებებით შეიმჩნეოდა გარკვეული პროგრესი, თუმცა უმეტესი მიმართულებებით სიტუაცია დარჩა უცვლელი. ნაწილი მიმართულებებით კი მდგომარეობის გაუარესება დაფიქსირდა.
გიორგი ტუღუში-სახალხო დამცველი: ნაწილი მიმართულებებით იყო პროგრესი. ეს შეეხებოდა გარკვეულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, ასასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით გადადგმულ სერიოზულ პოზიტიურ ნაბიჯებს. რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფრო პროგრესულად დაცვას და რეალიზებას უკავშირდებოდა, მაგრამ რაც შეეხება საერთო ჭრილში მდგომარეობას, რთული იყო წელი კვლავ პენიტენციალური სისტემის კუთხით, დაწყებული მოპყრობით, დამთავრებული ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფით. კვლავ დაფიქსირდა პრობლემები იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებთან მიმართებაში. საკმაოდ პრობლემური იყო სიტუაცია სამართლიანი სასამართლოს რეალიზების კუთხით. არაერთი საქმე შევისწავლეთ, სადაც სახეზე იყო კონკრეტული დარღვევები.
დაახლოებით 15 ფაქტზე მივმართე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეთა დისციპლინური დევნის დაწყების მოთხოვნით. განსხვავებით 2010 ისგან 2011 რა თქმა უნდა გამოირჩეოდა უფლებადარღვევებით, რომელიც შეკრებებსა და მანიფესტაციებს ეხებოდა. 3 იანვრის ვეტერანთა აქციის დაშლას და 26 იანვრის ფაქტს გამოვყოფ, როდესაც ჩვენ კონმპლექსურ უფლებადარღვევებთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო დაკავშირებული იმდენად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევასთან, რამდენადაც უშუალოდ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასთან და დაკავების შემდგომ პირებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასთან, ასევე მთელი რიგი უფლებების შელახვასთან, რაც მოჰყვა ზოგადად ამ პირთა დაკავებას. ბავშვთა და ქალთა უფლებები, ძალადობა ოჯახში - არაერთი განცხადება შემოვიდა წლის განმავლობაში, რომელიც შევისწავლეთ. ბავშვთა უფლებების მიმართულებით დაფიქსირდა არაერთი სერიოზული დარღვვა, ფაქტობრივად არანაირი პროგრესი არ შეინიშნებოდა უნარშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით, რაც ძალიან სამწუხაროა. განხორციელდა დევნილთა გამოყვანა საცხოვრებლებიდან. განსახლების პროცესში არაერთი სერიოზული პრობლემა აღმოვაჩინეთ.
1325
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85