"კარის ჯამბაზები ყოველთვის არსებობდნენ!"


ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტი ზაზა ხუციშვილი, შოუბიზნესის ბევრი სხვა წარმომადგენლისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების კრიტიკული შეფასებით გამოირჩევა.

2012 წლის იანვრის ბოლოს გამოვა ჯგუფის ახალი ალბომი "ბეგრაუნდი", რომელშიც სოციალურ პრობლემებზე შექმნილი საპროტესტო სიმღერები შევა...

- ვერ ვიტყვი, რომ 2011 წელს ქართულ შოუბიზნესში რამე საინტერესო მოხდა. ის პროდუქცია, რაც საქართველოში იქმნება, არავის აინტერესებს. 

- თუმცა ქართული შოუბიზნესის განვითარებისთვის "არტიმედის" მსგავსი საპროდიუსერო კომპანია "ბრავო რეკორდსი" დააარსეს...
- მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი გაერთიანების ხარჯზე არანაირი ბიზნესი, მით უმეტეს, შოუბიზნესი არ იწარმოება. შოუბიზნესი არის ბიზნესის ერთ-ერთი სახეობა და იმ კანონებს ექვემდებარება, რომლებსაც ყველა სხვა ბიზნესი. საქართველოში შოუბიზნესის ნაწარმს მხოლოდ მთავრობა ყიდულობს და უფასოდ ურიგებს მოსახლეობას, რეალურად კი ამ პროდუქციაზე მოთხოვნა არ არის. კონცერტები ხელისუფლებას ასობითათასი ლარი უჯდება, მაგრამ ხალხი ფასიან თუ უფასო კონცერტზე ძალით თუ არ მიიყვანე, თავის ნებით არ მიდის. ამა თუ იმ კონცერტის ორგანიზებაში "ნაციონალური მოძრაობა" და ე.წ. ნაციონალური არხებია ჩართული, რასაც სულ სხვა სუნი ასდის.

- თუმცა ქართული შოუბიზნესის წევრები თავს იწონებენ წარმატებებით... 2011 წლის მთავარ წარმატებად კი მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" მიიჩნევენ. 
- როცა ქვეყანაში არ არსებობს ნორმალური კრიტიკოსი, რომელიც დაასაბუთებს, რით არის ფასეული ესა თუ ის პროდუქტი, ყველაზე იოლი გამოსავალი საკუთარი პროდუქციის ქებაა. საკუთარი თავისთვის ტაშის დაკვრა კი სასაცილოა. სამწუხაროდ, "ქეთო და კოტეშიც" პოლიტიკაა ჩარეული: "ნაცმოძრაობის" მომხრეებს დავალებული აქვთ ამ სპექტაკლზე დასწრება და შემდეგ მისი საჯაროდ ქება-დიდება... კრიტიკულად განწყობილი ადამიანები კი არავის მოსწონს. როდესაც სატელევიზიო დებატებში, მაგალითად, სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობ და ვამბობ, რომ საქართველოში თურქული ხახვი, სომხური სტაფილო და ა.შ. არ უნდა იყიდებოდეს, ოპონენტები მეუბნებიან, ეს ბიზნესია და ამაში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოსო. გამოდის, რომ სახელმწიფო "ქეთო და კოტეში" უნდა ჩაერიოს და ქეთოს კაბაში ათიათასობით ლარი უნდა გადაიხადოს! სადაური წესია ეს?! ვინ დაადგინა, რომ კაბაში ამდენი ფული და, საერთოდ, ამხელა ჰონორარები უნდა გადაიხადონ?! რა გაეწყობა, კარის ჯამბაზები ყოველთვის არსებობდნენ. 

თუმცა, დარწმუნებული ვარ, 2012 წლის შემოდგომაზე ეს ყველაფერი დასრულდება. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მთავარია არა შოუბიზნესი, არამედ, თავისუფალი სასამართლო, მედია, კანონის უზენაესობა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. ამ მიმართულებებით კი სააკაშვილის მთავრობის პოტენციალი ამოწურულია. თუ ეს ძალა კვლავ დარჩა ხელისუფლებაში, ამ მიმართულებებს განვითარება არ უწერია. თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ისეთი ძალა, რომელიც რეალურად ხედავს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და, სააკაშვილისგან განსხვავებით, მათ მოგვარებას შეძლებს. 

- 2011 წელს სოციალურ ქსელში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძესა და რეპერ ბერა ივანიშვილს შორის დებატები გაიმართა...
- 16 წლის ბერა ივანიშვილი, როგორც მუსიკოსი, მინისტრ გოგა ხაჩიძეზე ნიჭიერია. ჯგუფ "სახის" მომღერალი, რომელიც ამ ჯგუფშიც არაფრით გამოირჩეოდა, უცებ გამინისტრდა. ახლა ყველაფერი თავზე ენგრევათ და ყოველმხრივ უტევენ ივანიშვილის ოჯახს. ბერას ბოლო სიმღერა - "გპირდები", ისეთი ალალი და სუფთა გულით ნამღერი იყო, გული ამიჩუყა. 

- 2011 წელს გაზეთმა "ყველა სიახლემ" მომღერალი ზაზა კორინთელი, იგივე "ზუმბა", პლაგიატორობაში ამხილა - მისი სიმღერა - "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" კომპოზიტორ გოგი ჩლაიძის ამავე სახელწოდების სიმღერას ძალიან ჰგავს. თუმცა რამდენიმე დღის წინ ზუმბამ შეასრულა სიმღერა, რომელშიც გმობს პლაგიატს...
- ზუმბას "გამარჯობა, აფხაზეთო შენი" დაახლოებით ათ სიმღერას მაინც მაგონებს და უფრო რუსული "ბლატნოი" სიმღერების სტილზეა აგებული... ისე, ყველა ნორმალურ ქვეყანაში შექმნილია სპეციალური კომისია და თუ ის ორ სადავო სიმღერაში შვიდ განმასხვავებელ ნიშანს აღმოაჩენს, პლაგიატად აღარ მიიჩნევა. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. ზუმბას საქციელზე კი რაღა უნდა ვთქვა, თვითონ იფიქროს ამ ყველაფერზე... 

- 2011 წელს ე.წ. კარის მომღერლებშიც განხეთქილება მოხდა და ერთ დროს "პატრინოტის" გამარჯვებული რეპერი ლექს-სენი დღეს თამაშგარე მდგომარეობაშია. 
- მხოლოდ ლექს-სენი კი არა, იმ ე.წ. ოპოზიციურ 2-3 პარტიას, ვინც ახლა "იჩალიჩებს" პარლამენტარის მანდატებს, ხელისუფლება თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს.

- საახალწლო კონცერტებზე, ალბათ, არ მიგიწვიეს...
- რა თქმა უნდა (იცინის), თუმცა ორ დახურულ კონცერტს გავმართავთ...
ვინაიდან ბევრ ოჯახს არ ექნება საახალწლო სუფრის გაწყობის საშუალება, გამოვლენ ქუჩაში და ნებისმიერ "ჭ" კლასის მომღერალს, ვისაც ხელისუფლება საახალწლოდ სცენაზე გამოიყვანს, ტაშს დაუკრავენ...