ქართველი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2011 წელი სიურპრიზებისა და მოულოდნელობების წელი იყო. მათი ვარაუდით, სიახლეებს 2012 წელსაც უნდა ველოდოთ. განვლილი წლის შეჯამება და მომავლის პროგნოზირება პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.
- ბატონო რამაზ, თქვენთვის, როგორც პოლიტოლოგისთვის, რა იყო მთავარი სიურპრიზი და მოულოდნელობა 2011 წელს?
- ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა. ხელისუფლება შემოდგომამდე ზუსტად გათვლილ პოლიტიკას აწარმოებდა. ყველა მოვლენა მათი გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა. არჩევნების მოგება და პრემიერ-მინისტრის არჩევით ძალაუფლების განმტკიცება თითქმის გარანტირებული ჰქონდათ. მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ივანიშვილი, მთელი მათი სქემა, სტრატეგია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და პოლიტიკური პროცესებიც სრულიად არია.
- თუმცა საზოგადოების ნაწილი იმედგაცრუებულია. ბევრი ფიქრობს, რომ პროცესები ისევ ძველ კალაპოტში ჩადგა და ივანიშვილის გამოჩენამ ქვეყნის ცხოვრებაში რეალურად ვერაფერი შეცვალა...
- ასეთი საყვედურები მეც ხშირად მსმენია. ხალხი მართლაც, უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ივანიშვილმა თავის სკანდალურ განცხადებებს ასევე სკანდალური ქმედებებიც არ მოაყოლა, მაგრამ... ვინც საარჩევნო ტექნოლოგიაში ერკვევა, იმან იცის, რომ ყველაზე დიდი მნიშვნელობა მოქმედების დასაწყისსა და დასასრულს აქვს. სიტყვით გამოსვლის დროსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ასევე, დასაწყისი და დასასრულია. თუ სიტყვის ყველა ნაწილი ერთნაირად დატვირთულია, ეფექტს ვერ მოახდენ. პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლა ნამდვილად, ეფექტური იყო.
დარწმუნებული ვარ, ყველაზე ძლიერი პასაჟები ბოლოსთვის ექნება შემონახული. სხვათა შორის, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ყველა სოციალური კვლევის მიხედვით, დღეს ორი ძირითადი ძალა იკვეთება - სააკაშვილი და ივანიშვილი. საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილი თუ უმრავლესობას ვერა, მანდატების დიდ რაოდენობას მაინც მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის გუნდი სრულ უმრავლესობას ვეღარ მოიპოვებს და შესაბამისად, პრემიერსაც ვეღარ აირჩევს. ე.ი. აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებისას, "ნაციონალებს" სხვა პარტიებთან თანამშრომლობაც მოუწევთ.
- ე.ი. შესაძლოა, არჩევნების წინა პერიოდში საინტერესო მოვლენების მომსწრენი გავხდეთ?
- შესაძლებელი კი არა, უთუოა. დღეს ხელისუფლება იმიტომ არის გააქტიურებული, რომ პირველი რაუნდი ივანიშვილმა მოიგო; ახლა ხელისუფლების ჯერია, მერე ისევ ივანიშვილის დრო დადგება... პოლიტიკური ბრძოლის წესები ასეთია...
- რამდენად ეთანხმებით ხელისუფალთა და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ ივანიშვილი პოლიტიკურად უმწიფარია და სააკაშვილთან ბრძოლაში წარმატებას ვერ მიაღწევს?
- საერთოდ, არ ვეთანხმები. როდესაც შევარდნაძე მთავარი მილიციელი იყო, მასში მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკოსს ვერავინ ხედავდა. არც გორელი ჯუღაშვილი ჰგავდა დიდ პოლიტიკოსს, როდესაც ეკლესიაში გალობდა; სხვათა შორის, არც მაშინ, როდესაც მატარებლებს ძარცვავდა, მაშინ ის ბანდიტს უფრო ჰგავდა.
- ბატონო რამაზ, 2011 წლის სკანდალური პოლიტიკოსის დასახელება თუ შეგიძლიათ?
- ამ ნომინაციაშიც ივანიშვილს დავასახელებ. ამ კაცმა თავისი გადაწყვეტილებით, ყველას მოგვისპო პროგნოზის გაკეთების საშუალება, ვინც კი პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ. ვსხედვართ ახლა და ველოდებით, რას გააკეთებს. რაღაცას რომ გააკეთებს, ეს ცხადია.
- 26 მაისს მომიტინგეების დარბევის ფაქტს რა "ნომინაციას" მიანიჭებდით?
- მე ამ ფაქტს ორ "ნომინაციას" მივანიჭებდი: 26 მაისი, ჩემი აზრით, წლის ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე კრიმინალური მოვლენაა. გირგვლიანის საქმეც კრიმინალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ერთი ადამიანია დაღუპული, 26 მაისს კი რამდენიმე კაცი მოკლეს (თუმცა, გამოძიების გარეშე ასეთი ბრალდების წაყენება ძნელია).
- როგორ გგონიათ - 26 მაისის დარბევამ ხალხი შეაშინა თუ მასში პროტესტი გააღვიძა?
- ხელისუფლებამ სპეცრაზმელების ხელკეტებით ხალხი შეაშინა, მაგრამ ამავე დროს, მან საკუთარი იმიჯიც დაამსხვრია. 26 მაისის შემდეგ, ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ისე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შეშინებულ ადამიანს შემშინებელი არასდროს უყვარს, პირიქით - სძულს. სიძულვილი კი ძალიან საშიშია რამაა.
- წლის სასიკეთო მოვლენად რას მიიჩნევთ?
- ისევ ივანიშვილის გამოჩენას. რადგან მისი წყალობით, სააკაშვილს ალტერნატივა გამოუჩნდა. ასევე, ძალიან სასიკეთო მოვლენად მიმაჩნია, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრება. ამ ფაქტის შედეგად რუსეთი იძულებული გახდა, ეღიარებინა საქართველოს უფლებები აფხაზეთსა და ცხინვალში, რამაც მოსკოვის მიმართ აფხაზი და ოსი ხალხების განაწყენება გამოიწვია.
- წლის ბოლოს რუსეთმა ოსი ხალხის ნაწილი იმითაც გაანაწყენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა. თქვენი აზრით, ამ ამბავს გაისად რა გაგრძელება მოჰყვება?
- არ არის გამორიცხული, რომ ოსმა ხალხმა მოსკოვის ეს თავნებობა დაივიწყოს, მაგრამ როგორც ფსიქოლოგი, გარწმუნებთ - როგორც კი მოსკოვი კიდევ ერთხელ მოექცევა ამ ხალხს უსამართლოდ, ძველი წყენა გაორმაგებული ძალით ამოხეთქავს. ამის ნათელი მაგალითია "არაბული რევოლუცია". ხალხმა 30-წლიანი მოთმინების შემდეგ საშინელი აგრესია გამოხატა.
- ამ ფორმულის მიხედვით, მოსკოვს საკუთარი ხალხიც უნდა აუჯანყდეს. ასეთ შემთხვევაში, პუტინ-მედვედევის "ტახტი" ცოტათი მაინც უნდა შეარყიოს.
- ასეც იქნება. შესაძლოა, ამ აჯანყებამ პუტინ-მედვედევის "ტახტი" ვერ დაანგრიოს, მაგრამ მოარყევს მაინც. ის, რაც დღეს ხდება, რუსეთში უკვალოდ ნამდვილად არ ჩაივლის.
- როგორ ფიქრობთ, არც მორყეულ "ტახტზე" მჯდომი პუტინ-მედვედევი შეცვლის საქართველოსადმი დამოკიდებულებას?
- ილარიონოვის განცხადება ზუსტ პასუხს სცემს თქვენს კითხვას: მან თქვა - "დეკორატიული მანევრები იქნება, მაგრამ რეალურად, ძალაუფლების ვერტიკალი და სტრუქტურა არ შეიცვლება".
- გასაგებია. მომავალი 2012 წლისგან რას ელით?
- იმედი მაქვს, რომ მომავალი წლიდან "პოლიტიკური პოლიფონიით" დავიწყებთ ცხოვრებას. ქვეყანა, რომელსაც მრავალხმიანი სიმღერის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს, პოლიტიკაში ერთ ხმად არ უნდა მღეროდეს. "პოლიტიკური პოლიფონია" საყურებლადაც უკეთესია და მოსასმენადაც. ჯობია, პოლიტიკოსები ეჭიდაონ ერთმანეთს, საზოგადოების დანარჩენმა ნაწილმა კი თავისი საქმე მშვიდად აკეთოს.