რუსი და ქართველი ასტროლოგები საქართველოზე და 2012 წელზე

რუსი და ქართველი ასტროლოგები საქართველოზე და 2012 წელზე


მსოფლიოში მომავალ წელსაც ბევრი პრეზიდენტი, მმართველი და მინისტრი შეიცვლება, მათ შორის საქართველოშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. დრაკონის წელიწადი ბიძინა ივანიშვილს ბევრად უფრო სწყალობს, ვიდრე სააკაშვილს. დრაკონის წელს საქართველოში დრაკონულ კანონებს და მსოფლიოში მძლავრ ეკოლოგიურ და ტექნოგენურ კატასტროფებს უნდა ველოდოთ.

როგორც ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აცხადებს, საქართველოსთვის 2012-2013 წლები იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არასდროს არავის დაავიწყდება.

გასულ კვირას საქართველოსთან დაკავშირებით ცნობილმა რუსმა ასტროლოგმა პაველ გლობამაც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, 2012 წელი განსაკუთრებით დაძაბული იქნება საქართველოსათვის, რადგან მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი სამყაროს აღსასრულის სავარაუდო დღესაა დაბადებული. გლობას პროგნოზი, ბუნებრივია, ძირითადად რუსეთს ეხება. მისი ვარაუდით, 2012 წელს პრეზიდენტობისათვის ბრძოლას ვლადიმირ ჟირინოვსკი და გენადი ზიუგანოვი გამოეთიშებიან.

მიხეილ ცაგარელი საქართველოსთან დაკავშირებით გლობას პროგნოზს ეთანხმება და პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკურ კრიზისსაც პროგნოზირებს.

მიხეილ ცაგარელი: წინ საკმაოდ რთული და საინტერესო 2012-2013 წლები - დრაკონისა და გველის, ე.წ ბიბლიური აპოკალიფსის წლები გვაქვს. სულიერი ტრანსფორმაციის და რადიკალური სამყაროსეული ცვლილებების პერიოდი იწყება და ეს აბსოლუტურად ყველა დარგს შეეხება - მეცნიერებიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან რთული და ძალიან ცხელი წელი დგება. ეს პროცესები უკვე დაიწყო და ჯერ კიდევ შარშან აღვნიშნე, რომ 2011 წელი სამწლიანი აპოკალიფსური აპოგეის დასაწყისი იქნება, რომელიც პიკს 2012-2013 წლებში მიაღწევს. 2014-დან სიტუაცია ნელ-ნელა დამშვიდდება და მთელ მსოფლიოში ცხოვრება უფრო სტაბილურ და მშვიდ კალაპოტს მიიღებს. ახლა ურთულესი გარდამტეხი პერიოდია დედამიწისთვის და შესაბამისად, ეს პოლიტიკურ სფეროსაც შეეხება.

"მთელი კვირა": როგორი პოლიტიკური წელი იქნება 2012?

მ.ც: ყველა ძალაუფლების მქონე პირი, ვინც სამართლიანობის გზით არ მიდის და სამყაროს განვითრების გზის პრინციპებს ეწინააღმდეგება, თანამდებობას თანდათანობით ჩამოშორდება. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი სიცოცხლესაც დაკარგავს. ამის მაგალითები უკვე გვაქვს 2011 წელს, იგივე ბინ ლადენი და კადაფი. ასევე, ბერლუსკონიმ, რომელიც ყველას სამუდამო პრემიერი ეგონა, დაკარგა თანამდებობა, პრემიერი ესპანეთშიც შეიცვალა, ჩრდილოეთ კორეაში ვნახეთ კიმ ჩენ ირის დაღუპვა და ეგვიპტეში - მუბარაქის ეპოქის დასრულება. ახლა იემენის პრეზიდენტი სალიხი აცხადებს, რომ თანამდებობიდან მიდის, ვხედავთ, რა ხდება სირიაში. 

სამყაროში ცვლის პროცესები დაწყებულია. ძალაუფლების მმართველი პლანეტა სატურნი მორიელის ზოდიაქოში შედის, მორიელი კი სიცოცხლისა და სიკვდილის ნიშანია. სწორედ ამით არის განპირობებული ეს სერიოზული პროცესები, რომლებიც აპოგეას მომავლ ორ წელს მიაღწევს.

მსოფლიოში მომავალ წელსაც ბევრი პრეზიდენტი, მმართველი და მინისტრი შეიცვლება, მათ შორის საქართველოში მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, როგორც საპარლამენტო, ისე საპრეზიდენტო და საპრემიერო დონეებზე. ჟურნალისტები მზად იყავით - 2012-2013 წლებში ძალიან სერიოზული, სახელისუფლებო ცვლილებების წინაშე აღმოჩნდებით. რადიკალურად შეიცვლება როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საგარეო კურსიც.

"მ.კ": წინასწარმეტყველმა ლელა კაკულიამ დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა, რომ არანაირი ცვლილება და არეულობა არ იქნება, ხალხმა ჭკუა ისწავლა და ოპოზიციას არ აჰყვებაო. თქვენი პროგნოზი როგორია?

მ.ც: კაკულიამ ბევრი რამ თქვა, რომელიც არ ასრულდა. ის წინასწარმეტყველია, მაგრამ კოსმიურმა ენერგიებმა შეიძლება წინასწარმეტყველებაში კორექცია შეიტანოს. დაძაბულობა აუცილებლად იქნება. აქციების ზონა ჩვენ გარკვეულწილად გავიარეთ, მაგრამ შესაძლოა დაძაბულობის და უნდობლობის ფაქტორი საერთაშორისო დონეზე შეიქმნას. 2012 წელი 1992-94 წლებში მთავრობის მიერ დაშვებული შედომების გამოძახილის პერიოდი იქნება, ამიტომაც შეიძლება ეს როგორც აქციების სახით, ასევე წამყვან პარტიებში დაძაბულობით გამოიხატოს. 

მაგალითად, ეს იქნება დაძაბულობა ივანიშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის, მათ შორის ჟურნალისტური პოლემიკის კუთხითაც. დაძაბულობა იქნება ჟურნალ-გაზეთებში, ტელევიზიებში. ზოგიერთი მათგანი დაიხურება, ზოგიერთი მათგანი ერთმანეთს დაუპირისპირდება. სერიოზული ფინანსური კრიზისი იქნება. უმუშევრობისა და უფულობის ზრდა ქვეყნაში საერთო ეკონომიკურ სტუაციას დაძაბავს და ამანაც შეიძლება აქციები გამოიწვიოს.

განსაკუთრებით რთული პერიოდი გვაქვს 20 მარტიდან 20 აპრილამდე, შემდეგ კი - ივნისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. ეს ყველაზე რთული პერიოდებია, როცა შეიძლება ყველაზე დიდი დაძაბულობის, მთავრობის მხრიდან ყველაზე დიდი შეცდომების წინაშე დავდგეთ.

"მ.კ.": შარშან ინტერვიუში განაცხადეთ, რომ 2011 წელს ოპოზიციაში სრულიად ახალი პოლიტიკური სახე გამოჩნდებაო. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილია. ექნება თუ არა ამ გამოჩენას დიდი წინსვლა და რას უქადის ივანიშვილს 2012 წელი?

მ.ც: ძალიან სასიმოვნოა, როცა თქვენ ჩემი ეს პროგნოზი გახსოვთ. თუმცა, რაც შეეხება ივანიშვილის საკითხს, ბევრი რამ პირადად მასზეა დამოკიდებული. მისთვის 2012 წელი წლევანდელთან შედარებით ბევრად უფრო კარგი იქნება. ის მაიმუნის წელიწადში, მერწყულის ზოდიაქოს ნიშანშია დაბადებული. დრაკონის წელიწადი კი მაიმუნის წელიწადთან მეგობრობს და ეს უფრო მეტ დადებით შესაძლებლობას და უფრო მეტ შანსს აძლევს, რომ ნაკლები შეცდომები დაუშვას. 

მას ჩემთვის რომ ეკითხა, ვურჩევდი, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე 2012 წლის 23 იანვრიდან გამოჩენილიყო, იმიტომ, რომ აქედან იწყება მისთვის სასიკეთო პერიოდი. თუ ივანიშვილმა მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშვა, წარმატების მიღწევა ძალიან გაურთულდება. მას შეეძლო გაცილებით უმტკივნეულოდ და ჭკვიანურად მოქცეულიყო, რადგან დაშვებული შეცდომები ძალიან ბევრ დროს, ენერგიას და ფულს წაიღებს. თუმცა ის, რომ 2012 უფრო წარმატებული ექნება, უდავოა.

"მ.კ.": ასტროლოგიურად რა შეცდომები დაუშვა ივანიშვილმა?

მ.ც: თუნდაც დავიწყოთ იმით, რომ მან პოლიტიკურ სარბიელზე გამოსვლა იმ პერიოდში დაიწყო, როცა მზე ყველაზე არაპოლიტიკურ ზოდიაქოს ნიშანზე - სასწორზე გადიოდა. ოქტომბერში პოლიტიკური გამოსვლა დამარცხებისა და პრობლემის პირველი ფაქტორია. გარდა ამისა, სასწორი ყველაზე მშვიდი ზოდიაქოა და სრულ სიმშვიდესა და მაქსიმალურ დიპლომატიურ მოქმედებას ითხოვს. მან კი მოღვაწეობა აგრესიული ტონით დაიწყო, ოპოზიციის ნაწილი და ტელეკომპანიები გააკრიტიკა და ეს საწყისი გამოსვლა არასასურველი იყო. 

შემდგომი შეცდომა ის იყო, რომ მას "ქართული ოცნების" პრეზენტაციის გამართვა 25 ნოემბერს სურდა. 25 ნოემბერი მზის დაბნელების პერიოდი, ურთულესი და მძიმე დღეა და გლეხებმაც კი იციან, რომ ამ დროს მცენარესაც არ უნდა ახლო ხელი, არა თუ ხელშეკრულებები დადო და ორგანიზაციები დააფუძნო. სხვა საქმეა, რომ სამყაროს რაღაც ძალებმა დაიფარეს ის და პრეზენტაცია გადაიდო.

"მ.კ.": რუსმა ასტროლოგმა პაველ გლობამ განაცხადა, რომ 2012 წელი სააკაშვილისათვის დაძაბული იქნება, იმიტომ, რომ ის მსოფლიოს შესაძლო განადგურების დღესაა დაბადებულიო. თქვენი პროგნოზით, სააკაშვილისათვის როგორი იქნება 2012?

მ.ც: ამ შემთხვევაში ვეთანხმები პაველ გლობას. მიხეილ სააკაშვილი თხის წელიწადშია დაბადებული, თხა დრაკონთან არ მეგობრობს და ანტაგონიზმი აქედან გამოჩნდება. შესაბამისად, მას მეტი სირთულეები, წინააღმდეგობები ექნება და უფრო მეტი ფარული მტრები ეყოლება, ვიდრე წინა წლებში. შეცდომები, რომელიც მის მიერ უკვე დაშვებულია, 2012-ში შეჯამების რანგში გადმოდის. თან პლანეტა სატურნი დამსჯელ ნიშან მორიელის ზოდიაქოში იმყოფება და ეს გაცილებით მეტ სირთულეებს შეუქმნის. 

თუმცა, პრეზიდენტს რესურსები და შესაძლებლობები დიდი აქვს და ბევრი რამ დამოკიდებულია იმ შეცდომებზე, რომელსაც სააკაშვილი 2012 წელს დაუშვებს და ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია და ასევე იმ შეცდომებზე, რომელსაც ივანიშვილი დაუშვებს და რომელთა ალბათობაც დაბალია. 

პრეზიდენტისა და ივანიშვილის შეცდომების პროპორცია განსაზღვრავს 2012 წლის ძირითად შანსებს. უმთავრესი მაინც ისაა, რომ საქართველომ ეს წელი მშვიდობიანად გაიაროს. 2012 ნაკიანი წელიწადია, ნაკიან 2008 წელს იყო ომი და პრეზიდენტს ნუ დაავიწყდება, რომ ტრადიციულად ნაკიანი წლები საომარ სიტუაციას და რიტორიკას უკავშირდება. ამდენად სააკაშვილისაგან მეტი გონიერება და სიფრთხილეა საჭირო.

"მ.კ.": შესაძლოა, საქართველოში საომარი სიტუაცია შეიქმნას?

მ.ც: ისეთი მაღალი ალბათობა არ არის, როგორიც 2008 წელს იყო, მაგრამ საომარი რიტორიკის და დაძაბულობის ტენდენცია გაორმაგდება. ამას ისიც ემატება, რომ 2012 წელს ეკოლოგიური კატასტროფა კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეს წელს იყო, ეს გასათვალისწინებელია.

ამას პლუს ის, რომ 2012 წელი, სექტემბრამდე მსოფლიო ფინანსური კრიზისის აპოგეა იქნება. საქართველოში დაიხურება საწარმოები, თუკი არსებობს ასეთი; ასევე დაიხურება საავადმყოფოები; რეორგანიზაცია ელის და შეიძლება დაიხუროს კიდეც ზოგიერთი ჟურნალ-გაზეთი, რადიო თუ ტელევიზია; ბევრი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება, მათ შორის კერძო მეწარმეებს დიდი ჯარიმები დაეკისრებათ. ეს კიდევ ერთხელ გვამცნობს იმას, რომ ფინანსური პრობლემების გამო მთავრობა უფრო მეტ დამსჯელ ზომებს მიიღებს. იქნება საპარლამენტო ცდუნებები, რომ ისეთი კანონები მიიღონ, რითაც ხალხისგან კიდევ მეტ თანხებს ამოიღებენ, რაც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს და შესაძლოა, ეს სერიოზული დაპირისპირებისა და კონფლიქტის დამატებითი საბაბიც გახდეს.

არაპოპულურული გადაწყვეტილებების ტენდენციის მომატება დაძაბულობას გაზრდის და შესაძლოა, მიტინგების მოწმეც გავხდეთ.

"მ.კ.": დენის გადასახადს მიბმული ნაგვის გადასახადის მსგავსი უცნაური კანონიც შეიძლება ვიხილოთ?

მ.ც: კი. იქნება ფიქრი, მოსახლეობისაგან როგორ და რა ძალებით ამოიღონ თანხები და რაც უნდა აბსურდულად ჟღერდეს, მსგავსი რამ იქნება.

მინდა ვთქვა, რომ სამყარო ამ შეცდომებს ელოდება და ხელისუფლების მხრიდან 2012 წლის არასამართლიანი მოქმედება აუცილებლად ადეკვატურად დაისჯება. 2012 წელი დრაკონის წელიწადია და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე დრაკონის წელს - 1988 წელს დაიწყო საქართველოში პირველი მიტინგები და ის 1989 წელს 9 აპრილით დასრულდა. ამდენად, ორი წელიწადი ძალიან რევოლუციური იქნება. არა მარტო არაბულ ქვეყნებში, ცივილიზებულ სახელმწიფოებშიც ხდება გამოსვლები და ეს მომავალ წელს, რასაკვირველია, მოიმატებს.

"მ.კ.": 2011 წლის მოვლენა "არაბული გაზაფხული" იყო და 2012-ში მსგავსი რადიკალური ცვლილება მოსალოდნელია?

მ.ც: როგორ არა, მათ შორის იემენში და სირიაში. ახლა საფრანგეთსა და თურქეთს შორისაც დაიძაბა ურთიერთობები. მუსლიმანურ და ევროპულ ქვეყნებს შორის დაძაბულობები ბევრი იქნება. არა მარტო პოლიტიკაში, ოჯახებს შორის, ოჯახის წევრებს შორის კონფრონტაცია მომავალ წელს გაიზრდება.

"მ.კ.": საქართველოში თუ იქნება რადიკალური ცვლილება?

მ.ც: არნახული რადიკალური ცვლილება თუკი არ მივიღეთ, იქნება ეტაპი და წინაპირობა, რაც 2013 წლის რადიკალური ცვლის დასაწყისი იქნება. 2012-2013 წლები გარდამტეხი, იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ არასოდეს არ დავივიწყებთ. 2013 წლის შემდეგ უახლოესი 10-20 წელი არაფერი იმდაგვარი არ მოხდება ქვეყანაში, რაც 2012-2013 წლებში იყო. ამ წლებში გაირკვევა, ვინ უხელმძღვანელებს საქართველოს მინიმუმ 9 წელი.

"მ.კ.": პრორუსული გავლენის გაძლიერება თუ იქნება საქართველოში?

მ.ც: არა, რასაკვირველია, მსგავსი არაფერი იქნება. 2014 წლიდან ჩვენი პროდუქციაც დაბრუნდება რუსულ ბაზარზე. 2016 წლიდან რუსეთთან ურთიერთობა დათბება. დაიწყება მეგობრული ურთიერთობა, როგორც ორ თანაბარი უფლებების მქონე ქვეყანას შორის. რუსული ენა ისევ აქტუალური გახდება, ისე, როგორც დღეს ინგლისურია.

"მ.კ.": რუსეთში რა მოხდება მომავალ წელს?

მ.ც: რუსეთს მშვიდი ცხოვრება არ ექნება. პუტინს არჩევნებში გამარჯვების შანსი აქვს, მაგრამ წლის ბოლომდე მაღალია ალბათობა, რომ იქ კიდევ რაღაც მოხდეს, ტერაქტის დონეზეც კი. თუ ოქტომბრამდე გაუძლებს, ის თავის თანამდებობაზე დარჩება. 

გარდა ამისა, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ფინანსური კრიზისის ალბათობაც დიდია. 2016 წლამდე რუსეთი ვირტუალური უსამართლობის ზონაში იმყოფება, ამიტომაც გასდის ყველა უსამართლო მოქმედება. 

2016 წელს რუსები პირველად დასვამენ კითხვას - იქნებ რაღაცას უსამართლოდ ვაკეთებთ? 2016 წლიდან რუსეთი სამართლიანობის კუთხით ცვლას დაიწყებს და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებიც რადიკალურად სწორედ ამ დროს დათბება.

"მ.კ.": საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ჩრდილო კავკასიაში საომარი ოპერაცია დაიწყოს და უნდა ველოდოთ ომს?

მ.ც: ჩრდილო კავკასიაზე მეტად ხიფათი ირანშია მოსალოდნელი და ეს ჩვენთვის ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება. საერთო ჯამში 2012 საომარი წელიწადია. 90%-იანი ალბათობა არსებობს, რომ ისრაელმა თავდასხმა განახორციელოს. ირანს კორექციიის საშუალება აქვს და ბევრი რამ ირანის ქმედებაზეც იქნება დამოკიდებული.

ასტროლოგიურად არსებობს საომარი პერიოდები, როცა ომის ენერგია მატულობს და ასეთ პროცესებს უწყობს ხელს და მიმაჩნია, რომ ასეთი ხიფათის პერიოდი 20 მარტიდან 20 აპრილამდეა.

"მ.კ.": 2011 წელი იაპონიისათვის საშინელი კატასტროფის წელი იყო. საქართველოში რაიმე ეკოლოგიური კატასტროფა მოსალოდნელია?

მ.ც: 2012 წელს მსოფლიოში შეიძლება უარესი კატასტროფა მოხდეს, ვიდრე იაპონიის ტრაგედია იყო. არა მარტო ეკოლოგიური, არამედ ტექნოგენური კატასტროფებიც თვალშისაცემი იქნება. შეიძლება სხვადასხვა ელექტროსადგურებზე ან ბირთვულ რეასტორებზე მოხდეს აფეთქებები. შეიძლება თვიმფრინავთან დაკავშირებული კატასტროფა იყოს. 2012-2013 წლები ისტორიაში ჩაიწერება ეკოლოგიური და ტექნოგენური კატასტროფების დიდი რაოდენობის გამო.

ეკოლოგიური კატასტროფები საქართველოშიც იქნება, მაგრამ არა დამანგრეველი და ისეთი, რომ სერიოზულ მიწისძვრას ველოდოთ. იქნება ღვარცოფები, წალდიდობები, ხანძრები. 2012-2013 ეკოლოგიური კატასტროფების მხრივ მთელ მსოფლიოში წლევანდელთან შედარებით უფრო აქტიური იქნება.

"მ.კ.": 2012 წელს პლანეტის აღსასრულს უნდა ველოდოთ?

მ.ც: არ ვიღუპებით. არაერთხელ აღვნიშნე, რომ 2012 წელს მეხუთე მზის ჩასვენება ხდება. თეთრი რასის განვითარების მეხუთე ეტაპი სრულდება. იწყება მეექვსე, მზის, ანუ ახალი ცნობიერების განვითარების 2-ათასიანი ეტაპი. თანდათან ცნობიერება გამახვილებას დაიწყებს, ინტუიცია მოიმატებს და ადამიანთა უმრავლესობა თავისი ცნობიერების მეოთხე განზომილებაში გადასვლას იწყებს. თუმცა სანამ ეს მოხდება, 2012-2013 წლებში შავი ძალა უნდა მოშორდეს ჩვენს სამყაროს. ანტიქრისტეს ეპოქა სრულდება და წინსვლის, განვითარების პერიოდი იწყება.