ზაალ ანჯაფარიძე "ჯი-ეიჩ-ენი"
გავლენიანი ბრიტანული ჟურნალის The Economist ყოველწლიურმა დემოკრატიის ინდექსის კვლევამ 2011 წელს კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ფასადური დემოკრატიაა. „ვარდების რევოლუციიდან" 8 წლის მანძილზე საქართველო „ჰიბრიდული რეჟიმის" სტატუსს ვერ გასცდა და დემოკრატიის განვითარების კუთხით გამოკვლეულ 167 ქვეყანას შორის 102 ადგილზეა. სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავს შეფასებას გვაძლევენ. Freedom House საქართველოს კვლავაც „ნაწილობრივ თავისუფალ" ქვეყანად მოიხსენიებს. თუმცა ის რაც კარგად მოსჩანს ოკეანის-გაღმიდან თუ ნისლიანი ალბიონიდან, როგორც ჩანს დაბინდულია ცნობილი ჟურნალისტის მატვეი განაპოლსკისთვის. სახელისუფლებო ტელეარხზე ПИК («Первый Информационный Кавказский») მისი საავტორო გადაცემის ქუდი ამბობს რომ გადაცემა მაყურებელს გააცნობს თუ „როგორ მიდის საქართველოს გარდაქმნა, რომელმაც არა სიტყვით არამედ საქმით გადაწყვიტა მისი ბევრი მეზობლისთვის გახდეს მისაბაძი მაგალითი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების საკითხებში." მატვეი განაპოლსკის საქართველოში ბევრი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს და უნდა ვიფიქროთ, რომ ის მთლად ინფორმაციულ ვაკუუმში ან დეზინფორმაციის ტყვეობაში არ იმყოფება, როდესაც ПИК-ს აუდიტორიას საქართველოში სიტუაციას ვარდისფერ ფერებში წარმოუჩენს.
ან კი რითია მისაბაძი საქართველოს რეფორმები!?, რომ ქვეყანა პატიმრების რაოდენობით მსოფლიოს პირველ ხუთეულში შედის, რომ რეფორმების შედეგად მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევრად დარჩა და დასაქმების სფეროში ასაკობრივი სეგრეგაციაა დაწესებული, რომ პოლიცია და უშიშროება სახელმწიფოში სახელმწიფოდ გადაიქცა, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად უზურპირებული აქვს ერთ პოლიტიკურ ძალას. თუ ვინმესთვის მისაბაძი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების რეფორმების მაგალითი, მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმებისათვის, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი ფაქტურის დემოკრატიის ფასადით შენიღბვას.
საინტერესოა როგორ შეფასებას მისცემს განაპოლსკი ჩვენი პარლამენტის მიერ ბოლო დღეებში მიღებულ საარჩევნო კოდექსს და იმ დრაკონულ ცვლილებებს რაც პოლიტიკური გაერთიანებების და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობაში შევიდა. ამ ცვლილებების შემდეგ ხომ ყველასათვის ცხადი გახდა, რომ 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.
თუმცა ხელისუფლებას როგორც ჩანს ამ კუთხით უკვე ჩამოყალიბებული აქვს სტრატეგიაც და ტაქტიკაც. სააკაშვილი და მისი გუნდი როგორც შიდა აუდიტორიის ისე დასავლეთის წინაშე აქტიურად და როგორც ჩანს არცთუ უშედეგოდ მანიპულირებს „რუსული საფრთხით." ეს კამპანია განსაკუთრებით გააქტიურდა და უკვე გროტესკული ფორმები შეიძინა მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოაბიჯა. გზავნილი რომელიც სააკაშვილის გუნდიდან მოდის არის მოკლე და მკაფიო - ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთს დააკარგვინებს საქართველოს, ხოლო ამ უკანასკნელს კი დამოუკიდებლობას. სხვათა შორის, ამაზე ირიბად, მაგრამ საკმაოდ გასაგებად მიანიშნა თავის ამასწინანდელ ტელე ინტერვიუში უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ. შესაბამისად, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაზე სასწრაფო წესით მიღებული შესწორებები სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვის მიზანს ემსახურება.
„ნაციონალური მოძრაობა" როგორც ჩანს ბოლო დრომდე იმედოვნებდა, რომ „რუსული საფრთხის" კოზირით ის გაანეიტრალებდა დემოკრატიული ნორმების დარღვევას. თუმცა 29 დეკემბერს, მიღებულ ანტი-დემოკრატიულ კანონებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს სპეციალურმა განცხადებამ დატოვა მცირე იმედი იმისა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი სააკაშვილის ხელისუფლებას აფრთხილებს და აგრძნობინებს, რომ ასეთ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვება შესაძლოა აღარ აღიარონ ლეგიტიმურად. ამას გვაფიქრებინებს განცხადებაში გაკეთებული ღია მინიშნება „უთანასწორო პოლიტიკურ კონკურენციაზე." თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდებია და შესაძლოა არჩევნებამდე აშშ-მ გადახედოს საკუთარ პოზიციას, თუკი სააკაშვილის გუნდი ამერიკულ პოლიტელიტას კვლავ აცდუნებს ისეთი პოლიტიკური და სტრატეგიული საჩუქრებით როგორიც არის ავღანეთში საქართველოს სამხედრო კონტინგეტის გაზრდა, საქართველოს ტერიტორიის დათმობა ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურისათვის ირანთან ომის შემთხვევაში, რუსეთში მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიური ჩარევა დესტაბილიზაციის გასაღრმავებლად და ნებისმიერი სხვა ქმედებებით რაც რეგიონში აშშ-ს და ნატოს ინტერესებს პასუხობს.
„ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ოსტატურად მანიპულირებს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით. ის მათ ფაქტიურად ფარად იყენებს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ამ რეკომენდაციების შინაარსზე არც ხელი მიუწვდება ენობრივი თუ ტექნიკური ბარიერების გამო და არც მათი გაცნობის მწველი ინტერესი გააჩნია. ამიტომაც პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადება რომ "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები "მკაცრ, თუმცა ევროპული პოლიტიკის სტანდარტებს ამკვიდრებს და ექსპერტიზა ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიაში გაიარა". შესაძლოა საზოგადოების გაუთვიცნობიერებელმა ნაწილმა სიმართლედაც კი აღიქვას. საქართველოს შესახებ ვენეციის კომისიის მიერ არცერთ დღემდე გამოქვეყნებულ დოკუმენტში არ წერია, რომ იქ ამ საკანონმდებლო შესწორებებს იწონებენ. შესაბამისად, ივანიშვილის კოალიციას მოუწევს აჩვენოს საზოგადოებას, მართლა შეესაბამება თუ არა პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ევროპულ სტანდარტებს.
ამ პროცესში სავარაუდოდ არ ჩაერთვებიან ის პოლიტიკურ პარტიები, რომლებიც ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ „შეკიდულ" მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ძირითადად საუბარია ქრისტიან დემოკრატებზე, ახალ მემერჯვენეებზე და ეროვნულ-დემკრატებზე. „ნაციონალური მოძრაობისთვის" კაბალურ საარჩევნო შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ, მათ პარლამენტში მანდატების მიღების საქმე უკვე მოკვარახჭინებული ეგონათ. თუმცა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ის გზა, რომლითაც ეს პარტიები პარლამენტში მოხვედრას ლამობდნენ. „ნაციონალებმა" გადაიფიქრეს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 190-მდე გაზრდა. დღეს აღნიშნული პარტიები ხელისუფლებასთან უნისონში ივანიშვილის კრიტიკით არიან დაკავებული და ივანიშვილის საპირწონე ოპოზიციურ ძალად სთავაზობენ საკუთარ თავს ხელისუფლებას. თუმცა სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ამ პარტიების რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ ძნელი წარმოსადგენია მათ არჩევნების აშკარა გაყალბების გარეშე რაიმე ხელშესახები შედეგი აჩვენონ ხელისუფლების მხარდაჭერის პირობებშიც კი. თუმცა 2012 არჩევნებზე ივანიშვილის კოალიციისათვის წართმეულ თითოეულ ხმას „ნაცმოძრაობისათვის" რომ იტყვიან ოქროს ფასი ექნება. ამიტომაც. ამ პარტიების სამსახურზე ხელისუფლება უარს არ იტყვის, რადგან ეს ოპოზიციური ელექტორატის გახლეჩვის ერთ-ერთი საშუალებაა.
ხელისუფლება ხვდება რომ მოძრაობა „ქართული ოცნების" წიაღში სხვადასხვა თემატური ჯგუფების შექმნით და ქვეყანაში არსებული პრობლემების კონკრეტული პროგრამების მომზადებით, ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ფაქტიურად ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყეს, რომელიც ამომრჩევლის წინაშე არა მჭახე ლოზუნგებით, არამედ ალტერნატიული პროგრამებით წარსდგება. ეს კი საპროტესტო ელექტორატის კონსოლიდაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ბერკეტია. თუ მისი ბოლო განცხადებებით ვიმსჯელებთ, ივანიშვილმა როგორც ჩანს გადაწყვიტა არ ჩაიკეტოს რესპუბლიკელებთან და თავისუფალ დემოკრატებთან და არჩევანი უფრო ფართო კოალიციაზე გააკეთოს, რაც ოპოზიციური ხმების გაფანტვის ალბათობას შეამცირებს. გადამწყვეტი სიტყვა რა თქმა უნდა საზოგადოებას ეკუთვნის. თუმცა სოციოლოგიურ კვლევებს თუ ვენდობით, საზოგადოების საგანგაშოდ მცირე ნაწილი (დაახლოებით 3%) არის მზად არჩევნების გაყალბების შემთხვევაში აქტიურად დაიცვას საკუთარი ხმები საპროტესტო აქციების გზით.
სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ყველა დასაშვები ცდომილების გათვალისწინებით, ივანიშვილს უკვე აქვს მეორე შედეგი სააკაშვილის შემდეგ, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია სულ რაღაც ორთვიანი პოლიტიკური აქტივობის პირობაზე.
ამ ეტაპზე ივანიშვილის შედარებით მოწყვლადი ადგილია აშშ და ევროპის წრეების მხარდაჭერის ხარისხი. საერთაშორისო პრესის მიერ მისი პოლიტიკური პროფილის შეფასება ჯერჯერობით არ მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილს დასავლეთი „თავის კაცად" მიიჩნევს.
ჭადრაკის ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ორი მთავარი მოთამაშე ივანიშვილი და სააკაშვილი ერთგვარ ცუგცვანგის მდგომარეობაში არიან, როდესაც მოთამაშის ნებისმიერმა არასწორმა სვლამ შეიძლება მისი პოზიციები გაართულოს.
905
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85