სააკაშვილის ხრუშჩოვიზაცია

სააკაშვილის ხრუშჩოვიზაცია


საბჭოთა კავშირში 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის მითითებით გამკაცრდა კანონი "უკანონო სავალუტო ოპერაციების შესახებ". ამასთან, ამ კანონმა შეიძინა უკუქმედების ძალა და "ვალუტჩიკი" როკოტოვი დახვრიტეს იმის გამო, რომ იგი წარსულში ამ კანონის საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა.

ეს არის მსოფლიო იურისპრუდენციის პრაქტიკაში ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კანონი გამკაცრდა და მას უკუქმედების ძალა მიენიჭა და, როგორც ჩანს, მეორე შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდება, რადგან პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვის მიუხედავად, ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც პარტიებისთვის დაფინანსებას ამკაცრებს და ამასთან ამ ნორმას უკუძალას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ახალი კანონის თანახმად, იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალებათ, ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში, საერთო ჯამში, მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება. ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 1 მილიონი ლარის ლიმიტის ფარგლებში.

პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით, 53 მილიონი ლარის ტოლია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს.

საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად კი დამატებით წინასწარი განაცხადის გაკეთება იქნება აუცილებელი.

ამასთან, შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-% მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები.

პარტიის მიერ საწევროები, აგრეთვე მოქალაქეებისგან შემოწირულებების სახით ფულადი სახსრები მიიღება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. ხოლო პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკოს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.

პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა.

ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან.

ეს წესები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ყველაზე მთვარი კი ის არის, რომ ეს აკრძალვები და წესები ვრცელდება აქამდე მომხდარ ფაქტებზეც.

კონკრეტულად, კანონში ჩაიწერა, რომ იურიდიული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არიან დაკავშირებული პოლიტიკურ გაერთიანებსთან, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულები არიან, ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს.

ასეთი დაფინანსება კი, დღევანდელი მონაცემებით, მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს აქვთ მიღებული. ოთხმა პარტიამ: "თავისუფალმა დემოკრატებმა", რესპუბლიკურმა პარტიამ, კონსერვატულმა პარტიამ და "ხალხის პარტიამ" ნოემბერ-დეკემბერში ივანიშვილთან დაკავშირებული იურიდიული პირებისგან თითომ 1 მილიონ 100 ათასი ლარი მიიღეს.

ახალი კანონის ძალაში შესვლის გამო კი მათ ამ ფულის ან დამფინანსებლისთვის უკან დაბრუნება მოუწევთ ან ბიუჯეტისთვის გადახდა მოუწევთ.

ის, რომ პარტიების დაფინანსება მკაცრდებოდა, საზოგადოებისთვს ცნობილი დაახლოებით თვენახევრის წინ გახდა. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც მილიარდელმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა. ამასთან, ხელისუფლება ბოლო პერიოდში აღარც მალავდა, რომ ეს აკრძალვები სწორედ ივანიშვილის გამო წესდებოდა.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნების დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის არათანაბარი პირობები იყო. ხელისუფლება, რომელიც სხვადასხვა სოციალური პროგრამების განხორციელებით ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო, დამატებითი დაფინანსება მისდიოდა ბიზნესიდან, რასაც არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშებიც ადასტურებს. რეალურად ყველა პარტია ერთად ვერ ახერხებდა იმდენის დახარჯვას, რასაც ხარჯავდა სახელისუფლებო პარტია.

მას შემდეგ კი, რაც პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ივანიშვილმა გამოთქვა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებისთვის რეალური კონკურენციის გაწევას შეძლებდა. თუმცა, პრეზიდენტმა მას მოქალაქეობა ძალიან მალე ჩამოართვა და ამით პოლიტიკაში მონაწილეობისა და დაფინანსების უფლება წაართვა.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომელიც მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ამ აკრძალვების გაუქმებას და საარჩევნო პროცესში ჩართვის საშუალების მიცემას ითვალისწინებდა.

ამის მიუხედავად, ივანიშვილს პარტიების იურიდიული პირების მეშვეობით დაფინანსების საშუალება რჩებოდა. თუმცა, გამოსავალი ხელისუფლებამ იმაში იპოვა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან პარტიების დაფინანსება იურიდიულ პირებსაც აეკრძალებათ. ანუ, ივანიშვილის პარტნიორები დაფინანსებას ამ გზითაც ვეღარ მიიღებენ.

გარდა ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით ისეთი აკრძალვები წესდება პოლიტიკური პარტიებისთვის და ამ აკრძალვების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობები წესდება, საარჩევნო რეგისტრაციაში არგატარებიდან დაწყებული და 3 წლამდე პატიმრობის ჩათვლით დამთავრებული, რომ რეალურად პარტიები დაფინანსების მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან. ასევე იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტიის რიგითი წევრის ოჯახის წარმომადგენელს რაიმე ფორმით, იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, ურთიერთობა აქვს რომელიმე იურიდიული პირის წევრთან, ამ იურიდიულ პირზეც ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება, რაც წესდება პარტიისთვის.

მაგრამ ივანიშვილმა ხელისუფლებას გარკვეულწილად დაასწრო და მის პარტნიორ ოთხ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არსებული იურიდიული კომპანიების მეშვეობით თითოს 1 მილიონ 100 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ეს ქმედება დღეს მოქმედი კანონმდებლობით სრულიად კანონიერია, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ პარტიებისთვის უკვე უკანონოდ ითვლება და, შესაბამისად, სანქციებიც გავრცელდება.

საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა ასეთ რაღაცას, რომ დამამძიმებელ კანონს უკუძალა მიენიჭოს, არ იცნობს. საქართველოს კონსტიტუციაში კი პირდაპირ არის ნათქვამი, რომ "არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს".

სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტს საგანგებო განცხადებით მიმართა, რომ ამ კანონისთვის ვეტო დაედო. პრეზიდენტმა კი ეს არ გაითვალისწინა და კანონს ხელი მოაწერა.

ამის შემდეგ გავრცელდა საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება, სადაც ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იქნა შეფასებული.

"შეერთებული შტატები მხარს უჭერს თავისუფალ, სამართლიან და სანდო არჩევნებს საქართველოში. ჩვენი ყურადღება გამახვილებულია საარჩევნო პროცესზე. ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ან კანდიდატს. ზუსტად ამ სულისკვეთებით, შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით გაეცნო საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შესწორებებს საარჩევნო კოდექსსა და კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, რომელიც პარლამენტმა ამ კვირაში დაამტკიცა.

"მიგვაჩნია, რომ ბევრი შესწორება, საარჩევნო სიებში არსებული რეალური, თუ წარმოსახვითი უზუსტობების აღმოსაფხვრელად გადადგმულ წარმატებულ ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

"გამოვთქვამთ სინანულს, რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით. ვშიშობთ, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების რეტროაქტიული გამოყენება კიდევ უფრო უთანასწოროს გახდის პოლიტიკურ კონკურენციას. დემოკრატიის მშენებლობა მუდმივი პროცესია.

"მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს მუშაობა ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა 2012 წლის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და დაიმსახუროს საყოველთაო ნდობა. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მთავრობის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გასაძლიერებლად", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ამ განცხადების შემდეგ კი უკვე ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა განმარტება, რომ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ დაისჯება იმისთვის, რომ მან ადრე კანონიერი გზით გარკვეული შემოწირულობა მიიღო.

როგორც პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, შესაბამის მუხლთან დაკავშირებით გავრცელდა სხვადასხვა ინტერპრეტაციები და პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, თითქოს მათ ვინმე აიძულებს, რომ კანონიერად მიღებული თანხები უკან დააბრუნონ.

კუბლაშვილის განმარტებით, ახალ ნორმებს არანაირი უკუქცევის ძალა არ აქვს და არანაირ რეტროაქტიურობას არ აქვს ადგილი. მისი თქმით, პასუხისმგებლობა დაეკისრება პოლიტიკურ გაერთიანებას მხოლოდ მაშინ, თუ მან შემოწირულობის მიღების მომენტში არსებული კანონი დაარღვია და პარტიის, თუ ცალკეული სუბიექტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კანონის გვერდის ავლის მცდელობას.

კუბლაშვილის განცხადებით, ახალი რეგულაციების მიზანია, რომ კონტროლის პალატას ჰქონდეს შესაძლებლობა, გადაამოწმოს ამა თუ იმ პარტიის მიერ მიღებული შემოსავლების კანონიერება განვლილ პერიოდში.

მისივე თქმით, კონტროლის პალატას უფლება ექნება გამოიყენოს შესაბამისი ღონისძიებები მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ კანონში ცვლილებების შესვლამდე დარღვეული იყო ის ნორმები, რომელიც მანამდე არეგულირებდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ შემოწირულობების მიღებას.

კუბლაშვილს იმედი აქვს, რომ ამ განცხადების შემდეგ ახალ რეგულაციებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია აღარ მოჰყვება.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ნორმა კანონმდებლობაში არსებობს და ამის გამოყენება როდის როგორ მოხდება, ძნელი სათქმელია.