რატომ უხმო საშველად მიხეილ სააკაშვილმა ბიძამისს...

რატომ უხმო საშველად მიხეილ სააკაშვილმა ბიძამისს...


"მიხეილ სააკაშვილი ბიძის, თემურ ალასანიას საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმებას გუშინ პარტია "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ხმა" გამოეხმაურა - პარტიაში თემურ ალასანიას საგარეო საქმეთა მრჩევლად დანიშვნის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და პირდაპირ ბრალს დებენ მმართველ გუნდს ანტიეროვნულ საქმიანობაში და ქართული სახელმწოფოს ინტერესების იგნორირებაში. სხვათა შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების შესახებ, თავად თემურ ალასანიამ განუცხადა გამოცემა "უიკენდის" ჟურნალისტს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "კაგებეშნიკი" თემურ ალასანია რუსეთიდან ჩამოყვანილი გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად დაინიშნეს / რატომ უხმო საშველად მიხეილ სააკაშვილმა ბიძამისს?

"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ისტერიულად ცდილობს მოახდინოს ყველა ოპოზიციური პარტიის და მათი მხარდამჭერების რუსეთთან ასოცირება, რეალობაში ხელისუფლების მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე მუდმივად იმყოფებიან რუსეთიდან ჩამოყვანილი "ჩინოვნიკები", ამის ნათელი მაგალითია ბ-ნი გრიგოლ ვაშაძე და დღეს ეს ყველაფერი დაგვირგვინდა თემურ ალასანიასთვის ქართული სახელმწიფო ინტერესების პირდაპირი გადაბარებით, რაც ნიშნავს, რომ რუსული "კაგებე" იქნება ქართული საგარეო პოლიტიკის წარმმართველი", - მიიჩნევენ სალომე ზურაბიშვილი პარტიაში", - აღნიშნავს გამოცემა.

"საერთაშორისო ურთიერთობებში 38 წლის მოღვაწეობის შემდეგ პენსიაზე გავედი. ვრჩები კონსულტანტად. რაღაც ფორმით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მრჩეველი ვიქნები, მექნება სხვა ფუნქციებიც", - აღნიშნა თემურ ალასანიამ. მისივე თქმით, 24 წლის განმავლობაში გაერო-ში მუშაობდა და მის კომპეტენციაში განიარაღების საკითხები შედიოდა. განიარაღებისა რა გითხრათ და თემურ ალასანია შეიარაღების, თანაც უკანონო იარაღის ყიდვა-გაყიდვაში კი არის დადანაშაულებული. ამერიკელი გამომძიებელი-ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმენი, რომელიც იარაღის უკანონო ვაჭრობის საკითხებზე მუშაობს, "იარაღის ბარონად" წოდებულ, ეროვნებით ტაჯიკ მოვაჭრე ვიქტორ ბუტსა და თემურ ალასანიანს შორის კავშირის დადგენაზე მუშაობდა. იგი წერდა, რომ ბუტის საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თემურ ალასანიასთან და ამ უკანასკნელმა მოაპოვებინა მას საქართველოს საშუალებით იარაღით ვაჭრობის ნებართვა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ბუტი თანამშრომლობდა თემურ ალასანიასთან, ფოთის პორტის ყოფილ ხელმძღვანელ ჯემალ ინაიშვილთან და საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან - ამბობს სილვერმენი. სილვერმენმა მოიპოვა ინფორმაცია, რომლითაც ამტკიცებდა, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში იარაღის ექსპორტი სწორედ საქართველოდან ხორციელდებოდა. მაგალითად, 2009 წელს ტაილანდში, ბანგკოკში დააკავეს ბათუმში რეგისტრირებული ილ-76 ტიპის თვითმფრინავი, რომელსაც 40 ტონა შეიარაღება გადაჰქონდა. მსგავსი შემთხვევბი გამოვლინდა 2007 წელს კონგოში, 2009 წელს ფილიპინებზე და 2010 წელს აზერბაიჯანში, როცა ბაქომ დააკავა რადიკალური რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომელთაც, სილვერმენის მტკიცებით, დიდი ოდენობით იარაღი სწორედ საქართველოს საშუალებით მიიღეს. აღსანიშნავია, რომ ალასანიას შავბნელი საქმიანობის შესახებ მრავალი წყარო საუბრობს. ერთ დროს ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რო ალასანია "კაგებეს" ოფიცერი ფა გაერო-ში რუსეთის წარმომადგენელი იყო. ალასანიას "კაგებესთან" კავშირის შესახებ 2008 წელს რუსული გამოცემებიც წერდნენ", - დასძენს გამოცემა.

"თემურ ალასანიას სახელმა გაიჟღერა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან კავშირშიც - "გლობალ რისერჩი" ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერდა, რომ ამ ფაქტის ერთ-ერთი მოტივი თბილისი აეროპორტის ტერმინალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი იყო. ამ ტენდერის ერთ-ერთი გამარჯვებული თუქული კომპანია გახდა, რომელსაც თემურ ალასანია ლობირებდა, ხოლო ზურაბ ჟვანია ამ კომპანიის წინააღმდეგ გამოდიოდა. საბოლოოდ, ტენდერის შედეგები გაუქმდა და აეროპორტის მშენებლობის უფლება სხვა თურქულ კომპანიებს მიენიჭათ. გამოცემის ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ჟვანიას მკვლელობის მოტივი, სწორედ ეს ჩაშლილი ტენდერი გახდა. იმავე გამოცემის ცნობით, ალასანია, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ უკავია, ხშირად ესწრება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს და მის გარეშე ერთი გადაწყვეტილების მიღებაც კი შეუძლებელია", - წერს სტატიის ავტორი.

"... თემურ ალასანიას გამოჩენას ქართულ მედიაში უკვე მოჰყვა მწვავე რეაქციები. მაგალითად, თემურ შაშიაშვილმა "ალიას" განუცხადა, რომ რაც ხდება, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ, მისი მოწყობილია, იგი არის "საკმაოდ დახვეწილი წარმომადგენელი კაგებესი" და იცის რა სქემები აამუშაოს - "როცა მოხდა 7 ნოემბერი, თემურ ალასანია აქ იყო, 26 მაისი მოხდა აქ იყო, 8 აგვისტოსაც აქ იყო". შაშიაშვილი თქმით, რასაც აკეთებენ მაგალითად, "ქართუ ბანკის" წინააღმდეგ, "ამისთანა რამის მოფიქრება სააკაშვილს არ შეუძლია, ასეთი მასშტაბები მას არ აქვს და ამის დამგეგმავი არის ბიძამისი". ამას გარდა, ალასანია სხვა მიზნებითაც არის ჩამოსული და გამალებული მოლაპარაკებები აქვთ რუსეთთან იმაზე, რაც გასაყიდი დარჩა - "დავიღალე იმაზე ლაპარაკით, რომ ჩვენი ყველა ენერგეტიკული ობიექტი და საბადოები რუსული კომპანიების ხელშია. შუქი გვაქვს სახლში? გაზი გვაქვს? ამის ფულს რუსულ კომპანიებს ვუხდით. წყალი გვაქვს? რუსული კომპანიები გვაწვდიან, სად მიდის ჩვენი გადახდილი თანხა? - კითხულობს თემურ შაშიაშვილი და პასუხობს: " რუსული კომპანიების ანგარიშებზე და ამის მერე სჯერა ვინმეს, რომ სააკაშვილი რუსეთს უპირისპირდება?" - დასძენს სტატიის ავტორი.