რუსიკო მაჩაიძე, "რეზონანსი"
ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორებს ან იმ თანხას ჩამოართმევენ, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში იურიდიული პირებისგან ჩაერიცხათ, ან ამ თანხას მომავალი წლის ანგარიშში ჩაუთვლიან.
ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ხელისუფლებამ დღეს უნდა მიიღოს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მეორე ვარიანტთან დაკავშირებით მათი მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ეს აუცილებლად მოხდება - ანუ დიდი ალბათობით პოლიტიკური პარტიებისთვის 1-ლი იანვრიდან დასაწესებელ აკრძალვებს უკუძალა მიეცემა.
ამასთან დაკავშირებით განცხადებები გუშინ პარლამენტში, რიგგარეშე სესიასა და იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონსა და "სისხლის სამართლის" კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტები. ხოლო "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დამტკიცდა.
ცვლილებების თანახმად, ახლებურად რეგულირდება ძირითადად პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი - იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიის დაფინანსება აეკრძალება, ხოლო ფიზიკურ პირს წელიწადში, საერთო ჯამში, მაქსიმუმ 60 ათასი ლარის მიცემის უფლება ექნება. მხოლოდ ბანკებს შეეძლებათ პარტიებისთვის სესხის გაცემა 100 ათასი ლარის ლიმიტის ფარგლებში.პარტიის წევრის მიერ საწევროს სახით გადახდილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 1200 ლარს. პარტიის მიერ წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავალი, სახელმწიფო დაფინანსების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ს, რაც 2012 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მიხედვით, დაახლოებით, 53 მილიონი ლარია. ამის ზემოთ მიღებული თანხა კი ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს.
საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად კი დამატებით წინასწარი განაცხადის გაკეთება იქნება აუცილებელი.
ამასთან, შემომწირველი არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომლის წლიური შემოსავლების 15-% მეტს წარმოადგენს მის, ან მისი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვები.
საწევროები და შემოწირულებები მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით დაიშვება, ხოლო პარტიის ფინანსურ ანგარიშგებას ცესკოს ნაცვლად კონტროლის პალატა განახორციელებს.
პარტიებს და იურიდიულ პირებს აეკრძალებათ ფულის, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გადაცემა.
ამასთან, ეს აკრძალვები გავრცელდება იმ იურიდიულ პირებსა და იურიდიული პირების წარმომადგენლებზე, რომლებიც "პირდაპირ ან ირიბად" არიან დაკავშირებულნი პოლიტიკურ პარტიებთან.
ეს წესები ასევე გავრცელდება იმ პირების ოჯახის წევრებზე და მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფ ადამიანებზე, ვისაც გაცხადებული აქვს საკუთარი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.
აღსანიშნავია, რომ ამ აკრძალვებთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის გარკვეული დაზუსტებები გაკეთდა. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებს დღესასწაულებზე შეეძლებათ საჩუქრების დარიგება 2 ათასი ლარის ფარგლებში, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში დარიგებული საჩუქრების ფასმა მთლიანად 60 ათას ლარს არ უნდა გადააჭარბოს.
თუმცა, უცვლელად დარჩა ის დებულება, რაც რიგითი ადამიანისთვის 3 წლიანი პატიმრობის დაწესებას ითვალისწინებს, თუკი პარტიის მხრიდან ისეთ საჩუქარს მიიღებს, რომელიც პარტიისთვის დაწესებულ ლიმიტს იქნება გადაცილებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაუგებარია, რატომ უწესებენ კანონმდებლები ფიზიკურ პირებს ვალდებულებას, განსაზღვრონ თუ რა ღირებულების საჩუქარს იღებენ და, ასევე, განსაზღვრონ, არის თუ არა მათთვის საჩუქრის გადაცემა პოლიტიკური მიზნის მატარებელი.
არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ რეგულაციის ამოქმედება ქვეყანაში ან მასობრივი დაჭერების პროცესს გამოიწვევს ან ადამიანები იმის შიშით, რომ არ დაიჭირონ, არც ერთ პოლიტიკოსთან არანაირ შეხვედრაზე აღარ მივლენ.
საპარლამენტო უმრავლესობა ფიქრობს, რომ შესაბამის ნორმაში ჩაემატოს "წინასწარი შეცნობა" და ფიზიკურ პირზე სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრცელდეს, თუ კანონდარღვევით საჩუქარს პოლიტიკური პარტიისგან "წინასწარი შეცნობით" მიიღებს და ეცოდინება, რომ საჩუქარს პარტიისგან მისი ან პარტიის პოლიტიკური მიზნებისთვის იღებს.
თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ნორმასაც აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ გაუგებარია ვინ უნდა დაადგინოს ამ "წინასწარი შეცნობის" არსებობა. რაც მთავარია, მათი თქმით, ეს ნორმა ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც, შესაძლოა, შერჩევითი მიდგომისთვის იქნას გამოყენებული.
გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობაში, საპარლამენტო უმრავლესობის მოთხოვნით, კიდევ ახალი რეგულაცია ემატება, რაც პარტიისთის დაწესებული ფინანსური ლიმიტის გავრცელებას საარჩევნო სუბიექტზეც ითვალისწინებს.
კერძოდ, იმ პროექტში, რომელიც საბოლოოდ დღეს უნდა დამტკიცდეს, ნათქვამია, რომ პოლიტიკურ პარტიას წელიწადში, მაქსიმუმ, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2%-ის დახარჯვის უფლება აქვს. დეპუტატ ვახტანგ ბალავაძის მოთხოვნით კი კანონმდებლობაში "პარტიის" ნაცვლად "საარჩევნო სუბიექტი" ჩაიწერა. ეს კი იმას ნიშნვს, რომ ეს ლიმიტი იქნება ბლოკის შექმნის შემთხვევაშიც აქ შემავალი პარტიების ერთობლივად დასახარჯი თანხისთვისაც.
იმ შემთხვევაში კი, თუ ბლოკში შემავალი პარტიების მიერ დახარჯული თანხა აღემატება ამ ლიმიტს, მაშინ ბლოკს საარჩევნო რეგისტრაციაში არ გაატარებენ.
ხაბაზის ინიციატივა
ეს მოთხოვნა უკვე გათვალისწინებულია. თუმცა, ამაზე უარესი მოთხოვნა უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა ხაბაზმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დააყენა, სადაც მან მოითხოვა, რომ ახალ შეზღუდვებს უკუძალა ჰქონდეს. ანუ იმ პარტიებმა, რომლებმაც იურიდიული პირებისაგან თანხები უკვე მიიღეს, ვერ შეძლონ მისი გამოყენება საარჩევნოდ. მიზეზი კი ის არის, რომ"ყველა პარტია ფინანსური რესურესების კუთხით თანაბარ მდგომარეობაში ჩადგეს".
შეგახსენებთ, რომ ნოემბერ-დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანებულ ოთხ პოლიტიკურ პარტიას 11 იურიდიული პირისგან თითოს მილიონ 100 ათასი ლარი ჩაერიცხა, რაც ამჟამად მოქმედ კანონმდებლობას სრულად შეესაბამება. საია-ს ხაბაზის ამ ინიციატივის აღსრულება შეუძლებლად მიაჩნია. როგორც მისი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, "შემზღუდველ ნორმას, რომელიც უფრო ამკაცრებს პასუხმისმგებლობას, არ შეიძლება უკუქცევითი ძალა მიენიჭოს."
მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ ინიციატივის რაიმე ფორმით აღსრულების გზებს ეძებს. ყოველ შემთხვევაში, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა სესიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, "ეს საკითხი ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის"-ო.
მისი თქმით, დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხზე დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიარონ საკითხის ინიციატორ კობა ხაბაზთან და საბოლოო გადაწყვეტილებაც სწორედ ამის შემდეგ იქნება მიღებული.
"ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით," - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ საარჩევნოდ მედიამონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ექსპერტთა მიერ მომზადებული ინციატივებიდან, ამ ეტაპზე არც ერთი არ გაითვალისწინა.
862
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85