სტალინის დროს ღამე იჭერდნენ ხალხს. დღეს კი რეპრესიები საჯაროდ და ტელევიზორში ჩვენებით ხორციელდება

სტალინის დროს ღამე იჭერდნენ ხალხს. დღეს კი რეპრესიები საჯაროდ და ტელევიზორში ჩვენებით ხორციელდება


"2011 წლის პოლიტიკური პროცესებიდან ორ მოვლენას გამოვყოფდი, ესენია: 26 მაისის დარბევა და პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა. ჩემი აზრით, ეს ორი მოვლენა გარკვეულწილად ერთმანეთთანაც კავშირშია. საქმე ის არის, რომ 26 მაისის აქციის დარბევისას გამოჩნდა მომიტინგეთა მიმართ ხელისუფლების დაუნდობელი დამოკიდებულება. ერთ-ერთმა უცხოელმა ჟურნალისტმა აღნიშნა კიდეც, პრობლემა ის კი არ იყო, უნდა აღკვეთილიყო თუ არა აქცია, არამედ ის სისასტიკე და დაუნდობლობა, რაც აქამდე არ მინახავსო. ამგვარი განცდა გაუჩნდა, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ მოსახლეობას", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "2011 წლის ბოლოს ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს უპირისპირდებიან მოწყალედ და უმოწყალოდ მოქმედი ადამიანები" / "ვისურვებ, 2012 წელი ჯანსაღი პოლიტიკური შეჯიბრების დამკვიდრების წელი იყოს".

"ბოლო გამოკითხვებით ჩანს, რომ მიტინგების გზაზე ქართველებმა უარი თქვეს, ამის ძირითადი მიზეზი სწორედ ეს დარბევაა. მოსახლეობაში დარჩა განცდა, რომ ხელისუფლება უმოწყალოა. შემოდგომაზე კი პოლიტიკაში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი, ვის სახელსაც უკავშირდება ლამის 20-წლიანი საქველმოქმედო მოღვაწეობა. ანუ ქართულ პოლიტიკაში გაჩნდა ადამიანი, რომელმაც საზოგადოებას თავისი გულმოწყალებით დაამახსოვრა თავი. ამდენად, 2011 წლის ბოლოს ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ქართულ პოლიტიკაში ერთმანეთს უპირისპირდებიან მოწყალედ და უმოწყალოდ მოქმედი ადამიანები. არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ეს ხელისუფლებას გამიზნული, მაგრამ ფაქტია, რომ შედეგს მიაღწია", - განაგრძობს პოლიტოლოგი.

"ისმის კითხვა: ვის მიმართ ინერგება შიში? თუ ეს კანონის მიმართ შიშია, ნამდვილად მისასალმებელია. თავდაპირველად, 2003 წლის რევოლუციის შემდეგ, ხელისუფლებამ მიაღწია, რომ ქვეყანაში კანონის მიმართ შიში გაჩნდა, მაგრამ შემდეგ ეს შიში ტრანსფორმირდა. დღეს უკვე მომსწრენი ვართ პოლიტიკური ნიშნით გამოწვეული შიშისა, როდესაც ადამიანი ფიქრობს - თუ არ ვიქნები ხელისუფლებისადმი ლოიალური, მაშინ უნდა მეშინოდეს, რადგან სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ შეიძლება დავკარგო სამსახური, ბიზნესი ან საერთოდ ციხეშიც კი აღმოვჩნდეო. აი, ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა. 26 მაისი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იყო იმისა, რომ თუ ხელისუფლებასთან ხარ, არ დაისჯები, თუ არადა, არავინ დაგინდობს. ეს ყველა სფეროზე ვრცელდება: წელს გვქონდა რობერტ სტურუას შემთხვევა, როდესაც განსხვავებული აზრის გამო დიდი რეჟისორი იმავე პრინციპით, მაგრამ განსხვავებულად დასაჯეს. ასევე პოლიტიკური ნიშნით არაერთი მასწავლებელი დაითხოვეს სკოლიდან და ა.შ." - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

"გამიჭირდება ისეთი ქვეყნის დასახელება, სადაც ისე ბეჯითად ებრძვიან საბჭოთა გადმონაშთებს, როგორც საქართველოში, პოლიტიკურ ოპონენტებს საბჭოთა კავშირის დაბრუნების სურვილს აბრალებენ და ამასთანავე, სწორედ საბჭოთა ჩეკისტებივით იქცევიან. სტალინის მმართველობის პერიოდში ღამე იჭერდნენ ხალხს. დღეს კი რეპრესიები საჯაროდ და ტელევიზორში ჩვენებით ხორციელდება, რაც ხელს უწყობს შიშის დამკვიდრებას. გამოდის, სტალინიზმის სიმბოლიკას ვებრძვით და არა არსს. ბოლშევიზმი და ნაციზმი ერთგვარ სტერეოტიპებად იქცა: ორივე შემთხვევაში ხელისუფლებაში ქუჩიდან მოვიდა ხალხი, რომელთაც უდიდესი ნახტომი გააკეთეს სოციალურ კიბეზე, თუმცა საამისო არც განათლება ჰქონდათ და არც გამოცდილება. ამგვარი ხალხი ძალაუფლების საზღვარს ვერ გრძნობს. ჩვენც იგივე დაგვემართა. "ვარდების რევოლუციით" მოვიდა ახალგაზრდა თაობა. მათ გადავეცით უზარმაზარი ძალაუფლება და მისი გამოყენების კულტურა ჰქონდათ თუ არა, არ ვიკითხეთ", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"საზოგადოების დაუდევრობის მსხვერპლია არა მხოლოდ ის, ვინც 26 მაისს სიცოცხლე ან ჯანმრთელობა დაკარგა, არამედ ისიც, ვინც დააკარგვინა. ამ ფონზე ჩნდება ადამიანი, რომელსაც აქვს ძალაუფლების გამოყენების კულტურა. რომელიც თავის ფულს არ ახმარს მასაჟისტების ჩამოყვანას, მაგრამ ახმარს სამების ტაძრის აშენებას. მისი ძალაუფლება დღემდეც ძალიან დიდი იყო, ამის გათვალისწინებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვირს კიდეც, რა უნდა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს? აღარც კი გვესმის იმისა, რომ ქვეყნის სათავეში შეიძლება მოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა, ქვეყანაზე გულისტკივილი თითქმის გაუგებარი ცნება გახდა. ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების მთავარი არგუმენტი ის არის, რომ მან რუსეთში იშოვა ფული, წლების წინ შეიძლება მან რუსეთის ხელისუფლების ხელშეწყობით მართლაც იშოვა ფული, მაგრამ სხვა საკითხია, აქვს კი რომელიმე ხელისუფლებას ბერკეტი, გააკონტროლოს ყველა ის ადამიანი, ვინც ფული იშოვა? საქართველოსთან პარალელს თუ გავავლებთ, ჩვენ ვიცით არაერთი ბიზნესმენი, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლების ხელშეწყობით იშოვა ფული, მაგრამ მერე ამ ხელისუფლებას დაუპირისპირდა", - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

"ფული იშოვო რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მმართველობის პერიოდში, ეს არ არის არგუმენტი იმისა, რომ აუცილებლად ამ პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს გაატარებ. ამას გვაფიქრებინებს კიდევ ის, თუ რისთვის ხარჯავდა აქამდე ამ ფულს ბიძინა ივანიშვილი. დიდწილად სწორედ ამ ხელისუფლების განსამტკიცებლად, სადაც კი უჭირდა, იქ ედგა გვერდით. გამოდის, რომ რუსეთი მის ფულს აქამდე ვერ აკონტროლებდა, მაშ, ახლა როგორღა გააკონტროლებს, როდესაც შეუძლია გაყიდოს თავისი აქტივები, რითაც სრულიად დამოუკიდებელი ხდება რუსული გავლენისგან?", - დასძენს პოლიტოლოგი. 

"ხელისუფლება არ დათმობს თავის უპირატესობას. უნდა შევეგუოთ იმას, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სუბიექტები არათანაბარ პირობებში იქნებიან. ამის დაძლევა შეიძლება ორი გზით: ან საპროტესტო აქციებით უნდა აიძულო ხელისუფლება გადადგეს და შემდეგ ჩაატარო არჩევნები, რისი რესურსიც არ ჩანს, ან მოახერხო ამომრჩევლის ისეთი მობილიზება, რომ მისმა რაოდენობამ გადაფაროს ხელისუფლების ის ფორა, რასაც მას ადმინისტრაციული თუ სხვა სახის რესურსი აძლევს. ჯერჯერობით ჩანს, რომ ივანიშვილის სახელმა და პოლიტიკურმა სტრატეგიამ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის მობილიზება მეტ-ნაკლებად მოახერხა, თუმცა არ მგონია, ეს საკმარისი იყოს", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორია თქვენი პროგნოზი, რას უნდა ველოდოთ 2012 წლისგან?" - პასუხობს:

"მომავალ წელს იქნება ბევრი თოვლის ბაბუა, იქნება ზეიმები, ამასთანავე, იქნება ხელისუფლების მხრიდან მომავალი არჩევნებისთვის დიდი მზადება. არ არის გამორიცხული, არჩევნები უფრო ადრე, გაზაფხულზე ჩატარდეს, ამას მაფიქრებინებს არა მოვლენების განვითარების ლოგიკა, არამედ ამ დღეებში ოპოზიციონერ დეპუტატ დიასამიძის ინიციატივა, რომ შეიცვალოს კონსტიტუცია და საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე დაინიშნოს. ხელისუფლება თავის სურვილებს ახმოვანებინებს ოპოზიციას, არ გამოვრიცხავ, ახლაც ასე იყოს. როგორც ჩანს, შეეცდებიან ბიძინა ივანიშვილი ცაიტნოტში გადაიყვანონ, მოგეხსენებათ, მას ჯერ პარტიაც არ შეუქმნია. დასასრულ, მინდა, იმედიანად ვიყოთ. ვფიქრობ, მომავალ წელს საქართველო მიიღებს ნორმალურ, დაბალანსებულ პარლამენტს, რითაც საზოგადოება მოიგებს. ვისურვებ, 2012 წელი ჯანსაღი პოლიტიკური შეჯიბრების დამკვიდრების წელი იყოს".