მიხეილ ყაველაშვილი:

მიხეილ ყაველაშვილი: "ქართულ ფეხბურთში ცვლილებების დროა"


ჩვენ ფეხბურთში ღრმა კრიზისი და ქაოსია. ამიტომ დასაწყისში შევეცდები ამის გამომწვევ მიზეზებს თავიანთი სახელი დავარქვა.

ვინ მართავს დღეს ქართულ ფეხბურთს? ვინ არიან ის პირები, ვინც იღებენ გადაწყვეტილებებს და იძლევიან დირექტივებს, თუ რა და როგორ უნდა მოხდეს საფეხბურთო სფეროში? სამწუხაროდ, ეს საკითხები სცილდება მხოლოდ საფეხბურთო პრობლემებს და იძულებული ვხდებით, ისინი პოლიტიკურ და ზნეობრივ კონტექსტშიც განვიხილოთ.

ჩვენს ფეხბურთს მართავს ხელისუფლება და მის მიერ დანიშნული კადრები. ამის დასტურად მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გაგახსენებთ: პირველი, ვინც დღევანდელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შესახებ განაცხადა, იყო ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი (დავით კირკიტაძე); შემდეგ მან და მისმა კოლეგებმა მოუწყვეს შეხვედრა ქვეყნის პირველ პირთან, სადაც ფაქტობრივად გადაწყდა მისი სფფ-ის პრეზიდენტობა; შემდეგ იყო "ბუტაფორიული" წინასაარჩევნო კამპანია, სადაც ეს კანდიდატი თავის შეხვედრებს, სრულიად დაუფარავად, პირდაპირ სახელისუფლებო დაწესებულებებში მართავდა.

ჩემი და ჩემი მეგობრების პროტესტმა და მოწოდებამ ჩვენი კოლეგების მიმართ, წინ აღვდგომოდით ამ ფარსს - წინასწარ გადაწყვეტილ "არჩევნებს", სამწუხაროდ, ნაყოფი არ გამოიღო და საზოგადოებამ იხილა კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი.

ამის შემდეგ ხელისუფლებამ თვით "ახალარჩეულ" სფფ-ის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაანახვა, თუ ვინ წყვეტს სფფ-ში კადრების საკითხს, როცა უარი ათქმევინეს ხელქვეითებად დასახელებულ ორ კანდიდატზე. ამ პერიპეტიების კულმინაცია კი იყო სფფ-ის აღმასკომის არჩევნები, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო და სასაცილო. იმაზე აღარას ვამბობთ, თუ ვინ იყვნენ კანდიდატები, უფრო უარესი იყო მათი "არჩევის" წესი: 30 კანდიდატიდან უნდა არჩეულიყო 18 და მათ მიიღეს დავალება, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, 1-დან 18-მდე შემოეხაზათ ციფრები.
ვერაფერს იტყვი, "დემოკრატიის" მაგალითია. ამის შემდეგ იმაზე საუბარი ნამდვილად აღარ ღირს, თუ როგორ გადადგა სფფ-ის დღევანდელი პრეზიდენტის წინამორბედი, ან კიდევ ეს წინამორბედი როგორ სამარცხვინოდ გაპრეზიდენტდა 2007 წლის არჩევნებში, ამის შესახებ საკმაოდ ითქვა და დაიწერა.

ეს რაც შეეხება სფფ-ის მმართველ ჩინოვნიკებს, მაგრამ ხელისუფლება უფრო შორს მიდის, - ფეხბურთის პროფესიულ ცოდნასაც იჩემებს და ნაკრების მწვრთნელსაც თვითონ არჩევს. ამის მაგალითია ტოპმიოლერი, კუპერი და ქეცბაიაც.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც სფფ-ს მკაცრად ვუსვამდით საკითხს, თუ რატომ ხდებოდა ასეთ მძიმე ვითარებაში, როგორშიც იყო ქართული ფეხბურთი, პრიორიტეტების არასწორად განაწილება და დიდი თანხების, ფაქტობრივად, გაფლანგვა, გვპასუხობდნენ, რომ ეს იყო ხელისუფლების ინიციატივა, რომ ხელისუფლება მხოლოდ ასეთ პროექტებში იხდიდა ფულს! დიახ, სწორედ ასე, საჯაროდ აცხადებდნენ ამის შესახებ სფფ-ის მმართველები ტელევიზიისა და პრესის საშუალებით (ფაქტობრივად, ეს არც ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დაუმალავთ)!

კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისია იმისთვის, რომ ხელისუფლებისადმი სსფ-ს დაქვემდებარება დავინახოთ. მაგრამ უარესი სხვა რამ არის: დღესაც არსებობს საზოგადოების არცთუ ისე მცირე ნაწილი, ვისაც ამ ყველაფრის მიმართ პროტესტის გრძნობა არა აქვს. პირიქით, თვლის, რომ ასეც უნდა იყოს, რომ ხელისუფლება უნდა "უფროსობდეს" და ამით უხერხულობას სულაც არ გრძნობენ. ჩემთვის ბევრ პატივსაცემ პირსაც საჯაროდ უთქვამს ამის შესახებ.

იმავე ხალხს - ხელისუფლებისა და სსფ-ის მომხრეებსაც და ოპოზიციაში მყოფებსაც კი, ხშირად აღუნიშნავთ, რომ ხელისუფლებამ უპრეცედენტო ინვესტიცია განახორციელა ფეხბურთში. სინამდვილეში კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქმე გვაქვს პიართან, "დაბოლებასთან", არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის მიჩქმალვასთან და ამაზე შედეგი (უფრო სწორად - უშედეგობა) მეტყველებს. შედეგი კი ასეთია: დიდი ინვესტიციების მაგივრად დიდი ვალები, ხელმოცარულ მწვრთნელებს გატანებული მილიონები, დანგრეული და ჩამორთმეული სტადიონების სანაცვლოდ შეკეთებული რამდენიმე სტადიონი და თვალებში ნაცრის შესაყრელად ერთი და იმავე საწვრთნელი ბაზის რამდენჯერმე გახსნა.

იქნებ ვინმემ თქვას, ყაველაშვილს რა რჯის, პოლიტიკაზე რომ საუბრობსო, მაგრამ როგორც დასაწყისში ვთქვი, პოლიტიკური და ზნეობრივი კონტექსტის გარეშე ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე საუბარი არასრული იქნებოდა: ხელისუფლებისა და არასახელმწიფო ორგანიზაციის (სსფ-ს) ასეთი ზემდგომ-ქვემდგომობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის. მე დიდი ხანია შვეიცარიაში ვცხოვრობ და ვმუშაობ, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ: ქართული დემოკრატია ამ საკითხში მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. ყველაზე ცუდი კი ის გახლავთ, რომ ჩემი ამ მოსაზრების პასუხად ბევრმა მითხრა: არადემოკრატიულ ქვეყნებს ხშირად უფრო მეტი წარმატება აქვთ ფეხბურთში და კომუნისტების დროინდელი "დინამოც" ამის დასტურიაო.

აბსოლუტურად მცდარი აზრია! მხოლოდ დემოკრატიული სისტემა იძლევა თავისუფლების, სრულყოფილი განათლებისა და პროფესიონალიზმის მაღალ ხარისხს. ეს ასეა ყველა სფეროში და არც ფეხბურთია გამონაკლისი. ამაში ყველა ჩემი კოლეგა დამეთანხმება, ვისაც საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა ქვეყანაშიც უთამაშია და ნორმალურ ქვეყანაშიც.
აქ შვეიცარიაში, ან სადმე სხვაგან ევროპაში, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ისეთი მარტივი საკითხის გადაწყვეტა, როგორიც ეროვნული მატჩების ტრანსლირების საკითხია, ფეხბურთის ფედერაციასა და საზოგადოებრივ არხს შორის მოლაპარაკებით კი არა, ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით ხდებოდეს.

სამართლიანობა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა - დემოკრატიის შემადგენელი სამი კომპონენეტია, რაც ასე აკლია დღევანდელ ქართულ სინამდვილეს, რადგან დემოკრატია შობს სამართლიან გარემოს, სამართლიან გარემოში უპირატესობა პროფესიონალებს ენიჭებათ, პროფესიონალიზმი კი პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხსაც გულისხმობს. დავფიქრდეთ და გულწრფელად ვთქვათ: სახელმწიფოს რომ თავი დავანებოთ, ქართულ ფეხბურთში ამ სამი კომპონენტიდან ერთი მაინც "მუშაობს" სრულყოფილად?
ვერც იმ არგუმენტს მივიღებ, სხვა სახეობებში ხომ არის წარმატებებიო! რადგან დარწმუნებული ვარ, უფრო დემოკრატიულ სახელმწიფოში რომ ვცხოვრობდეთ, იქაც მეტი იქნებოდა მიღწევა.

ისევ ფეხბურთს დავუბრუნდები და ზოგადი საუბარი რომ არ გამომივიდეს, კონკრეტული პირების კრიტიკასაც არ მოვერიდები. არაფერს ვიტყვი იმ ადამიანებზე, ვისაც არავინ არაფერს ეკითხება და რომლებიც არასდროს არაფერზე კომენტარს არ აკეთებენ და მხოლოდ ხელის აწევით, მდუმარედ ადასტურებენ ხოლმე "უფროსების" გადაწყვეტილებებს. ამიტომ იმათზე მოგახსენებთ, ვინც მუდმივად ჩანს და საუბრობს პრესაში, ტელევიზიაში: სსფ-ის პრეზიდენტი ზვიად (დომენტი) სიჭინავა, ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და ძმები არველაძეები.

სიჭინავათი დავიწყებ: ამ პიროვნებას არ ვიცნობ და არც მაქვს მისი მორალური თვალსაზრისით შეფასების უფლება, როგორც სფფ-ის პრეზიდენტი კი ნამდვილად არაკომპეტენტურია. თანაც ამას თავადაც ხშირად აღიარებს. ამბობენ, კარგი მშენებელიაო და თვითონაც თქვა, ვიღაცას "ზევით" ჩემი გაკეთებული საქმე მოეწონა და ასე აღმოვჩნდი ამ "გაუგებრობაშიო".

დაახლოებით 6-7 თვის წინ ჩემს წერილში "ეს გზა ტაძართან ვერ მიგვიყვანს" აღვნიშნავდი, რომ თემურ ქეცბაია იყო გამონაკლისი ფედერაციის ამ გუნდიდან, რომლის პროფესიონალიზმს და პრინციპულობას დიდ პატივს ვცემდი, მასთან წმინდა პროფესიული თვალსაზრისით მქონდა პრეტენზიები, კერძოდ, მის სათამაშო სტილზე, რომ ამ ფეხბურთს და ამ სტილს წარმატებას არ ვუწინასწარმეტყველებდი.

დღეს კი ვთვლი, რომ ქეცბაიაც გასცდა თავის კომპეტენციას და მიუხედავად ნაკრების წარუმატებელი სერიისა, რაც, ალბათ, გარდაუვალი იყო ნაკრების ასეთი სტილის თამაშით, მან ისეთი განცხადებების კეთებაც დაიწყო, რომ მისი ავტორიტეტი საგრძნობლად შეილახა. მან შერჩევით სამართალს მიმართა, როცა ვეტერანების ერთ ნაწილს ლანძღავდა, ამ დროს ძირითადი ნაწილი, ვინც მართლა დუმდა უმსგავსობებზე, მის გვერდით იჯდა. პირდაპირ დაიწყო ფედერაციისა და ხელისუფლების გამართლება, სულ ბოლოს კი კოლეგების შეურაცხყოფასაც აღარ მოერიდა. რბილად ვიტყვი, მართლა ზედმეტი მოუვიდა.

არველაძეები, სამივე ერთად, იმიტომ ვახსენე, მხოლოდ ერთი რომ მეხსენებინა, რომელიმეს ეწყინებოდა. ეს ხუმრობით, ისე კი სამივე შეგნებულად დავასახელე იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ რეზია სფფ-ის მაღალჩინოსანი, აჩიც და შოთიც ხშირად გვევლინებიან ამა თუ იმ მედიასაშუალებებით ფედერაციისა და ხელისუფლების მხარდამჭერი განცხადებებით, - თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო ქართულ ფეხბურთზე, როგორ წარმატებით უმკლავდება სსფ ყველა პრობლემას, როგორი ორგანიზატორული და მენეჯერული ნიჭი აღმოაჩნდა სფფ-ის პრეზიდენტს, როგორი პროგრესია საქართველოს ნაკრებში... ასევე დადებითად იყვნენ განწყობილი წინა სფფ-ის ხელმძღვანელობის და მწვრთნელების მიმართ. მხოლოდ იმათ აკრიტიკებენ, ვინც ხელისუფლებისა და სფფ-ის საქმიანობას იწუნებს. რა ხდება, რატომ იქცევიან ამგვარად, ნუთუ მართლა კარგად არის საქმე ქართულ ფეხბურთში და ჩვენ ვერ ვამჩნევთ? რა თქმა უნდა, არა და თუ რატომ იქცევიან ასე, ამის საპასუხოდ დიმა ობოლაძის გადაცემაში აჩის პასუხი გამოდგება, როცა პირდაპირ ეთერში დავსვი შეკითხვა, თუ რატომ უჭერდნენ მხარს სიჭინავას გაპრეზიდენტებას, რომელსაც საერთოდ არ იცნობდნენ, აჩიმ თავისი გულუბრყვილობით პირდაპირ მიპასუხა, რომ დღეს ასეთი რეალობაა და რა ვქნათ, ფეხბურთში გვინდა ყოფნა და სხვანაირად ვერ ვიქნებითო. გესმით?! ფაქტობრივად, აღიარა, რომ იძულებულია, ასე მოიქცეს.

სწორედ ეს არის ჩემი დღევანდელი წერილის მიზანი: მე არ მინდა, შოთი და აჩი იძულებული იყვნენ, ჭაობში მყოფ ჩვენ ფეხბურთზე სულ დადებითად ილაპარაკონ, რადგან რეზია სფფ-ს გენმდივანი და თუ სიმართლეს იტყვიან, შეიძლება რეზის პრობლემები შეექმნას და არა მარტო რეზის, შეიძლება სხვა ახლობლებსაც;
მე არ მინდა, ქეცბაია იძულებული იყოს, შერჩევითი სამართალი გამოიყენოს და სიმართლე დამალოს;
მე არ მინდა, გიო ნემსაძე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იძულებული შეიქნას, ზუსტად 30 წთ-ში ისევ ახალკაცს "დაუთმოს" თანამდებობა, მერე კი თვით ახალკაცი ასევე დროზე ადრე, კვლავ იძულებული შეიქნეს სამარცხვინოდ გადადგეს.

აი, ამიტომაც არის ქართული ფეხბურთი დაუცველი და საფეხბურთო სამყარო უსუსური, თორემ სამართლიან გარემოში, რასაც ასე დაჟინებით ვითხოვთ მე და ჩემი მეგობრები ბოლო რამდენიმე წელია, შეიძლება ყველას ერთად გვეზრუნა ამ ჩიხიდან გამოსვლაზე ან კიდევ ერთმანეთის ჯანსაღი კონკურენტები ვყოფილიყავით. დღევანდელ რეალობაში კი კონკურენტად ამ პირებს ვერ აღვიქვამ, რადგანაც ვთვლი, რომ დიდი უპირატესობა გვაქვს მე და ჩემს გუნდს, - მორალურ უპირატესობას ვგულისხმობ.

ასეთ სიტუაციაში მხოლოდ სინანულსა და თანაგრძნობას იმსახურებენ ჩვენგან, რადგან არ არიან თავისუფლები და მათ, როგორც ამ რეჟიმის მსხვერპლთ, ისე განვიხილავ. მაგრამ მიუხედავად ამ თანაგრძნობისა, მათ საქციელს ვერ გავამართლებ, რადგან სწორედ ამგვარი პოზიციის მქონე პირებზე დგას მყარად ეს რეჟიმი.
სპორტულ მედიასაც უნდა ვუსაყვედურო: თუ არა ხართ თავისუფალი არჩევანში, გიჭირთ სიმართლის თქმა, გაქვთ ობიექტურობის შიში და ხშირ შემთხვევაში ჯანსაღ კრიტიკასაც გაურბიხართ, შედეგიც ანალოგიურია, შედეგი კი საზოგადოებამ ყველაზე კარგად თქვენი და ქეცბაიას შეხვედრაზე იხილა.

ჩემს მოსაზრებას მოქმედ ფეხბურთელებზეც გამოვთქვამ. პირველ რიგში დავასახელებდი კახი კალაძეს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, თავის თავში იპოვა ძალა, გამიჯვნოდა უსამართლობას და დაეცვა საკუთარი პრინციპები. დღეს კი ყველა ვადევნებთ თვალს მის აქტიურ პოზიციას ამ რეჟიმისა და უსამართლობის წინააღმდეგ. ნამდვილად მისასალმებელია და დასაფასებელი. ასევე დადებითად შესაფასებელია იმ მწირ ინტელექტუალურ გარემოში, როგორშიც საფეხბურთო სამყაროა, დავით მუჯირის ასე მკაფიოდ განსხვავებული მოსაზრების ჩამოყალიბება. მიუხედავად იმისა, იზიარებ თუ არა მისი წერილის პათოსს.

საერთოდ ვთვლიდი და ვთვლი, რომ ჩემთვის მოქმედი ფეხბურთელები ჯარისკაცების ფუნქციას ასრულებენ და ისინი ვალდებული არიან ნებისმიერი ხელისუფლების დროს დაიცვან საკუთარი ქვეყნის ღირსება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ რომელიმეს თავისი აზრის გამოთქმა უნდა რაიმე საკითხზე, აეკრძალოს. ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, მტკივნეულ ერთ თემას შევეხები, რომელიც გიორგი დემეტრაძეს ეხება. რა თქმა უნდა, ჩემთვის ის უდანაშაულოა და ეს არაერთხელ დამიფიქსირებია, ასევე ვიცით, კალაძის თავგანწირული ბრძოლა, მაგრამ მე მინდა ჩემს უმცროს მეგობრებს, მოქმედ ფეხბურთელებს მივმართო, - შეიძლება ვინმე თვლიდეს დამნაშავედ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დემეს ახლა სჭირდება თანადგომა და სოლიდარობა და თქვენ ეს, ჩემი აზრით, მარტივად შეგიძლიათ დააფიქსიროთ, აქ ხომ მხოლოდ მორალურ მხარდაჭერაზეა საუბარი. სულ რამდენიმე სიტყვით "დემე ჩვენ შენთან ვართ". იმედია, ნაკრების შემდეგ თამაშზე ამას შეძლებთ.

ასევე მინდა შევეხო დღეს ინტერნეტფორუმებზე ატეხილ პოლემიკას ქეცბაიას წასვლა-არწასვლის შესახებ. ჩემი შეხედულებით, რაც უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, ვერ ვხედავ აზრს ვერც მის დარჩენაში და ვერც მის წასვლაში, რადგან არსებითად მაინც არაფერი შეიცვლება, სანამ ეს მმართველობაა როგორც ქვეყანაში, ისე ფეხბურთში. მათ ერთიანობაზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ. მე მგონია, ხელისუფლების თამაშს თამაშობთ, ნებსით თუ უნებლიეთ, ვინც ამაში ხართ ჩართული, თორემ დაფიქრდით, უხეშად გეტყვით: ვინ გკითხავთ თქვენ ან სიჭინავას, ან არველაძეს, ან თავად ქეცბაიას, თუ ამათ მოინდომეს, მისი გაშვება.

დაბოლოს, რამდენიმე კითხვას გავცემ პასუხს, რაც ჩემს ბოლო ინტერვიუს მოჰყვა. ერთ-ერთი ინტერნეტრესპოდენტი ასე აყალიბებს თავის მოსაზრებას, რომ მე მთავარსა და გამოსავალზე არ ვლაპარაკობ. თავისთავად კარგია, როცა შენ მიმართ ასეთ ინტერესს იჩენენ, მე კი შევეცდები გავცე პასუხი ამ შენიშვნას. მგონი, ამაზე ვრცლად ვისაუბრე ზემოთ. მთავარ გამოწვევად მიმაჩნია ცვლილებები, ანუ გარემოს შეცვლა, რომელიც თავისთავად შობს სამართლიან არჩევნებს სფფ-ში. მე გული მწყდება, რომ თქვენ ამას მთავარ საკითხად არ მიიჩნევთ.

ჩვენ კი ვთვლით, რომ ერთადერთი გამოსავალი ჩიხიდან ხელისუფლების დიქტატისაგან თავისუფალი არჩევნებია. ვიმედოვნებ, ჩვენ არ ვიქნებით ერთადერთი ძალა. მე მჯერა, რომ თავისუფალ არჩევნებში აუცილებლად გამოჩნდებიან ჯანსაღი ძალები და ჩემი სურვილია, სრულყოფილად ჩატარდეს როგორც წინა საარჩევნო კამპანია, ასევე თავად არჩევნები. კანდიდატებმა და მისმა თანამოაზრეებმა უნდა გამართონ შეხვედრები გულშემატკივართა კლუბებთან, საზოგადოების სხვადასხვა წრესთან, რომ მათ შორის გაიმართოს საჯარო დებატები, რომ სრულყოფილად იყოს წარმოდგენილი მათი ხედვები, სტრატეგია, ინოვაციები, გეგმები. ამაში უნდა იყოს ჩართული მთელი საქართველო, უნდა ხდებოდეს გამოკითხვები, თუ ვის დაუჭერენ მხარს და ასევე ის დელეგატები, რომლებიც ირჩევენ, უნდა გრძნობდნენ საზოგადოების დიდ ინტერესს და სრული პასუხისმგებლობით გააკეთონ არჩევანი ამა თუ იმ კანდიდატზე.

აი, ეს არის ჩემი არა მხოლოდ სურვილი, არამედ მიზანიც. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ის აუცილებლად იქნება დაკომპლექტებული პროფესიონალებით და ასევე იქნება შეიარაღებული იმ ინსტრუმენტებითა და მეთოდებით, რომელიც დღევანდელი თანამედროვე ფეხბურთის გამოწვევებს პასუხობს. იძლევა თუ არა ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ავტორიტეტი ამის შესაძლებლობას, ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს და არა ვინმე ბობოლა ჩინოვნიკმა, რომელიც შესაძლოა სტადიონზეც კი არ არის ნამყოფი.

დიახ, მე და ჩემს მეგობრებს გვაქვს პრეტენზია, რომ ქართული ფეხბურთის სათავეში მოვიდეთ. ვთვლით, რომ დავაგროვეთ საკმაო ცოდნა და გამოცდილება, რომ ჩვენს ქვეყანას მოვახმაროთ იგი.
მე პირადად 14 წელია შვეიცარიაში მიხდება მუშაობა და ყოველდღე ვაკვირდები იმ პროგრესს, რომელსაც ამ ქვეყნის ფეხბურთმა მიაღწია. პროგრესი კი თვალსაჩინოა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობა ასეთი პატარა ქვეყნისთვის მართლაც დიდი წარმატებაა. თითქმის დეტალურად მაქვს შესწავლილი ამ წარმატების მიზეზები, რადგან უშუალოდ იმ პირებთან მაქვს ურთიერთობა, ვინც განაპირობა ეს.
ამიტომ, ვფიქრობ, მიუღწეველი არაფერია და ჩვენც შევძლებთ ამას.

ფიფასა და წამყვანი კლუბების სპეციალისტებთან პირადი საქმიანი ურთიერთობა, თანამედროვე სპორტული მედიცინის სპეციალისტების კონსულტაციები, თანამშრომლობა ახალი, თანამედროვე პროექტების ავტორებსა და განმახორციელებლებთან - ეს ის კოზირებია, რომლებსაც ჩვენ ვფლობთ ოპონენტებთან შედარებისას.
უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელების შესახებაც მეც, ლევან ყიფიანიც და ჩვენი გუნდის სხვა წევრებიც უკვე ვესაუბრეთ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენს მეგობრებს.

გვაქვს ქართული ფეხბურთის განვითარების დეტალურად გაწერილი პროგრამაც.
მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ყველაფერს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუკი სფფ-ის არჩევნები ისე კი არ ჩატარდება, როგორც აქამდე ტარდებოდა, არამედ ისე, როგორც დემოკრატიულ და ცივილიზებულ საქართველოს ეკადრება.
აი, მაშინ სიამოვნებით ვიკამათებთ და დავიცავთ ჩვენს პოზიციას ნებისმიერ კონკურენტთან.