ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება


"არ გამოვრიცხავ და პირდაპირ გეტყვით, რომ სრულიად შესაძლებელია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიაში მეც მიხილოთ. მანამდე კი მთლიანად პროფესიული საქმიანობით ვარ დაკავებული - ძალიან ბევრი საქმე გვაქვს, რომელიც კვალიფიციურ და პროფესიულ არევას მოითხოვს. მოქალაქეობის ჩამორთმევის გარდა პრობლემაა როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებისთვის საჯილდაო ქვა გახდა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, სავარაუდოდ, იანვარში გაიმართება!" /ქმნის თუ არა ალტერნატიულ ტელევიზიას ბიძინა ივანიშვილი და ბრუნდება თუ არა პოლიტიკაში ეკა ბესელია.

"ჩვენი გუნდი ინტენსიურად, სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. აქტიურად ვმუშაობთ რეგიონული ოფისების გახსნაზეც. მესმის საზოგადოების წუხილი, შეიძლება ჩვენი მხრიდან ინფორმაციის ჩაკეტვა ხდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმოქმედოდ ვართ. პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ვერაფერს გეტყვით არა იმიტომ, რომ ინფორმაცია დახურულია - უბრალოდ გადაწყვეტილება ამ საკითხტან დაკავშირებით გუნდში არ არსებობს. ვინ იქნება პარტიაში - ეს არის საკითხი, რომელზეც სწორედ ახლა ვმუშაობთ. ამ ეტაპისთვის ჯერ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სავარაუდოდ, იანვრისთვის პარტიის დაფუძნებელი ყრილობა გაიმართება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

"მოქალაქეობის საკითხი მარტივად ნამდვილად არ დგას. ბიძინა ივანიშვილმა რუსული პასპორტი ჩააბარა, რუსული კანონმდებლობა კი ითხოვს - პროცესის დასაწყებად პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის გარეშე არ დარჩეს. ანუ ორივე პასპორტის ჩაბარება ერთდროულად რომ მომხდარიყო, ეს ხელის შემშლელი იქნებოდა რუსული პასპორტის გასაუქმებლად. რუსული პასპორტის გაუქმება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის გადასაწყვეტია, მისი გაუქმების შემდეგ კი, როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ის საფრანგეთის მოქალაქეობაზეც იტყვის უარს. ფორმალური პროცედურების გავლამ საკმაოდ დიდი დრო წაგვართვა. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის მქონე სასამართლო პროცესი, რომელიც ადმინისტრაციულ, სამოქალაქო, საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართალს აერთიანებს. მე ვიყავი ინიციატორი, რათა ამ პროცესში რამდენიმე იურისტი ჩართულიყო," - განაგრძობს ადვოკატი.

"ოთხივე პარტია აბსოლუტურად კანონიერი გზით დაფინანსდა. მოკლე პერიოდში მათი დაფინანსება საქართველოს პარლამენტის ბოლოდროინდელმა მუშაობამ განაპირობა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესული ცვლილებებით თუ ვიმსჯელებთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, პარლამენტი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს. ეს ყვევაფერი ჩვენთვის სიგნალი იყო, რათა დაფინანსების პროცესი დაგვეჩქარებინა. არა მგონია, ვიმესთვის მოულოდნელი ყოფილიყო ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს დაეხმარებოდა. წინასაარჩევნო პროცესის წარმოებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ალასანია, უსუფაშვილი, დავითაშვილი, ძიძიგური - ეს შემადგენლობა კოალიციის საბოლოო სახე არ იქნება და წრე აუცილებლად გაფართოვდება. ჩვენს გუნდში ნამდვილად არავის სურს კარის დახურვა, რადგან ბიძინა ივანიშვილის მთავარი იდეა საზოგადოების გაერთიანებას და არა დაყოფას გულისხმობს. კონკრეტულად ვერავის ჩამოვთვლი, მაგრამ ის ფაქტი, რომ კარი დახურული არავისთვისაა, თავისთავად გულისხმობს, რომ სივრცე კიდევ შეივსება", - განმარტავს რესპონდენტი.

"შესაძლებელია, წინასაარჩევნოდ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმა ჩამოყალიბდეს. რა თქმა უნდა აუცილებელია ყველა ის ძალა, რომელსაც ქვეყნისთვის უკეთესი მომავლის შექმნა სურს ერთ ფლანგზე აღმოჩნდეს. სხვათა შორის, როცა კოალიციაზე ვსაუბრობთ, ჯერ თარიღის გამოცხადებას უნდა დაველოდოთ და გავიგოთ, როდის ტარდება არჩევნები - მაისში თუ შემოდგომაზე. თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, ორი თვით ადრე უსწრაფესად განვაცხადებთ ჩვენი ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ. ვიცი, რომ რთული იქნება, მაგრამ მოცემულობიდან გამომდინარე, შევეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რეგიონული ტელევიზიის თვალსაზრისითაც", - აცხადებს ეკა ბესელია და შეკითხვას - "ბურჯანაძის ინფორმაციით, ახალი ტელევიზიის შექმნის პროცესი უკვე დაწყებულია. თუ გაქვთ ინფორმაცია, ბიძინა ივანშივილი ალტერნატიული ტელევიზიის შექმნას გეგმავს?" - პასუხობს:

"გულწრფელად გითხრათ, დაზუსტებული ინფრომაცია არ მაქვს. ვიცი, რომ მედიის მხარდასაჭერად სხვადასხვა პროექტების განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტულად ტელევიზიის სახშირეებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ვფიქრობ, ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი მოსახლეობასთან პირადი, ინდივიდუალური შეხვედრების ორგანიზებაა. შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთვება".