როგორ და სად გადაანაწილა ივანიშვილმა დაშლილი მრჩეველთა საბჭოს წევრები

როგორ და სად გადაანაწილა ივანიშვილმა დაშლილი მრჩეველთა საბჭოს წევრები


"21 დეკემბერს ბიძიმა ივანიშვილმა თავისი მრჩეველთა საბჭო დაშალა. საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილი საერთოდ მრჩევლების გარეშე დარჩა? გადავხედოთ, ვინ ჰყავდა მას გვერდით: ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ვაჟა ბერიძე, ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში ზაქარია ქუცნაშვილი, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, პოეტი რატი ამაღლობელი, იურისტი ეკა ბესელია, ფსიქოლოგი ზურაბ ბიგვავა და ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი. შემდგომში მრჩეველთა საბჭოს დაემატნენ: ზაზა გოქსაძე, დემურ გიორხელიძე, თედო ჯაფარიძე, ზაზა ფირალიშვილი და კახი კალაძე. როგორც იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, მრჩეველთა საბჭო აღარ არსებობს, ივანიშვილს აღარ ეყოლებიან მრჩევლები, სამაგიეროდ მოძრაობა "ქართულ ოცნებაში" შეიქმნა დარგობრივი მიმართულებები “- წერს გაზეთი "ქრონიკა" სტატიაში სათაურით როგორ და სად გადაანაწილა ივანიშვილმა დაშლილი მრჩეველთა საბჭოს წევრები? - რამდენი ჰქონდათ ხელფასი ივანიშვილის მრჩევლებს?

"არის ასეთი მიმართულება: ადამიანის უფლებების დაცვა და მართლმსაჯულება, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი მინდია უგრეხელიძე, მე კი ვარ მისი მოადგილე. თუმცა პარალელურად ნოემბრიდან ვხელმძღვანელობ ადვოკატთა ჯგუფს, რომელიც იცავს ბატონი ბიძინასა და "ქართუ ჯგუფის" ინტერესებს. ეკა ბესელია არის ჩვენი ჯგუფის წევრი. ირაკლი სესიაშვილი "ქართულ ოცნებაში" ხელმძღვანელობს უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების მიმართულებას. გიორგი ვოლსკი ხელმძღვანელობს კონფლიქტების დარგობრივ მიმართულებას. ზაზა გოქსაძე და თედო ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ საერთაშორისო ურთიერთობებს. დემურ გიორხელიძე აირჩიეს ბიზნესისა და ეკონომიკის ჯგუფის უფროსად. ზაზა ფირალიშვილი ხელმძღვანელობს განათლებასა და კულტურას. კახი კალაძე - სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას. ვაჟა ბერიძე არის ეკონომიკური ჯგუფის წევრი და პარალელურად მუშაობს გია ხუხაშვილთან, რომელმაც შექმნა კვლევითი ინსტიტუტი. ბასა ჯანიკაშვილი მუშაობს ახალგაზრდების პრობლემატიკაზე. რატი ამაღლობელი არის განათლებისა და კულტურის ჯგუფში, რომელსაც ფირალიშვილი ხელმძღვანელობს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.

"მას შემდეგ რაც ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი მოძრაობა და ამ მოძრაობამ გაიარა რეგისტრაცია, ჰყავს უკვე გამგეობა და დარგობრივი მიმართულების ჯგუფები, აქ უბრალოდ ტრანსფორმირება მოხდა მრჩეველთა საბჭოსი და ადამიანები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ყველა მუშაობს თავის საქმეზე, "ქართული ოცნების" გამგეობაში არის 15 კაცი, არსებობს პროექტები, პროგრამები და ამით არის ყველა დაკავებული. ანგარიშის ჩაბარებაზე ჯერ ლაპრაკი არ ყოფილა. თუკი ბატონი ბიძინა კონკრეტული საკითხით დაინტერესდება, რა თმა უნდა, იმ მიმართულების ხელმძღვანელს დაუძახებენ და ისაუბრებენ. ჩვენი გადანაწილება მოხდა ავტომატურად, როცა შეიქმნა "ქართული ოცნება"... რაც შეეხება თქვენს კითვას ხელფასის შესახებ, ეგ საერთოდ ევროპაში უტაქტო შეკითხვად ითვლება, ხოლო ციფრი 15 ათასი გაბერილია სადღაც სამჯერ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუ სამჯერაა გაბერილი, მაშინ გასაგებია, რამდენიც გაქვთ ხელფასი" - პასუხობს: (იცინის) "კი, გასაგები უნდა იყოს".