კობა ბენდელიანი, “ინტერპრესნიუსი”
2011 წლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგებზე, ტენდენციებზე და ამავე სფეროში 2012 წლის პერსპექტივებზე, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგ ზურაბ აბაშიძეს ესაუბრა.
- ბატონო ზურაბ, როგორ შეაფასებდით 2011 წელს საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებს და რას მიიჩნევდით 2011 წლის საშინაო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად?
- ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ასეთ შემთხვევაში ხშირად ხმარობენ ხოლმე კლიშეს - "იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მოვლენები". ჩემი აზრით, უპირველესად, აღსანიშნავია, საზოგადოებრივი ცნობიერების ტრანსფორმაცია ქვეყნის შემდგომი განვითარების ევოლუციური, პოლიტიკური პროცესის სასარგებლოდ. ანუ, საზოგადოებაში არის დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნა, მაგრამ არა ქარტეხილებისა და რევოლუციების გზით, არამედ არჩევნების მეშვეობით.
მიმდინარეობს მწვავე, ხშირად დაუნდობელი დისკუსიები მომავალი არჩევნების თაობაზე, რაც საერთო ჯამში, ნორმალური მოვლენაა. ამავე დროს, რევოლუციის აჩრდილმა და მაქსიმალისტურმა ლოზუნგმა "ზეგ ხელისუფლება შეიცვლება!", ჩვენი თეატრალიზებული პოლიტიკური კულუარების სიღრმეებში გადაინაცვლა. ეს ჩვენი კოლექტიური აზროვნების მისასალმებელი ცვლილებაა. ამ ცვლილებას, ჩემი აზრით, აშკარად შეუწყო ხელი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენამ, რომელმაც ეს მარათონი იმ განცხადებით დაიწყო, რომ მისთვის სიტყვა "რევოლუცია" ყოვლად მიუღებელია. მისი შემდგომი განცხადებებიც ამ თეზისს ადასტურებენ. ის პოლიტიკური ჯგუფიც, რომელზეც მან გააკეთა არჩევანი, აშკარად ევოლუციური, ლიბერალური კატეგორიებით აზროვნებს. იმედი მაქვს ,ამ დადებით გარემოებას ხელისუფლებაშიც ხედავენ და აცნობიერებენ, მიუხედავად მათი მხრიდან ივანიშვილის მწვავე კრიტიკისა.
ჩვენი საზოგადოების გუნება-განწყობილებაზე, შეიძლება ზოგჯერ ქვეცნობიერადაც, უთუოდ იმოქმედა მიმდინარე წელს არაბულ ქვეყნებში მომხდარმა რევოლუციურმა ცვლილებებმა, რომლებიც ოპტიმისტურად დაიწყო, მაგრამ ფრიად დრამატულად გრძელდება. ამ რევოლუციებს მისდევს "მისამღერი": რევოლუცია თავში რომანტიულია, ბოლოში კი ტრაგიკული. გამოცდილებაცა და რეალობაც იმას გვკარნახობს, რომ დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება და ზოგადად წინსვლა მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა შევძლოთ.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საშინაო პოლიტიკაში 2012 წელს?
- საქართველოზე გარეშე ფაქტორების გავლენა დიდია, მაგრამ ჩვენზე ბევრია დამოკიდებული იმ თვალსაზრისით, თუ როგორ გამოვიყენებთ საზოგადოებრივი აზრისა და ფასეულობების ზემოხსენებულ ცვლილებებს. დღეისათვის საზოგადოებაში არჩევნების მიმართ ნდობამ აშკარად იმატა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ნდობის რეალიზებას, ანუ ჩავატარებთ მაღალი ხარისხის არჩევნებს, მაშინ მომავალი წლის ბოლოსთვის ჩვენ ყველანი ალბათ, უკეთეს ქვეყანაში აღმოვჩნდებით. ისეთ ქვეყნაში, რომლის მოქალაქეები, შინაც და გარეთაც, იამაყებენ და თუნდაც იტრაბახებენ იმით, რომ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს შვილები და პატრონები არიან. თუ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ... არ მინდა ახალი წლის დამდეგს ხასიათი გაგიფუჭოთ.
- თქვენი აზრით, რამდენად მართებულია მტკიცება, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას ასეთი არჩევანი ექნება – ან სააკაშვილი, ან ივანიშვილი? და კიდევ, რამდენად სავარაუდოა პოლიტიკურ ასპარეზზე სერიოზული მესამე ძალის გამოჩენა?
- მე მხოლოდ დადებითად ვუყურებ ამ ოპოზიციური სპექტრის გამსხვილების პროცესს. იმდენი პარტია რაც ჩვენშია, მგონი მილიარდიან ინდოეთშიც არ არის. თუკი მართლაც ჩამოყალიბდება რამდენიმე პოლიტიკური ძალა, რომლებიც რეალურად წარმოაჩენენ პოლიტიკურ სამ – მემარჯვენე, მემარცხენე და ცენტრისტულ მიმართულებასა და იდეოლოგიას, ეს ჩვენი დაღვინების და გასერიოზულების მაცნე იქნება. დღემდე კი ასე იყო: პეტრეს პარტია, პავლეს პარტია და ა.შ.
მომავალი არჩევნების მთავარ მოთამაშეთა კონტურები უკვე გამოიკვეთა და რაიმე დიდი სიურპრიზი მგონი მოსალოდნელი არ არის. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და ამას ყველა უნდა შეეგუოს. პირადად მე იმას ვურჩევდი ხელისუფლებას და აღნიშნულ გუნდსაც, რათა იფიქრონ ერთმანეთთან კომუნიკაციის არხის ჩამოყალიბებაზე, რათა მოხდეს ელემენტარული წინასაარჩევნო თამაშის წესების შეჯერება. შეიძლება ეს რჩევა ვიღაცას ინფანტილურად მოეჩვენოს, მაგრამ სერიოზული ხალხი ასე იქცევა. ნუ დაგვავიწყდებათ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და მეზობლები, მრავალ მიზეზთა გამო, ეხლა განსაკუთრებული ყურადღებით გვაკვირდებიან.
- როგორ შეაფასებდით საერთაშორისო ასპარეზზე 2011 წელს განვითარებულ პროცესებს და როგორი იყო იგი საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით?
- მსოფლიო ისე სწრაფად იცვლება, რომ დღევანდელობას ჯერ სახელიც ვერ შეურჩიეს. 1990-იანი წლები იყო "ცივი ომის" შემდგომი პერიოდი, ერთპოლარულ სამყაროს კი ჰყავდა გამოკვეთილი ლიდერი - აშშ. მერე დაიწყო მრავალპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბება და ეს პროცესი სულ უფრო შემდგომი ფრაგმენტაციის, დაქუცმაცების ხასიათს იძენს. თვით ცალკეულ პოლუსებში, ვთქვათ ევროკავშირში, იქმნება ახალი კონფიგურაციები განსაკუთრებული ინტერესების მიხედვით.
აშშ-აც აღარ აქვს პრეტენზია ერთპიროვნული ლიდერობისა. იყო წინასწარმეტყველება იმის თაობაზე, რომ "ცივი ომის" ეპოქის იდეოლოგიათა დაპირისპირებას "ცივილიზაციათა შეჯახება" შეცვლიდა. ან პირიქით, რომ მალე ლიბერალური დემოკრატია მსოფლიოში საყოველთაოდ გაიმარჯვებდა და ამგვარად "ისტორია დასრულდებოდა". ვერც ერთმა ამ პროგნოზმა ბოლომდე ვერ გაამართლა, თუმცა ორივე ხედვა რაღაც ნაწილში ჩვენს თვალწინ რეალობად იქცა.
კერძოდ, არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები და მათთან დასავლეთის დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ცივილიზაციურ დაპირისპირებათა ერთგვარი გამოხატულებაა, ხოლო მეორე მხრივ, უნივერსალურ, გლობალურ ფასეულობათა გავრცელების დასტური. მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც არაერთგვაროვანი პროცესები მიმდინარეობს. როგორ "მოიხარშება" ყოველივე ეს, ჯერ ძნელი სათქმელია. ზბიგნევ ბრზეჟინსკის ტერმინს თუ გამოვიყენებთ, მსოფლიომ გამოიღვიძა, ყველა თავისი უფლებებისთვის იბრძვის, ეს უფლებები კი ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და რეალურად არსებულ რესურსებთან. ანუ, ყველას უნდა კარგად იცხოვროს, მაგრამ ამის რესურსები მსოფლიოში სულ უფრო ნაკლებია და რთულად მოსაპოვებელი. დღეს ყველას უჭირს! ასეთ რთულ სამყაროში უწევს ჩვენს მცირე ქვეყანას გზის გაკაფვა და თავისი მიზნების მიღწევა.
ამ ვითარებაში მიმდინარე წელს იყო გარკვეული მოძრაობა ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების თვალსაზრისით. ეს მისასალმებელია. მაგრამ რეალური გარღვევა და მდგომარეობის ჩვენს სასარგებლოდ შემოტრიალება ჯერ ვერ მოხერხდა. მხედველობაში მაქვს ჩვენი მთავარი ამოცანაც – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ვიცით, რომ ამ მიზნებს ერთბაშად ვერ მივაღწევთ, მაგრამ პროცესთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში ბევრი კითხვა და გაურკვევლობაა.
- თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები საერთაშორისო ასპარეზზე? და კიდევ, სავარაუდოდ, როგორი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით? რას შეიძლება ველოდოთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილისში ვიზიტისა და ჩიკაგოს ნატო-ს სამიტისაგან?
- მომავალ წელს მოწყენის საშუალება ნამდვილად არ მოგვეცემა. მოსალოდნელი არჩევნების გამო 2012 წელი, როგორც მინიმუმ, დინამიური იქნება საქარველოსთვის, ასევე მეზობელი რუსეთისა და სომხეთისთვის, აშშ-სთვის (მოგეხსენებათ, ამ ქვეყნებშიც არჩევნებია). დიდი იმედი მაქვს, რომ არ იმატებს დაძაბულობა ჩვენს სამეზობლოში. მხედველობაში მაქვს აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობები, ჩრდილო კავკასია და რა თქმა უნდა, ირანი. ამ უკანასკნელთან მიმართებაში შესაძლო სამხედრო აქციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. მინდა დავიჯერო, რომ ამას ყველა აცნობიერებს და გამოუსწორებელ შეცდომას არ დაუშვებენ. ასევე ვიმედოვნებ, რომ შეუქცევად ხასიათს მიიღებს ეკონომიკური სტაბილიზაციის პროცესი ევროკავშირში, რაც ასევე ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებშია. კარგი იქნება, თუ მოხდება უკრაინის დაახლოება ევროკავშირთან და საერთოდ მისი დასავლური ვექტორის გაძლიერება.
რაც შეეხება კლინტონის უდავოდ მეტად მნიშვნელოვან ვიზიტს. ალბათ, განხილულ საკითხთა შორის იქნება ის უმთავრესი პრობლემები, რომლებიც გათვალისწინებულია 2009 წელს გაფორმებული აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიითა და ამ ქარტიის ფარგლებში შექმნილი მექანიზმის ყურადღების მთავარი საგანია. უპირველესად, ეს გახლავთ ჩვენთვის უაღრესად აქტუალური უშიშროების თემა, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე მრავალმხრივი, ანუ საერთაშორისო ინსტიტუტების საქმიანობის კონტექსტში. ამ საკითხთან არის დაკავშირებული ნატო-სთან ჩვენი შემდგომი დაახლოების სურვილი და კერძოდ, ჩიკაგოს მომავალი სამიტი. მიჭირს იმის პროგნოზირება, თუ რას უნდა ველოდოთ ალიანსის ამ სამიტისგან. შეიძლება ჯერ არც აშშ და ნატო-ს სხვა წევრი ქვეყნები იყვნენ ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულნი. აღნიშნულ სამიტამდე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებია და, გვსურს თუ არ გვსურს, ამ მოვლენაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
აშშ-ის სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის დროს ალბათ, განიხილავენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების პრობლემებს. ჩემი აზრით, ქ-ნი კლინტონი ხაზგასმით ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას, რათა არ გაიმეოროს კრემლის მიერ არჩევნებამდე და შემდეგ დაშვებული უხეში შეცდომები. იმედი მაქვს, ამ მეგობრულ და პრინციპულ რჩევა-გაფრთხილებას მთელი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან.
- სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების შემდეგ რუსეთში განვითარებული პროცესები იმაზე მიანიშნებს, რომ 2012 წლის მარტისთვის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვითარება რუსეთში კიდევ უფრო დაიძაბება? თქვენი შეფასებით, სავარაუდოდ როგორ განვითარდება პროცესები რუსეთში?
- ის რაც დღეს მოსკოვში ხდება, აშკარად მიუთითებს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. საზოგადოებამ ნამდვილად გამოიღვიძა და რეალურ დემოკრატიულ ცვლილებებს ითხოვს. აცნობიერებს რა ამ ახალ ვითარებას, პუტინის რეჟიმი აშკარად ნერვიულობს და დაჩქარებულად კომპრომისულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ჯერ უცნობია, თუ რამდენად დააკმაყოფილებს ეს ნაბიჯები საპროტესტო მოთხოვნებს. რუსეთში შექმნილი ახალი ვითარება სერიოზულ დაკვირვებას და ანალიზს ითხოვს. ჩემი აზრით, პუტინს ძალიან გაუჭირდება კიდევ 6 წელი რუსეთის მართვა, მისი ავტორიტეტი ძალიან შეილახა და ეს დიდი ფსიქოლოგიური გარდატეხაა.
- თქვენი აზრით, თუ რუსეთში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა, როგორი უნდა იყოს ოფიციალური თბილისის რეაქცია?
- არავის არ უნდა მივცეთ "ისრის ჩვენზე გადმოტანის" საბაბი. ცუდად ჩატარებული საკუთარი არჩევნები და საზოგადოების პროტესტი რუსეთის მთავრობამ უკვე ხომ დააბრალა ჰილარი კლინტონს? შემდეგ შეიძლება იმ მეზობელი ქვეყნების ძიებაც დაიწყონ, რომლებიც "რევოლუციის ექსპორტს" ცდილობენ რუსეთში ან ხელს უწყობენ ტერორიზმს. მოგეხსენებათ, ასეთი მინიშნებები უკვე კეთდება მოსკოვში. სიფრთხილეს თავი არ სტკივაო - ეს ეხება როგორც ჩვენს აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას. ბუნებრივია, ამ მიმართულებით მუდმივად გვჭირდება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.
ამასთანავე, ჩემი დაკვირვებით, გონიერების ზღვარს ცდება ჩვენი ოფიციოზისა და ტელეპროპაგანდის მიერ რუსეთის ხელისუფლების კრიტიკის მასშტაბები, ხისტი ფორმა და შინაარსი. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს პროპაგანდა მოსახლეობაში საპირისპირო ეფექტს არ იწვევს? ნებისმიერი ობიექტური კრიტიკა მისაღებია, მაგრამ უფრო ზომიერი და გააზრებული დოზირებით.
დასასრულს ერთი "იდილიური გადახვევის" უფლებას მივცემ ჩემს თავს... უნივერსიტეტში სტუდენტებს ვუკითხავ ასეთ ერთ ლექციას თემაზე "როგორ შეიძლება აქციო მოყვარე მტრად". მაგალითისთვის მომყავს რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ბოლო 20 წლის მანძილზე. მართლაც ქრესტომათიული მონდომება იყო საჭირო იმისთვის, რათა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დღევანდელ მდგომარეობამდე დასულიყო. არც ჩვენ დავაკელით არაფერი, მაგრამ მოსკოვის როლი მაინც გამორჩეული და საარაკოა.
ვნახოთ, იქნებ ახალმა წელმა მოგვიტანოს რაიმე სიახლე ამ პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლის თვალსაზრისით.
718
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85