იაგო ნაცვლიშვილი, “რეზონანსი“
26 მაისის აქციის დაშლის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა,-ნათქვამია საიას დასკვნაში, რომელმაც ამ საკითხზე თავის 128-გვერდიანი კვლევის პრეზენტაცია გუშინ გამართა.
ანგარიშის მიხედვით, დაღუპულებს შორის 4 მომიტინგეა - ნოდარ ცხადაძე, ნიკა კვინტრაძე, სულიკო ასათიანი და თემურ კაპანაძე და ერთი პოლიციელი - ვლადიმერ მასურაშვილი. აქვე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ აქციის დაშლა იმგავარად დაგეგმა და განახორციელა, რომ აქციის მონაწილეების სიცოცხლის ხელყოფისა და დაზიანების პრევენცია არ მოახდინა, რაც ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) შესაბამისად პოზიტიური ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.
"სამართალდამცავები ხელბორკილდადებულ და ძირს დაგდებულ აქციის მონაწილეებს ხელკეტებს ურტყამდნენ, ხოლო სპეცრაზმი თავისა და სახის არეში ახლო მანძილიდან, დამიზნებით რეზინის ტყვიებს ესროდა. უკვე დაკავებული დემონსტრანტები არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას დაექვემდებარნენ. სამართალდამცავები განსაკუთრებული სისასტიკით იმ ადამიანებს გაუსწორდნენ, რომლებმაც გასასვლელების არარსებობის გამო თავი კინოთეატრ "რუსთაველს" შეაფარეს," - ეს არის ამონარიდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ მომზადებული ანგარიშიდან.
საია 26 მაისის აქციის დარბევის საკითხები დეტალურად შეისწავლა და 128-გვერდიანი ანაგრიში მოამზადა, რომლის პრეზენტაციაც გუშინ სასტუმროში "ჰოლიდეი ინ" გაიმართა. ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის აშკარა გადამეტებას ჰქონდა ადგილი და აქციის დაშლა არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა.ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯერ კიდევ 26 მაისის მოვლენებამდე მოხდა იმ პირების დაკავება, ვინც აქციებში უშუალოდ მონაწილეობდა. სულ ასეთი 96 შემთხვევა დაფიქსირდა. საუბარი 7 მაისს რუსთავში გამართულ აქციაზე და 21 მაისის ბათუმის აქციაზეა.
"როგორც ფაქტების ანალიზმა აჩვენა, აღნიშნულ პირთა დაკავების პროცესი განსაკუთრებით ინტენსიური 21 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა. ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს, რომ ძირითად შემთხვევებში მათი დაკავება უშუალოდ იმ მომენტში ხდებოდა, როდესაც ისინი შეკრების თავისუფლებით სარგებლობდნენ," - ნათქვამია ანგარიშში.
"ანგარიშის პირველ თავში ყურადღება იმაზეა გამახვილებული, რაც 26 მაისის აქციის დაშლას წინ უძღოდა. ანუ ეს ეხება აქციის ორგანიზატორების მასიურ დაპატიმრებებს, ასევე საუბარია რუსთავში გამართულ აქციაზე, სადაც პოლიციამ აგენტის მეშვეობით ძალადობრივი პროვოცირება მოახდინა, მაშინ აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ლევან ჩიტაძემ პოლიციელს გაარტყა. იმ დროს ლევან ჩიტაძესთან ერთად სახალხო კრების კიდევ რამდენიმე წარმომადგენელიც დააკავეს. ანგარიშში საუბარი საპყრობილეში ლევან ჩიტაძის მიმართ არასათანადო მოპყრობაზეცაა საუბარი," - უთხრა "რეზონანსს" საიას იურისტმა გიორგი გოცირიძემ.
საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი აცხადებს, რომ 26 მაისის მოვლენების წინა პერიოდში დაკავებულების ბრალეულობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებით დასტურდებოდა.
"26 მაისის მოვლენებამდე დაახლოებით 90 ადამიანი დააკავეს, ჩვენ რამდენიმე საქმე შევისწავლეთ და მათ მიმართ წაყენებული ბრალდებები საკმაოდ აბსურდულად გამოიყურებოდა. მაგალითად ეს ადამიანები საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და უმისამართოდ იგინებოდნენ, რასაც მხოლოდ პოლიციელის ჩვენება ადასტურებდა."
საიას ანგარიშის მიხედვით აქციის დაშლის პროცესი პოლიციამ ისე დაგეგმა, რომ ოპერაცია მარეგულირებელ საერთაშორისო სტანდარტებს გასცდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიციამ მომიტინგეებს ღია დერეფანი არ დაუტოვა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემდა, ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინათ. აქვე ნათქვამია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
"აქციის დაშლის ოპერაცია შსს-მ ისე დაგეგმა, რომ მან აქციის მონაწილეების სიცოცხლის ხელყოფისა და ჯანმრთელობის დაზიანების პრევენცია არ მოახდინა", - აღნიშნულია ანგარიშში.
თამარ ჩუგოშვილი: "ანგარიშში რა თქმა უნდა შესულია უშუალოდ აქციის დაშლის მომენტები და პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. აქციის დაშლა ისე იყო ორგანიზებული, ადამიანებს ვერ დაეტოვებინათ ტერიტორია. ეს ისეთი ტიპის დარღვევაა, რომელზეც გამოძიება უნდა დაიწყოს და იმ პირების სისხლის სამრთლის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ოპერაცია დაგეგმა. ასეთი დარღვევები დაუსჯელობის სინდრომის გაღვივებას იწვევს და ეს უკვე მერამდენად ხდება."
გიორგი გოცირიძე: "ანგარიშში ყურადღება იმაზეც არის გამახვილებული, თუ რამდენად სამართლიანი იყო საპროტესტო აქციის დაშლა. მთლიანობაში აქცია მშვიდობიანი იყო, თუ შეფიცულთა ცალკეულ მოქმედებებს არ ჩავთვლით. საპროტესტო აქციაში ხელისუფლების ჩარევა, აშკარად არაპროპორციული იყო. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციის დროს ხელისუფლებამ არავითარი გასასვლელი არ დატოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხელისუფლებამ აქციის დაშლის ყველა საშუალება - ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, რეზინის ხელკეტი და ტყვიები - ერთდროულად გამოიყენა. ამ დროს არანაირი თანმიმდევრობა და გრადაცია არ იყო დაცული."
პოლიციის მიერ ძალის გადამეტება ანგარიშში განსაკუთრებით არის აქცენტირებული. მასში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები ხელბორკილდადებულ და ძირს დაგდებულ აქციის მონაწილეებს ხელკეტებს ურტყამდნენ, ხოლო სპეცრაზმი თავისა და სახის არეში ახლო მანძილიდან, დამიზნებით რეზინის ტყვიებს ესროდა. ანგარიშის თანახმად სამართალდამცავები განსაკუთრებული სისასტიკით იმ ადამიანებს გაუსწორდნენ, რომლებმაც თავი კინოთეატრ "რუსთაველს" შეაფარეს.
გიორგი გოცირიძე "რეზონანსთან" ყურადღებას ძალის ინდივიდუალურ გადამეტებაზეც აკეთებს.
"ანგარიშში ძალის ინდივიდუალურ გადამეტებაზეც კეთდება აქცენტი, მაგალითად იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელი ახლო მანძილიდან მანიფესტატნტს რეზინის ტყვიას დამიზნებით ესროდა. ასევე საუბარია აქციაზე მყოფი ბავშვის მიმართ ძალის გადამეტებაზე."
საიას დასკვნაში ნათქვამია, რომ აქციის დაშლის დროს 5 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის 4 მომიტინგე - ნოდარ ცხადაძე, ნიკა კვინტრაძე, სულიკო ასათიანი და თემურ კაპანაძე და ერთი პოლიციელი - ვლადიმერ მასურაშვილი. აქვე ნათქვამია, რომ სახელმწიფომ აქციის დაშლა იმგავარად დაგეგმა და განახორციელა, რომ აქციის მონაწილეების სიცოცხლის ხელყოფისა და დაზიანების პრევენცია არ მოახდინა. რაც ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) შესაბამისად პოზიტიური ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს.
ჩუგოშვილი და გოცირიძე კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებითაც აკეთებენ. გოცირიძის შეფასებით პოლიციელებისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობა არაადეკვატური იყო. ჩუგოშვილის თქმით, როდესაც დანაშაულს სამართალდამცავი ჩადის და მას შსს იძიებს, ეს არასწორია, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება.
გიორგი გოცირიძე: "პოლიციელების მიერ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით დისციპლინური პასუხიმგებლობა ადეკავტური არ იყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება უნდა აწარმოოს."
თამარ ჩუგოშვილი: "მაშინ როდესაც დანაშაულს პოლიცია ჩადის და ამ საქმეს შსს იძიებს, ეს არასწორია, რადგან ინტერესთა კონფლიქტი იკვეთება. ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. მას უნდა იძიებდეს პროკურატურა და არა შსს. აქციის დროს ისეთი სერიოზულ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, როგორიც გარდაცვალებაა, იგი პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას მოჰყვა. მას შსს იკვლევდა და ეს აშკარა ინტერესთა კონფლიქტის საგანია. თანაც შსს განცხადებებს მტკიცებულებების გამოქვეყნებამდე ავრცელებდნენ. აქედან გამომდინარე ობიექტური გამოძიების ჩატარება შეუძლებელია."
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ჟურნალისტების პროფესიული მოვალეობისთვის ხელის შეშლაზეც. კერძოდ ნათქვამია, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი მედიის წარმომადგენელებთან მიმართებაშიც ჰქონდა.
"მედიასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული პრობლემები იყო ართმევდნენ კამერებსა და ფოტო-აპარატებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ნიშნები, რომ ისინი პრესის წარმომადგენლები იყვნენ", - დასძინა ჩუგოშვილმა "რეზონანსთან". საიას თავმჯდომარეს ვეკითხებით, რომ სახალხო კრების მიმართ თუ არის რაიმე კრიტიკული შენიშვნა ანგარიშში, რაზეც ის ასე გვპასუხობს:
"ანგარიშში ყველა გარემოება გვაქვს შეფასებული, მათ შორის აქციის დაშლის ფორმალური საფუძვლები. ფორმალურად აქციის დაშლის საფუძვლები არსებობდა, მაგრამ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება იმდენად მასიური იყო, რომ ამან ეს ფორმალური საფუძვლები სრულად გადაფარა".
ანგარიშში ასევე ისიც არის ნათქვამი, რომ დაკავებული ადამიანები, როდესაც პოლიციეს სამმართველოში გადაიყვანეს, მათ მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს იქაც ჰქონდა ადგილი. ანგარიშის პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში დაკავებულებს სასმელ წყალსაც კი არ აწვდიდნენ.
როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, ანგარიშს პირველ რიგში სახელისუფლებო უწყებებს გაუგზავნიან, შემდეგ კი ყველა დაინტერესებულ პირს. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
"იანვარში საქართველოს გაეროს სპეციალური მომხსენებელი ეწვევა და ჩვენს ანგარიშს მასაც გადავცემთ", - აღნიშნა საიას თავმჯდომარემ.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ როგორც არასამთავრობოების ასევე შსს-სა და სახალხო კრების წარმომადგენელბი. "რეზონანსი" ნონა გაფრინდაშვილსა და უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. შსს-ს წარმომადგენელმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა.
უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის თავმჯდომარე: "ანგარიშში შესულია ყველაფერი ის, რაც ისედაც ყველასთვის ცხადი იყო, საიამ ანგარიში მაისის ბოლოსაც მოამზადა და იქიდან ბევრი რამეა გამეორებული. სამწუხაროა, რომ ამ ხნის მანძილზე არც ერთი დამნაშავის დასჯა არ მომხდარა. ამ შემთხვევაში თანამდებობის იმ პირებზე ვსაუბრობ, რომლებმაც ეს ოპერაცია დაგეგმეს და განახორციელეს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ სერიოზულ დარღვევებს ადგილი არა მარტო დარბევის დროს ჰქონდა, არამედ მისი დაგეგმვის პროცესშიც. ეს ყოველივე დანაშაულია, რაც გამოძიებული უნდა იყოს. ეს ანგარიში თაროზე შემოსადები არ არის, აქ მოყვანილ კონკრეტულ ფაქტებზე ხელისუფლებამ რაიმე რეგირება უნდა მოახდინოს."
ნონა გაფრინდაშვილი, "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი: "მიხარია, რომ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ბოლომდე ასრულებენ. აქ ცალკეული პირების საქმეზე კი არაა ლაპარაკი, არამედ საქართველოს გადარჩენაზე. ანგარიშით ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორ შეიძლება კმაყოფილება არ გამოვთქვა, როდესაც ანგარიშში სიმართლეა ასახული."
1403
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85