თეატრებს ივანიშვილის დაფინანსებაზე უარის თქმას აიძულებენ, აცხადებენ მსახიობები

თეატრებს ივანიშვილის დაფინანსებაზე უარის თქმას აიძულებენ, აცხადებენ მსახიობები


თეატრების მმართველებმა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარი თქვეს, - კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკა რურუას ამ განცხადებას მსახიობთა ნაწილი სიცრუეს უწოდებს. თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობის, ნინელი ჭანკვეტაძის თქმით, კულტურის სამინისტრომ თეატრის მმართველებს თავად მოსთხოვა, რომ "ქართუ" ფონდიდან დაფინანსებაზე უარი თქვან და თუკი მისი თეატრი სამინისტროს მოთხოვნას გაითვალისწინებს, მსახიობები ამას არ შეეგუებიან.

რეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით, "თუ ბატონი ბიძინა ჩააყენეს იმ მდგომარეობაში, რომ დახმარებები ვეღარ გასცეს, მაშინ მადლობას გადავუხდით, რაც გაგვიკეთა და გავჩერდებით, მაგრამ თუკი მმართველები იტყვიან, რომ არ გვინდა დაფინანსება, ამას არ შევეგუებით".

"მსახიობებს ძალიან გაუჭირდებათ და ამაზე ძალიან დიდი პროტესტი იქნება. თუ არა, აი ნახავთ! ბატონი ბიძინა წლებია მსახიობებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს და სხვა ადამიანებს ეხმარება და თუკი ხალხს ამაზე უარი ათქმევინეს, ბევრს ძალიან გაუჭირდება. ჩემნს თეატრში მე, ნინელი ჭანკვეტაძეს, ზურა ყიფშიძეს, გოგა პიპინაშვილს და გია კაპანაძეს 2 ათასლარიანი ინდივიდუალური დახმარება გვაქვს და ამაზე უარს ვერავინ გვათქმევინებს."დღეს, ნანი ბრეგვაძესაც ველაპარაკე და ნანიმაც თქვა, ვერავინ მაიძულებს ივანიშვილის დაფინანსებაზე უარის თქმას და სადაც საჭირო იქნება, ამას ყველგან ვიტყვიო," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში დოლიძე.

ნიკა რურუამ კი სააგენტო "ინტერპრესნიუსათან" განმარტა, რომ სამინისტროს მხრიდან იძულება არ ყოფილა, თეატრების მმართველებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდება.

"თეატრის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არ აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულნი და თავისი არტისტული დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, უარი ეთქვათ ბატონი ივანიშვილის ფონდის დაფინანსებაზე. ტრადიციულად, ისინი ყოველი წლის დასაწყისში ფონდს წერილით მიმართავდნენ და შემდეგ ის ამ მოთხოვნის საფუძველზე გამოყოფდა კონკრეტულ თანხას. წელს თეატრების უმრავლესობა ასეთ მიმართვას აღარ გააკეთებს. ეს მათი გადაწყვეტილებაა და არავის დაუძალებია," - ამბობს რურუა.

მისივე თქმით, თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ივანიშვილის დახმარება შეუჩერდებათ, მათ შემწეობას სახელმწიფო გააგრძელებს, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა. თანაც, როგორც მინისტრი აღნიშნავს, თეატრების დახმარების საკითხში "ივანიშვილის ფაქტორი ძალიან პატარა მომენტია".

"ყველა თეატრალური დასის და სახელოვნებო ინიციატივების ძირითადი დამფინანსებელი ყოველთვის სახელმწიფო იყო. ივანიშვილის ქველმოქმედების წილი ცოტა არ იყოს, გამუქებულია , შემიძლია, ეს მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა.

"რა თქმა უნდა, ადამიანი როცა ნებაყოფლობით აკეთებ ამას, მისასალმებელია, მაგრამ როცა მევახშე ითხოვს ანგარიშს და ვალში ითხოვს მთელ ქვეყანას, თუნდაც 2-3 წლით, ეს უკვე ქველმოქმედება აღარაა.

"...შეიძლება ამას უწოდო გულის მოგება, შეიძლება მოსყიდვა, ყველაფერი - გარდა ქველმოქმედებისა. როცა ქველმოქმედი მიდიხარ პოლიტიკაში, ვისაც აქამდე ეხმარებოდი ვითომცდა უანგაროდ, მას უხერხულ მდგომარეობაში აყენებ და ის თავს ვალდებულად გრძნობს, შენს გვერდით დადგეს, თუნდაც ეს სულ არ უნდოდეს. ეს უხერხულობა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სახეზეა," - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა.

რეჟისორი ქეთი დოლიძე რურუას პასუხად აცხადებს, რომ "ძალიან უხერხულია, როცა მინისტრი რურუა ამბობს, რომ თურმე თეატრების მიმართ ივანიშვილის დახმარების წვლილი ძალიან ცოტაა, ხელისუფლების წვლილთან შედარებით.

"კინომსახიობთა თეატრში მსახიობთა საშუალო ხელფასი 300 ლარია. სხვა თეატრებში 600-700 ლარი. ივანიშვილი კი ორჯერ და ბევრს სამჯერ მეტს დაფინანსებას აძლევდა. პირადად მე 2 000 ლარს მიხდიდა. მსახიობებს ძალიან გაუჭირდებათ", - განმატავს დოლიძე.

მისი თქმით, ორი დღის წინ ყველა სახელმწიფო თეატრის მმართველები კულტურის სამინისტროში დაიბარეს. იქ, ავთო ვარსიმაშვლის გარდა ყველა თეატრის მმართველი იყო და 2012 წლის თეატრების ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა. სწორედ ამ განხილვას მოჰყვა სამინისტროს "რეკომენდაცია" "ქართუ" ფონდიდან დახმარების ფული აღარ მიიღოთ, იანვრიდან დახმარებაზე განაცხადი არ დაწეროთ, რადგან ეს როგორც მოსყიდვა, ისე აღიქმებაო.

ქეთი დოლიძე: "შეხვედრაზე მინისტრი არ ყოფილა. მინისტრის მოადგილემ თქვა, ახალი კანონი უნდა შემოვიღოთ, რომლის შემდეგაც ივანიშვილის ქველმოქმედება როგორც მოსყიდვა, ისე წაიკითხებაო. თქვენ საჯარო პირები ხართ და უარი უნდა განაცხადოთო.

"დღეს ვიყავი თეატრში და ჩემი მმართველი ზურა გეწაძე მეუბნებოდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მხოლოდ შემოთავაზება იყო და ღმერთმა ნუ ქნას იძულებული გავხდეთ "ქართუ" ფონდიდან დახმარება ვერ მივიღოთო.

"რადგან ყველა მმართველი კულტურის მინისტრის მიერ არიან დანიშნულები და სახელისუფლბო გუნდის დავალების შემსრულებლები არიან, მათ თავისუფალ ნებაზე ლაპარაკი არ არსებობს. ძალიან საშინელ დღეში არიან ჩავარდნილები. ვიცი, რომ ყველა ძალიან შეწუხებული იყო, იმ მმართველებს ზოგს მსახიობზე მეტი დახმარება აქვთ."

მისივე თქმით, სამინისტრში მმართველებს უთხრეს, რომ ივანიშვილის დახმარეაზე უარის თქმის ნაცვლად მათ ხელფასებს 20%-ით გაუზრდიდნენ.

"ბოლოს უთხრეს, 20%-ს მოგიმატებთო. 20% რა არის, 60 ლარი? ან, არ გამაცინოთ, რისი მომმატებლები არიან ესენი.

"ვიმეორებ, რომ თუ იძულება არ იქნება, არც ერთი მმართველი ამას თავისი ნებით არ გააკეთებს. ერთადერთი ვიცი, რომ ზაალ ჩიქობავა უპასუხოდ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. ერთხელ განაცხადა კიდეც - რა ვიცი, მე, რუსათველის თეატრის მმართველი ვამბობ, რომ თუ ეს პოლიტიკას შეეხება, ალბათ მეც ვიტყვი უარსო. ჩიქობავა იტყვის უარს, რაც რობიკო სტურუაზე გააკეთა, ამის შემდეგ რა უნდა გამიკვირდეს?! მას ყურადღების გარეშე არავინ დატოვებს, პირველ რიგში კულტურის მინისტრი დაუფასებს, ამაში დარწმუნებული ვარ.

ისე, ძალიან კი მინდა, რომ ივანიშვილის ნაცვლად გვიხადონ ის თანხა, რომ გაკოტრდნენ და მაშინ ხულიო იგლესიასს ვერ ჩამოიყვანენ," - აცხადებს დოლიძე.

ნინელი ჭანკვეტაძე ამბობს, რომ კულტურის სამინისტროში მმართველების დაბარება და ასე ვთქვათ, გაფრთხილება, ივანიშვილის დახმარებაზე უარის თქმაზე, მასაც სმენია.

"მომავალი წლიდან ივანიშვილის დაფინანსებაზე უარი თქვით და ჩვენ გაგიზრით ბიუჯეტსო. ჯერჯერობით მხოლოდ ეს ვიცი. ჩვენ ველოდებით მოვლენებს, რა და როგორ მოხდება და თუკი თეატრის ხელმძღვაელობას ფონდის მხრიდან დაფინანსებაზე უარს ათქმევინებენ, ამას გავაპროტესტებთ. ალბათ, კრებაც დაინიშნება, რადგან ეს წარმოუდგენელია.

"ნიკა რურუა რასაც აცხადებს, მტკნარი სიცრუეა. ჩვენს თეატრში მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ნიკა რურუას რა უფლება აქვს, მსგავსი განცხადება სხვისი სახელით აკეთოს?! თუ მან და ჩვენ თეატრის მმართველობამ მსგავსი გადაწყვეტილება ჩვენს გარეშე მიიღეს, ამას შესაბამისი რეაქცია აუცილებლად ექნება. თუკი კულტურის სამინისტრო მსახიობებს დაფინანსებაზე უარს ათქვემინებს, კეთილი ინებოს და დღესვე, რა თანხითაც ივანიშვლი თეატრს ეხმარებოდა, ზუსტად იმ თანხით და იმ გადანაწილებით გადაიხადონ ხელფასები. ახლავე გააფორმოს თეატრებთან მინიმუმ 3-წლიანი კონტრაქტი. თუმცა მათ ამის შესალებლობა არ გააჩნიათ და ამიტომაც ეს არის მტკნარი სიცრუე. არც ერთი მსახიობი, არც ერთი ადამიანი ამ დახმარებაზე უარს არ იტყვის", - ამბობს ჭანკვეტაძე.

მისი თქმით, "ტყუილია ისიც, რომ კულტურის სამინისტრო უფრო მეტ თანხას იხდიდა, ვიდრე ივანიშვილი.

ნინელი ჭანკვეტაძე: "ტყუილია, რასაც რურუა ამბობს. თანაც, რურუა საკუთარი ჯიბიდან არ გვიხდიდა თანხას, ეს სახელმწიფო თეატრია და რომელიმე ჩინოვნიკის პირადი თანხა არ მიგვიღია. სახელმწიფო სწორედ მაგისთვის არსებობს, რომ ადამიანებს ხელფასი უნდა უხადოს.

"მსახიობის საშუალო ხელფასი 300 ლარია. ივანიშვილის დახმარება ყველასათვის ხელფასთან შედარებით მეტი იყო. თავის ქველმოქმედებით ადამიანებს ისეთი პირობა შეუქმნა, როგორსაც ისინი იმსახურებდნენ და არა ისეთი, როგორსაც ამ ხალხს ხელისუფლება სთავაზობდა.

"ალბათ, ეს ტენდენცია არა მარტო მსახიობებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს და ყველა იმ ადამიანს შეეხება, ვისაც ბიძინა ივანიშვილი ეხმარებოდა.

"მტკნარი სიცრუეა ისიც, როცა ამბობენ, რომ ივანიშვილს თავი გაანებეთ და ხელფასს ჩვენ გადაგიხდითო. თუკი ეს შეეძლოთ, სად იყვნენ მანამდე?! ივანიშვილის განცხადებამდეც უჭირდა ამ ხალხს და ხელისუფლებას მათზე ადრე უნდა ეზრუნა. კბილის გათეთრების არ იყოს, გადამიხადოთ ნორმალური ხელფასი და ჰოლივუდურად გავიღიმებ თუ საერთოდ დავიცლი კბილებს, ეს ჩემი პირადი საქმეა. იძულებით გაღიმებული ადამიანები მე სხვა დაწესებულებაში მინახავს და რატომ მოგვიწოდებენ აქეთკენ, ჩემთვის მიუღებელია.

"ხელისუფლებამ ყველას უნდა მოუმატოს ხელფასი, იმიტომ, რომ ეს თანხები კაცმა არ იცის რაში იყრება. თუკი გონზე მოვიდნენ და ამ უცნაურ პომპეზურ გართობებზე გადასაყრელ თანხას ხელფასების მომატებაზე დახარჯავენ, მივესალმები, მაგრამ ეს ივანიშვილის დაფინანსესთან წინააღმდეგობაში არ მოდის და ქველმოქმედი ადამიანი ვის როგორ დაემარება, ეს ხელისუფლების საქმე არ არის".

სოხუმის თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი, მსახიობი დიმა ჯაიანი ამბობს, რომ ის იმ ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნება, ვისაც ივანიშვლი ეხმარებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა თვლის, რომ "არც ერთმა თეატრმა ამ ქველმოქმედებზე უარი არ უნდა თქვას და თეატრების ყველა მმართველმა, ვისაც დახმარებაზე უარის თქმას აიძელებენ, მმართველობიდან უნდა წავიდეს".

"განა რა არის თეატრის მმართველობა, რომ ამ ადგილის შენარჩუნება მთელი დასის გადამტერებად გიღირდეს. გარდა ამისა, თუკი უნდათ, რომ კაცად დარჩნენ, უნდა წავიდნენ," - აცხადებს ჯაიანი.