"რეზონანსისა" და "ახალი თაობის" მასალების მიხედვით
"თბილისი საქალაქო სასამართლო ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს - სასამართლომ ივანიშვილისა და მისი მეუღლის მიერ შეტანილი საჩივრის განხილვა გუშინ დაასრულა. ეს იქნება არა მხოლოდ სამართლებრივი აქტი, არამედ ამ ხელისუფლების პოლიტიკური პოზიციაც, იქნება თუ არა მისი ნაბიჯები ივანიშვილთან მიმართებით სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ივანიშვილისა და მისი მეუღლის საქმეზე განაჩენი 27 დეკემბერს გამოცხადდება.
"როგორც ივანიშვილის ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე მხარეთა საბოლოო სიტყვები მოისმინეს - "ჩვენ სასამართლო პროცესზე შევძელით იმის დასაუთება, რომ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააკაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მიმართ გამოცემული ბრძანებულება იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვისაუბრეთ ევროპული სასასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, რომელიც დაარღვია პრეზიდენტმა სააკაშვილმა. მოსამართლე გეწაძემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - პრეზიდენტი გადაარჩინოს თუ კანონისა და სამართლიანობის იმიჯი. მე ვფიქრობ, სასამართლო დგას უსერიოზულესი არჩევანის წინაშე. ეს არის ძალიან სერიოზული ტესტი, რადგან ეს არ არის მხოლოდ ორი მოქალაქის საკითხი, არამედ ეს არის საზოგადოების ლეგიტიმური ინტერესი, რომელსაც სურს თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში", - ამბობს ეკა ბესელია. მისსივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მოქალაქეობის ჩამორთმევამ სხვა უფლებების დარღვევაც გამოიწვია", - აღნიშნავს გამოცემა.
"სრულად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ბრძანებულება, თუმცა ვფიქრობ, რომ მოსამართლე არ დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას. არაერთი დოკუმენტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება უკანონოა. ეს შეეხება როგორც პროცედურულ, ასევე სხვა სახის დარღვევებს", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ივანიშვილი პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართავს / "დიდი ალბათობით, არ დაველოდებით სასამართლო პროცესების დასრულებას და პარალელურ რეჟიმში მოვითხოვთ მოქალაქეობის მინიჭებას".
"პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, რომ მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მინიჭებული პირს ჩამოართვას, რადგან ასეთი რამ არც ერთ კანონში არ წერია. თუმცა, რომც ითვალისწინებდეს ამას, უნდა ყოფილიყო ჩამორთმევის წესი დაცული – პირს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებამდე. ივანიშვილის შემთხვევაში კი მსგავსი არაფერი მომხდარა, გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის განმავლობაში იქნა მიღებული… ამასთან, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმას, რომ სააკაშვილი არა მარტო ქვეყნის მეთაურია, არამედ არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და ივანიშვილი მის ოპონენტად იყო აღქმული. ასევე საუბარი გვქონდა ევროკავშირის კონვენციასთან პრეზიდენტის გადაწყვეტილების შეუთავსებლობაზე, რადგან ევროსასამართლო გმობს პოლიტიკური ნიშნით ადამიანისთვის საარჩევნო უფლების გაუქმებას – ეს არის არასრული ჩამონათვალი ომ არგუმენტებისა, რომელიც ჩვენ პროცესზე დავაყენეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ კბილაშვილი.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ისიც სკეპტიკურად არის განწყობილი სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვეულებრივ გავასაჩივრებთ სხვა ინსტანციაში და მეორე ის, რომ როგორც ცნობილია, მოქალაქეობის მიღების სხვა საშუალებაც არსებობს – პრეზიდენტს მოვმართავთ განცხადებით მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ყველა მექანიზმი იქნება გამოყენებული, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ უარყოფითი განაჩენი იქნება გამოტანილი", - დასძენს ადვოკატი და შეკითხვას – "უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს განცხადებით როდის მიმართავთ - ეს იქნება უახლოეს მომავალში თუ სასამართლო ინსტანციების გავლის შემდეგ?" - პასუხობს:
"ერთი მეორეს ხელს არ უშლის - დიდი ალბათობით არ დაველოდებით სასამართლო პროცესების დასრულებას და პარალელურ რეჟიმში მოვითხოვთ მოქალაქეობის მინიჭებას".
736
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85