"ვერსიის" მასალების მიხედვით
"ქართული ოცნების" მთავარ ამოცანას საზოგადოებრივი და არა პოლიტიკური საკითხები წარმოადგენს. დღეს საზოგადოების მხრიდან არც ხელისუფლების მონიტორინგი ხორციელდება, ამიტომაც ამ სივრცის ათვისებაა აუცილებელი. ჩვენ ვმუშაობთ იმ თემებზე, რაც მომავალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს – ეკოლოგიიდან დაწყებული, ეკონომიკითა და სპორტით დამთავრებული. გვესმის, რომ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი ინიციატივები საზოგადოებას მაქსიმალურად უნდა მოვაწოდოთ, რაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის პირობებში რთული იქნება. თანაც ახლა შავი დრაკონის წელი მოდის და ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებიც შავი დრაკონის სახელწოდებას შეესაბამება. დრაკონის წელიწადში დრაკონული კანონები – ეს არის წინასაახალწლოდ ხელისუფლების მესიჯი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი, პოეტი რატი ამაღლობელი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "დრაკონული კანონები დრაკონის წელიწადში – ეს არის ხელისუფლების წინასაახალწლო მესიჯი!? / მიდის თუ არა პოლიტიკაში, გაუნაწყენდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი და რა წამალი აქვს "ხელისუფლების სპეცნაზის წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის" რატი ამაღლობელს.
"ამ პირობებში მუშაობა რთულია. ხელისუფლება გვეუბნება, რომ კერძო ფულის ხარჯვა უნდა იზღუდებოდეს… საოცარია, არ მახსენდება ქვეყანა, სადაც ადამიანებს საკუთარი ფულის ხარჯვის საშუალება არ ეძლევათ მაშინ, როცა ჩვეულებრივი მოქალაქის შრომით გადახდილი გადასახადებით, ლაზიკა უნდა აშენდეს…პირადად ჩემთვის, ამ შემთხვევაში საზოგადოების აქტივობაა აუცილებელი თუ ამისთვის საზიგადოება მზად იქნება – პირადად მე მზაობა უკვე გამოვთქვი. მე პოლიტიკოსი არ ვარ და ყოველთვის საზოგადოებრივი მოძრაობის ნაწილი ვიქნები. ჩემი სურვილია, საქართველოში პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდეს, რასაც აბსოლუტური ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი მიხეილ სააკაშვილი ხელს უშლის. პოლიტიკურ პროცესებში კონკურენციის გაჩენაა ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამიტომაც ვდგავარ იქ, სადაც პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდა. კონკრეტულად მოძრაობის გეგმებს ვერ გაგიმხელთ, ამ ყველაფერზე უახლოეს მომავალში იქნება საუბარი. ჩვენი მიზანი ნაციონალური მოძრაობის ცალ კარში თამაშის დასრულებაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რატი ამაღლობელი.
"აუცილებელია საზოგადოებაში არჩევნებისადმი ნდობაც გავზარდოთ, შევძლოთ მედიის გახსნა და საერთოდ, ვიცხოვროთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის არჩევანი მნიშვნელოვანია. მთავარია, ამ შემთხვევაში რა არჩევანს შესთავაზებს ხელისუფლება საზოგადოებას – მიბაძავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი ჯორჯ ვაშინგტონს, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლებაში დარჩენას ეხვეწებოდა, მაგრამ ძალაუფლება ვადის ამოწურვის შემდეგ შეიზღუდა, თუ ვლადიმერ პუტინს დაემსგავსება. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ შედეგების მიღწევა ტოტალიტარული სისტემის პირობებში, არათუ მოქნილობა, ბუნებრივი განძრევაც კი რთულია, მაგრამ ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, როცა ინტერნეტის საშუალებით ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება და როცა სიტყვას თავისი ძალა აქვს. სოფელ-სოფელ ვაპირებთ სიარულს, რათა მოსახლეობას დემოკრატიისა და სახელმწიფოს ნამდვილ ღირებულებებზე ვესაუბროთ. ხელისუფლება იმისთვის არ გვჭირდება, სამ წელიწადში ერთხელ სამადლოდ 30-ლარიანი ვაუჩერი დაგვირიგოს. სახელმწიფოსთვის ადამიანი არ არის მთავარი ღირებულება – ვარდების რევოლუციის შემდეგ იგი მთლიანად იგნორირებულია", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით არაფერი ვიცი, რადგან მე სულ სხვა მიმართულებით ვმუშაობ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი განათლებაა, რაც, ვფიქრობ, საქართველოსთვის მთავარი კაპიტალდაბანდება უნდა გახდეს. ქართველებმა თანამედროვე სამყაროს სწორედ განათლებით უნდა გავუწიოთ კონკურენცია. ჩემი აზრით, საქართველოს შეუძლია რეგიონში ყველაზე ეფექტური განათლების სისტემა შექმნას და მთლიანად ახლო თუ შორეული მეზობელი ქვეყნებიდან ადამიანები მოიზიდოს. ნამდვილად მინდა, თბილისი მაღალი დონის ფესტივალებისა და გამოფენების, ასევე საუნივერსიტეტო ქალაქი გახდეს.. მართალია, ეს ამბიციაა, მაგრამ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში მისი რეალობად ქცევა შესაძლებელია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობ პროფესიონალებთან, რომელთა ვინაობას ჯერჯერობით ვერ გაგიმხელთ. გაეტყვით, რომ პრეზენტაცია მალე გაიმართება", - დასძენს რატი ამაღლობელი და შეკითხვას – "სანამ თქვენ აქტიურად მუშაობთ, სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ივანიშვილთან ურთიერთობა გაგიფუჭდათ და არც ბანკეტზე დაგპატიჟათ..." – პასუხობს:
"ამ მდარე ხარისხის ანტიჟურნალისტურ საკითხზე ნამდვილად არ მინდა საუბარი, გულწრფელად გეუბნებით, რასაც ზონდერ საინფორმაციო საშუალებები ახორციელებენ, მარაზმი და ტრაგედიაა. გაოგნებული ვარ მათი ფანტაზიით. ადამიანს მსგავსი ჰალუცინაციები და სისულელეები მაშინ აწუხებს, როცა მაღალი სიცხე აქვს – დაახლოებით ასეთ ჰიპერტროფირებულ თემებთან გვაქვს საქმე. ამ ანტიპროპაგანდის პრევენციისთვის აუცილებელია, "ქართული ოცნება" მაქსიმალურად ღია გახდეს. უნდა შევეცადოთ საზოგადოებისთვის. შეძლებისდაგვარად, გამჭვირვალე ვიყოთ. იმედი მაქვს, ამას ძალიან მალე შევძლებთ. სხვა წამალი ხელისუფლების სპეცნაზის წარმომადგენელი ჟურნალისტებისთვის არ არსებობს. არაფერი დასამალი არ მაქვს, ბიძინა ივანიშვილთან კულტურის პოლიტიკასა და საზოგადოებაში მის როლზე, ყოველდღიურად ვსაუბრობ. როგორც გითხარით. ჩემს მიმართულებას, იდეებისა და სამუშაოების პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება".
927
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85