დიდი ბრიტანეთი სულ 650 საარჩევნო რეგიონად იყოფა საპარლამენტო ადგილების მიხედვით. საერთო ეროვნული არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება და ხმას აძლევს ყველა, ვისაც 18 წელი შეუსრულდა, გარდა დამნაშავეებისა და ფსიქიურად ავადმყოფებისა. ზოგიერთი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, არჩევნებში მონაწილეობა ბრიტანეთში არ არის სავალდებულო. თუმცა, ბრიტანელები მაღალი სამოქალაქო ცნობიერებით გამოირჩევიან და არჩევნებზე დადიან. მაგალითად, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს, 70%-ს მიაღწია. შესაძლოა ამის მიზეზია ის, რომ ხმის მიცემის პროცედურა მარტივი და მოსახერხებელია.
ამა თუ იმ პარტიისთვის ხმის მიცემა ბრიტანელებს სამი სხვადასხვა გზით შეუძლიათ: ფოსტით, ახლობელს გაატანონ შევსებული ბიულეტენი ან თვითონ მივიდნენ საარჩევნო უბანში.
სხვათა შორის, არჩევნები ბრიტანეთში ტარდება არა უქმეებზე, არამედ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს – ოთხშაბათს. საარჩევნო უბნები ღიაა დილის 7-დან საღამოს 10 საათამდე, და მოსახლეობის უმრავლესობა ხმას აძლევს გზაზე – სამსახურისკენ ან შინ დაბრუნებისას.
მაგრამ სწორედ ამის გამო შეიძლება წარმოიშვას სირთულეები. მაგალითად, უკანასკნელ არჩევნებზე ხმის მიცემა ვერ შეძლო ათასობით ამომრჩეველმა, რომლებიც საარჩევნო უბნებზე გვიან ღამით მივიდნენ. კანონის მიხედვით კი საარჩევნო უბნის კარი ზუსტად 10 საათზე უნდა დაიხუროს. ზოგიერთი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ხრიკებსაც კი მიმართა, რათა ადამიანებისთვის ხმის მიცემის საშუალება მიეცათ. მთელი რიგი შეუშვეს უბანში და ამომრჩევლები ხმას დახურულ კარის მიღმა აძლევდნენ. თუმცა სხვა საარჩევნო უბნებზე საქმე ჩხუბამდეც კი მივიდა და პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.
უბნებზე მოქალაქეები საარჩევნო ბარათებით მიდიან, ეს ბარათები კი რიგდება ფოსტის საშუალებით არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე. არჩევნების დღეს უბნის წინ შეიძლება ნებისმიერი პარტიის დამკვირვებლებს შეხვდეთ. ჩვეულებრივ, ისინი ეკითხებიან მოქალაქეებს სახელს და მისამართს. ამომრჩევლები არ არიან ვალდებულნი უპასუხონ მათ, განსხვავებით საარჩევნო კომისიის წევრებისგან. თუმცა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა აუცილებელი არ არის, საჭიროა მხოლოდ საარჩევნო ბარათის ქონა.
არანაირი ვებკამერა ხმის მიცემის დარბაზში არ არის. ბრიტანელები პატიოსან სიტყვას მეტად ენდობიან, ვიდრე უახლეს ტექნიკას საარჩევნო უბნებზე. სხვათა შორის, ელექტრონული ურნები აქ არასდროს არ გამოიყენებოდა. ინგლისელები ხმის მიცემისას შევსებულ ფურცლებს ჩვეულებრივ ხის ყუთში ყრიან. სავარაუდოდ, ბრიტანელები ელექტრონული ურნების გამოყენების იდეაზე საერთოდ უარს იტყვიან. ამგვარი ურნების მიმართ ნდობა დასავლეთში არ არის.
გასული წლის მაისში ამერიკელმა სტუდენტებმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან შეძლეს პატარა მოწყობილობის საშუალებით მიერთებოდნენ ურნებს, რომლებიც ინდოეთში იყო დამონტაჟებული. ახალგაზრდებმა შედეგების შეცვლა მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეძლეს.
ამ ისტორიის შემდეგ ელექტრონული ურნების დაყენების იდეაზე უარი თქვეს
ირლანდიაში, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ამ ქვეყანას
უკვე შესყიდული ჰქონდა 7 ათასი ერთეული, რაზედაც 51 მლნ ევრო დაიხარჯა. თუმცაღა, 8
წლის განმავლობაში ტექნიკა არ გამოუყენებიათ. გარდა ამისა 3 მლნ. ევრო დაიხარჯა
მათ შენახვაზე. ამჟამად მთავრობა ეძებს ვარიანტებს, თუ როგორ მოახერხონ
ელექტრონული ურნების უტილიზება.