მოსწავლეებს სკოლა-პანსიონებში გამოკეტავენ, მშობლებს 1000-1000 ლარით დააჯარიმებენ

მოსწავლეებს სკოლა-პანსიონებში გამოკეტავენ, მშობლებს 1000-1000 ლარით დააჯარიმებენ


"პარლამენტში ისეთ კანონს იღებენ, რომელიც სკოლას ნამდვილ სადამსჯელო დაწესებულებად აქცევს. ცელქი მოსწავლეები ე.წ. გადამისამართებას დაექვემდებარებიან, რაც მათ სპეცსკოლაში თვეობით გამოკეტვას ნიშნავს. ბავშვების გარდა, სანქციები არ ასცდებათ მშობლებსაც - ისინი შესაძლოა ათასობით ლარით დააჯარიმონ. კანონპროექტი საპარლამენტო ოპოზიციას არ მოსწონს. ჯონდი ბაღათურიამ პროექტზე სამსჯელოდ არასამთავრობო და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მიიწვია. სხდომას ესწრებოდა უფლებათა დამცველი გიორგი თევზაძეც, რომელმაც კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნებიც მოამზადა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით შაშკინი სკოლებს ციხეებად გადააკეთებს?! / მოსწავლეებს სკოლა-პანსიონებში გამოკეტავენ, მშობლებს 1000-1000 ლარით დააჯარიმებენ.

"დაგეგმილი სიახლეები 10-18 წლის ასაკის მოსწავლეებს ეხებათ. იქმნება მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს, რომელი ბავშვები უნდა გაიგზავნონ ანუ გადამისამართდნენ ე.წ. სკოლა-პანსიონში. პროექტის თანახმად, ეს ემუქრებათ ე.წ. დევიანტური ქცევის ბავშვებს. დოკუმენტის თანახმად, ასეთი საქციელი გამოიხატება რთულ ან ანტისაზოგადოებრივ ქცევაში, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს და ვლინდება არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში. მულტიდისციპლური ჯგუფი ცხრა წევრისგან დაკომპლექტდება, რომლის შემადგენლობაში შევლენ სოციალური მუშაკები, იურისტები, პედაგოგები და ბავშვთა ფსიქოლოგები. ჯგუფის თავმჯდომარესა და წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დანიშნავს", - აღნიშნავს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ თუკი მშობელი მისი შვილის პანსიონში გაგზავნაზე თანხმობას არ განაცხადებს, დაჯარიმდება. პირველ ეტაპზე ჯარიმა 500 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი ყოველ ჯერზე - 1000 ლარი. მშობელს შეუძლია, არასრულწლოვნის სკოლა-პანსიონში გადამისამართების ან იქ ყოფნის ვადის გაგრძელების შესახებ მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმავე ორგანოში გაასაჩივროს, თუმცა გასაჩივრება მიღებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას არ ითვალისწინებს, ანუ ბავშვი მაინც გაიგზავნება სპეციალურ სკოლაში. გიორგი თევზაძეს ეს ყველაფერი არასწორად მიაჩნია - მისი განცხადებით, შესაძლოა სრულიად უდანაშაულო ბავშვი, სანამ სიმართლე გაირკვევა, რამდენიმე თვის განმავლობაში სულ ტყუილად ამყოფონ პანსიონში. მისივე შეფასებით, კანონპროექტის შინაარსი ზოგადად საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. ამასთან ლახავს საერთასორისო კანონმდებლობას თუ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, რომელიც ოჯახის ერთიანობისკენაა მოწოდებული, აქ კი საუბარია ბავშვის ოჯახიდან მოცილებაზე", - დასძენს გამოცემა.

"თევზაძის აზრით, კანონპროექტის მიხედვით ბავშვის კრიმინალიზაცია ხდება, ის ითრგუნება და მომავალში შეიძლება მართლაც გადადგას არაკანონიერი ნაბიჯი, ხოლო მთელი მისი ოჯახი განწირულია - უფლებათა დამცველს იმედი აქვს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტში ჩადებულ საფრთხეებს აცნობიერებენ და ასეთი ფორმით მის მიღებას არ დაუშვებენ..." - წერს სტატიის ავტორი.