"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ქართული ოცნების" იურიდიული ჯგუფის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი გუშინ სასტუმრო "თბილისი მერიოტში" დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ქუცნაშვილმა ელჩებს საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის მოქლაქეობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე დიპკორპუსის წარმომადგენლებს ივანიშვილის გუნდის წევრებმა განუმარტეს, რა ვითარებაა ბანკ "ქართუსთან" დაკავშირებით, რა პრობლემები ექმნება ივანიშვილის სახელზე გამოგზავნილ ტვირთებს საბაჟოზე და რა კამპანია ხორციელდება მას შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე, რაც მან 7 ოქტომბერს ღიად განაცხადა, რომ პოლიტიკაში მიდის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რა უთხრეს ელჩებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა / ზაქარია ქუცნაშვილი: "მე მაქვს სიმართლის იმედი, ჩემი იურიდიული ჯგუფის წევრების იმედი და იმის იმედი, რომ სამართალი ყოველთვის გაიმარჯვებს".
"ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე 2004 წლის ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები საგამონაკლისო წესით არიან. პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ რადგან ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მიიღო, ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ კანონი დაარღვიეს, თუმცა ეს განმარტება უკანონოა, რადგან ამგვარი აკრძალვები ვრცელდება მხოლოდ ერთმაგი მოქალაქისთვის, ხელისუფლებას კი სურს, რაც აკრძალულია ერთმაგი მოქალაქისთვის, აეკრძალოს მულტიმოქალაქეს. დავის საგანი სწორედ ის არის, რომ არ შეიძლება ერთმაგი მოქალაქისთვის დაწესებული აკრძალვა მულტიმოქალაქეზეც გავრცელდეს. როდესაც პრეზიდენტის წარმომადგენელს ვკითხეთ, რატომ შეეხო მოქალაქეობის შეწყვეტა ეკატერინე ხვედელიძეს, რომელსაც უკვე 2004 წელს ჰქონდა ორმაგი მოქალაქეობა ან რატომ არ შეეხოთ მოქალაქეობის შეწყვეტა შვილებს, მან გვიპასუხა, რომ ბავშვები არ აინტერესებთ... დიპკორპუსის წარმომადგნელებს ჩვენ გავაცანით ის პრობლემატური საკითხები, რაც წარმოიშვა ბიძინა ივანიშვილის 7 ოქტომბის განცხადების მერე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი.
"კერძოდ, მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი მისთვის და მისი მეუღლისთვის. ბანკი "ქართუს" წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რომ ბანკის საქმიანობის პარალიზება მოხდეს. ასევე ქართუ ჯგუფის იმპორირებული პროდუქტის საბაჟოზე დაზიანების შესახებ - იცით, რომ მეორე კვირაა, რა პროდუქციაც კი შემოდის ბიძინა ივანიშვილის სახელზე, ყველაფერს აზიანებენ საბაჟოს თანამშრომლები, რის გამოც ეს ნივთები გამოუსადეგარი ხდება. ჩვენ არ გვაქვს აეროპორტში და საბაჟო ტერმინალში მუდმივი კონტროლის განხორციელების საშუალება და ისინი აფუჭებენ იმ ნივთებს, რაც ჩვენია. ასევე პრობლემაა გენერალ თამაზაშვილის საქმე, რომელიც გახლავთ ივანიშვილის ერთ-ერთი მრჩევლის სიმამრი და ცრუ ბრალდებით დაიჭირეს, თითქოს იარაღი შეიძინა უკანონოდ, რაც არ შეესაბამება სიმართლეს - აი, ამ ფაქტებზე გვქონდა საუბარი ელჩებთან", - დასძენს რესპონდენტი.
"იყო რამდენიმე შეკითხვა დიპლომატების მხრიდან, მაგრამ თავს შევიკავებდი მათი შეკითხვების დასახელებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ დიპლომატებთან შეხვედრა დახურული იყო და არ დავარღვევ ეთიკის ნორმებს. რაც შეეხება მოქალაქეობის აღდგენას - თუ სამართლებრივი თვალსაზრისით ვიმსჯელებთ, მოქლაქეობის დაბრუნების 100% აუცილებლობაა, იმიტომ რომ ჩვენ სამართლებრივი არგუმენტები საშუალებას გვაძლევს რომ პირდაპირ დავასაბუთოთ მოქალაქეობის აღდგენის აუცილებლობა. მულტიმოქალაქეზე ის აკრძალვები, რაც ივანიშვილის და მისი მეუღლის წინააღმდეგ გამოიყენეს, არაკანონიერია, რადგან მულტიმოქალაქეზე ეს აკრძალვები არ ვრცელდება. პრეზიდენტმა ბოროტად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და წაართვა ივანიშვილს და მის მეუღლეს ის, რისი წართმევის უფლებაც არ ჰქონდა", - აცხადებს ზაქარია ქუცნაშილი და შეკითხვას - "თუკი თავიდანვე უკანონოდ მოხდა ეს, ახლა რატომ გგონიათ რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს?" - პასუხობს:
"მე მაქვს სიმართლის იმედი, ჩემი იურიდიული ჯგუფის წევრების იმედი და იმის იმედი, რომ სამართალი ყოველთვის გაიმარჯვებს".
706
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85